Red Alert: რუსები მოდიან!

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “რუსულ საუზმეს” დაესწრო და რუს ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა. როგორც მედიიდან შევიტყვეთ, სხვათა გარდა ის ესაუბრა ბატონ ჩუბაისს, “ლუკოილისა” და “რუსჰიდროს” ხელმძღვანელებს.

ქართული დელეგაციის წევრებმა, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პერტაიამ განსაკუთრებულად აღნიშნეს რუსული ინვესტიციების მნიშვნელობა. კერძოდ, ბატონმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რუსულ კომპანიებთან ურთიერთობის განახლება აუცილებელია, ეს სასარგებლოა საქართველოს ეკონომიკისთვის, იმისათვის, რომ შეიქმნას დასაქმება ჩვენს ქვეყანაში. ბატონ პერტაიას ცნობით კი საინვესტიციო სააგენტო თბილისში ბიზნეს ფორუმს გამართავს, სადაც რუსულ კომპანიებს მოიწვევენ და ამ ფორუმში რუსული კომპანიების „სერიოზული გადაწყვეტილების მიმღები პირები“ მიიღებენ მონაწილეობას.

ძალიანაც კარგი. ვესპასიანესი არ იყოს, ფულს სუნი არ აქვს, მეტადრე, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც ჩვენი ქვეყანაა და იმ ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელმაც ევროპას დარია ხელი. მთავარი ისაა, ინვესტორი ქართული კანონმდებლობის ჩარჩოებში მოექცეს, რომ ეკონომიკური ბერკეტების ქვეყნის საზიანოდ გამოყენების საშუალება არ ჰქონდეს.

ეს ჩემი აზრია. მაგრამ ჩემზე უფრო კომპეტენტური ადამიანები, ქართული საექსპერტო დასის თვალწარმტაცი ლიდერები სულ სხვაგვარად ფიქრობენ. მაგალითად, გია ხუხაშვილი, რაც თავი მახსოვს, სულ იმას აცხადებს, რომ რუსული ფული თავისუფალი ფული არაა და მისი შემოდინება ქვეყანას საფრთხეს უქმნის, ვინაიდან ამით საქართველო ინტეგრირებული აღმოჩნდება რუსეთის ლიბერალურ იმპერიაში და საუბრები ევრო-ატლანტიკურ ვექტორზე კი ძალიან სასაცილო გახდება. (Civil.ge, 28 ივნისი, 2007 წელი) ექსპერტის თქმით, “გლობალიზაციის ეპოქაში საზღვრები, გარკვეულწილად, პირობით ხასიათს ატარებს და ქვეყანა შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთგვარი “ღია ტიპის სააქციო საზოგადოება”, შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთს პრაქტიკულად ქართული ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი აქვს.” (საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, 2010 წელი, დეკემბერი).

აგერ, სულ ერთი წლის წინაც განგაშის ზარებს არისხებდა, რომ რუსული ფულის შემოსვლა ქართულ ეკონომიკაში უნდა შეიზღუდოს, მეტადრე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი და კომუნიკაციები. “XXI საუკუნეში ქვეყნების ოკუპაცია მარტივი მეთოდებით არ ხდება და სულაც არ არის აუცილებელი ეს ტერიტორიების დაპყრობას ნიშნავდეს. ჩვენს დროში ქვეყანა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ღია ტიპის სააქციო საზოგადოება, სადაც თამაშის წესებს კარნახობს ის, ვისაც აქვს საკონტროლო პაკეტი. თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოში ენერგოდისტრიბუციას მთლიანად რუსეთი აკონტროლებს, ამასთან, მისი გენერაციის გარკვეულ ნაწილსაც, და თუ დავამატებთ კიდევ სხვა ინტერესებს ტელესაკომუნიკაციო სისტემებში, ოქროს ბიზნესში და ა.შ., საბოლოოდ მივიღებთ სურათს, რომ ჩვენ უკვე ოკუპირებული ვართ.” (“კვირის პალიტრა” 2012 წლის 25 იანვარი).

ბატონი გია რუსული ინვესტიციების თანმიმდევრული მოწინააღმდეგია, აქ დგას და სხვაგვარად არ ძალუძს, სწორედ ამიტომ, როდესაც მითხრეს “ბიზნეს კურიერში” გია ხუხაშვილი და კახა ბენდუქიძე იყვნენ მიწვეულებიო, “rustavi2.com.ge”-ს ჩავუჯექი და იმის სანახავად მოვემზადე, თუ როგორ ასროლინებდა ბატონი ხუხაშვილი კუდით ქვას მათ, ვინც ლამობს სააქციო საზოგადოება “საქართველოს” აქციების მორიგი პაკეტი ჩაახუტოს რუსებს, მაგრამ – ნურას უკაცრავად.

http://rustavi2.com.ge/news/video_progs.php?id_clip=5028&pr=Business%20Courier&l=31&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0

ან მე მჭირს ამნეზია. ან ბატონი გია გაიტაცეს და მის ნაცვლად რუსი ინვესტორების მიერ მართული კლონი შემოგვაპარეს. ან “რუსჰიდრო”-ს ენერგეტიკასთან ხელი არ აქვს და ტკბილეულის ან სათამაშოების ფაბრიკაა.

სხვათა შორის, ბატონმა ლადო პაპავამ 2007 წლის 27 ივნისს ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკურ ექსპანსიაზე დაფუძნებულ იმპერიას აშენებს, ამ გეგმის ფარგლებში, სომხეთის ეკონომიკას უკვე მთლიანად აკონტროლებს და საქართველოსა და აზერბაიჯანსაც იმასვე უპირებსო… კი მაგრამ ეს როგორ? აკი, სომხეთი მისაბაძი მაგალითიაო?

ვისოცკის ცნობილი სიმღერა თუ გახსოვთ? აი, ჟირაფმა რომ მაგარი მიქარა, მაგრამ დამნაშავე ჟირაფი კი არა თუთიყუში იყო, ჟირაფის მიქარულს რომ “აპრავებდა” მანამ, სანამ ჟირაფმა კისერი არ წაიმტვრია?

ჰოდა ეგრე რა…

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License. ___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)