ძალადობა ცუდია, მაგრამ…

ფეისბუქზე რომ ვიყო, ამ სტატუსს აუცილებლად დავალაიქ-დავაშეარებდი. რაკი ფეისბუქისგან ვისვენებ, ბლოგზე გადავპოსტავ.

DZ-FB

ვის და მე ნამდვილად არ მჭირდება იმის მტკიცება, თუ რა ცუდი ხელისუფლება იყო ნაციონალური მოძრაობა და რა ცუდი საქმეები აკეთეს. ბოლო რვა წელიწადი მათთან ბრძოლის მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე. იგივე ნაცმოძრაობა სხვას კი არაფერს ამბობდა, როდესაც აგვისტოს ომის გამო საკუთარ პასუხისმგებლობას არ ცნობდა . “აბა ის კაი იყო თქვენ რომ გვცემდით” ტიპის არგუმენტზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ნორმალური ხელისუფლება იმით განსხვავდება დიქტატურისგან, რომ თუნდაც პროვოცირებული ძალადობა არ დაუშვას და შეფასებების დროს – “ძალადობა ცუდია მაგრამ” ტიპის ფრაზეოლოგია არ გამოიყენოს. თუ გვინდა წარსულის მემკვიდრეობას გავემიჯნოთ, ასე უნდა მოვიქცეთ, თუ არადა, წავალ კიდევ ერთ წრეზე და აღარ მინდა! მთელი ცხოვრება გავიდა ამ წრებრუნვაში!”

განა იმიტომ გადავპოსტავ, რომ ყველაფერში ვეთანხმები (თუნდაც აგვისტოს ომის მიზეზებზე განსხვავებული აზრი მაქვს და ამ ომსაც რუსეთის აგრესია ჰქვია ჩემთვის), მაგრამ დავით ზურაბიშვილი ქოცების ერთიანი სიით არჩეული დეპუტატი და ქოცების ხელისუფლების მაღალჩინოსანია და თავის დროზე ნაცმოსაც რომ არ განედევნა კოალიციიდან ასეთი კრიტიკოსები – მათი და ქვეყნის საქმეც უკეთესად იქნებოდა. პრეზიდენტ სააკაშვილს რომ არ შეერისხა ყველა, ვინც სტრატეგიულად მისი მოკავშირე იყო, მაგრამ ტაქტიკურ საკითხებში არ ეთანხმებოდა, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის საქმეც უკეთესად იქნებოდა.

სხვა ამბავია, რომ სრულიად დარწმუნებული ვარ, სხვაგვარად მოაზროვნეებს იგივე ბედი ელით ქოცებში რაც ნაცებში დაემართათ და არც პრემიერი ივანიშვილი ჰგავს კაცს, განსხვავებულ აზრს რომ იგუებს.

ასეთია ქართული პარადოქსი. ან, ეგებ, პარადოქსიც არ იყოს. ჩვენთან ხომ ექსპერტი უკვე “გამპრავებლის” სინონიმია; უფლებადამცველი ჰქვია მას, ვინც მხოლოდ საკუთარი და თავისი მომხრეების უფლებებს იცავს; ხელისუფალი კი ისაა, ვინც ყველაფერში მართალია და მხოლოდ ისაა მართალი, ვინც ხელისუფალია.

გონიერნი სხვის შეცდომებზე სწავლობენო, ბრიყვნი – საკუთარზეო და ჩვენ ვინ ვართ ასეთი, რა ხალხი ვართ, სად ვწერივართ, რომ ვერც სხვის შეცდომებზე ვსწავლობთ და ვერც საკუთარზე?

მართლაც გავიდა ცხოვრება ამ წრებრუნვაში!

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)