1.
იყო ასეთი კაცი სახელად ანრი ფილიპ პეტენი, ფრანგი მარშალი, პირველი მსოფლიო ომის გმირი, რიცხოვნობით სამჯერ აღმატებული გერმანიის არმია რომ დაამარცხა ვერდენის ბრძოლაში და ამით პარიზი ოკუპაციისგან, სამშობლო კი კაპიტულაციისგან იხსნა… პეტენი, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებს რომ დანებდა, აქაოდა, ჩათრევას ჩაყოლა სჯობსო, კოლაბორაციონიზმის გზას დაადგა, ოკუპანტთან ბრძოლაზე ხელი აიღო და პროჰიტლერული ვიშის მთავრობის პრემიერ-მინისტრობა არჩია.
პეტენის მომხრეები ასე ამბობდნენ – რის მოღალატე და კოლაბორაციონისტი, საფრანგეთის არმიას რომ წინ უძღოდა, მაშინ თუ პატრიოტი იყო, ახლა გახდა კოლაბორაციონისტიო? დე გოლი არ იყო, პეტენის გვერდით რომ იბრძოდა და თავის ვაჟს მარშლის საპატივცემულოდ ფილიპი დაარქვაო? მაშინ ხომ კარგი კაცი იყო პეტენიო… ალბათ, ასე ამბობდნენ პეტენის მომხრენი.
არადა, მართლა ასე მოხდა. ორი ათეული წლის წინ პეტენი საფრანგეთის გმირი იყო და მზად იყო სიცოცხლე მისი თავისუფლებისთვის შეეწირა, ორი ათეული წლის შემდეგ, რა ეშმაკით არ ვიცი, მაგრამ კოლაბორაციონისტი და მოღალატე გახდა. სამხედრო დამნაშავე.
კიდევ იყო ერთი სხვა კაცი, გვარად ესკობარი. არც პეტენივით გმირი იყო, არც სამშობლოსთვის იბრძოდა იარაღით ხელში, სამაგიეროდ, დიდი ქველმოქმედი გახლდათ, მის მშობლიურ მედელინის მხარეში რას აღარ აკეთებდა – სკოლებს არემონტებდა, საავადმყოფოებს, ეკლესიებს აშენებდა, ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა, ზოგს – ფულით, ზოგს – მედიკამენტებით, ზოგს საქმე გამოუნახა, ზოგს შვილის განათლება დაუფინანსა… 40-მილიარდიანი ქონების პატრონი იყო და 2 მილიარდი ხალხს მოახმარა. არჩევნებში რომ მიეღო მონაწილეობა, უთუოდ გაიმარჯვებდა, ისე უყვარდა ყველას. მაგრამ ვინ აცალა – სტაცეს ხელი და ოთხ კედელში გამოკეტეს. ნარკომოვაჭრე ხარო. ეკლესიებს რომ აშენებდა და სკოლებს მაშინ ხომ კარგი კაცი იყოო? – ამბობდნენ მედელინში. ახლა გახდა ყაჩაღი და მაფიოზიო?
რას გაუგებ ამ ცხოვრებას, მაგრამ ეგეთები გვინახავს?
***
***
2.
როგორც ერთმა ქალბატონმა წაიმღერა, ეშმაკი დეტალებშია.
როდესაც ლამაზ-ლამაზ და ომახიან სიტყვებს ამბობ მეგობრობაზე, კეთილდღეობაზე, შემდეგ ჩამოხვალ ტრიბუნიდან და ფაშისტური გაზეთის კითხვით ტკბები – ეშმაკი ამ დეტალშია დამალული.
როდესაც ეთნოშუღლის გაღვივებისა და შეუწყნარებელი განცხადებების გამო რესპუბლიკური პარტიის კარიდან გაძევებულ მურმან დუმბაძეს ფანჯრიდან უკან შემოიყვან და გვერდით დაიყენებ, ეს დეტალია, სადაც ეშმაკია დამალული.
როდესაც დასავლეთთან ინტეგრაციასა და ნატოში გაწევრიანებაზე მელაპარაკები, მაგრამ გვერდს გუბაზ სანიკიძე გიმშვენებს, ვინც “ორი იმპერიის” თეორიის ავტორია ქართულ სინამდვილეში – აქაოდა, ორი ბოროტების იმპერიაა – აშშ და რუსეთი და მათგან თავი თანაბრად შორს უნდა დავიჭიროთო, ეშმაკი დამალულია ამ დეტალში.
როდესაც მემარჯვენე-ლიბერალ, მემარცხენე, ეთნოშოვინისტ და ანტიმედასავლეთე ძალებს ყველას ერთ ქვაბში ჩაყრი, ეს რუსულ ეროვნულ კერძსა ჰგავს, “სბორნი სალიანკა” რომ ჰქვია. უგემური რამეა. ამ სრულიად შეუთავსებელი იდეოლოგიის, რწმენისა და მიმართულების პოლიტიკური ძალების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია იმ ქაღალდის ფასიც არ ღირს, რაზეცაა ამობეჭდილი.
***
***
3.
გასულ საუკუნეში ტერმინი გაჩნდა ეგეთი – ფინლანდიზაცია. ფინეთი ვარშავის ბლოკში არ შესულა, მაგრამ სსრკ-ს მოთხოვნით ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, რეგიონში სსრკ-ს სტრატეგიული ინტერესები და პრივილეგიები ცნო და მის ფაქტობრივ სატელიტად იქცა.
“ოცნების” არგაცხადებული პროგრამა ამის მსგავსი ჩანს. ალბათ, სხვა გზას, თუარა ჩაყოლას, ვერ ხედავენ. დასავლეთის მხარდაჭერის არ სწამთ. რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებსა და პრივილეგიებს ვერ უპირისპირდებიან, ამიტომ – აღიარებენ. ფიქრობენ, რომ ხსნა საქართველოს ფინლანდიზაციაშია… (არ მგონია ყველა ასე ოცნებობდეს, მაგრამ ვინც ასე არ ოცნებობს და მაინც “ოცნებაშია” – იგივე რესპუბლიკელები – მას პარლამენტში მოხვედრად უღირს კოალიციაში ყოფნა).
ფინეთში იყო საბჭოური ცენზურა – “ანტისაბჭოთა” ფილმებს ეკრანზე არ უშვებდნენ, “ანტისაბჭოთა” წიგნებს არ გამოსცემდნენ, ფინური სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოს კი სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა და სსრკ კომპარტიის ცკ-ს იდეოლოგიური განყოფილების ნებართვა ჰქონდა.
ფინური პოლიტიკა კრემლიდან იმართებოდა, ფინეთის არჩევნებში იმარჯვებდა ის, ვისაც უფრო ძლიერი “კრიშა” ჰყავდა კრემლში – ამას თავად იმ ეპოქის ფინელი პოლიტიკოსები აღიარებენ… მაგრამ სსრკ-ს ფინეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიები არ დაუბრუნებია. მეტიც, ფინეთი იძულებული იყო კარელიის დაკარგვა იურიდიულად ეღიარებინა.
***
***
4.
“სბორნი სალიანკა” კარგი ცხოვრებით არ იხარშება. ჩვენ რომ უკეთესი ამომრჩევლები ვიყოთ, ვკითხულობდეთ პროგრამებსა და არამხოლოდ ლოზუნგებს ვუგდებდეთ ყურს, შავ-თეთრ ფერებში არ ვხედავდეთ ყველა ფერს, პარტიებიც იდეოლოგიისა და პროგრამის სიახლოვის მიხედვით დაჯგუფდებოდნენ.
ეს პოლარიზაცია დიდწილად ხელისუფლების ბრალიცაა, ვერც ის ხედავს “შუას”. ვერც ის ხედავს ფერებს. მისთვისაც გარემო შავ-თეთრია და ყველა, ვინც მას სრულად, უპირობოდ და ყველაფერში არ ეთანხმება – მტერია და უნდა გაიკრიფოს. ასე იყო აქამდე და მომავალში რა იქნება – ვნახავთ.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.