თბილისური ვაი-ფაი ჯანმრთელობისთვის საშიშია

ამის შესახებ ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, “მიუმხრობელ ექსპერტთა კლუბის” წევრი, ალმასხან ჯაჭვლიანი აცხადებს.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ მიზნად დაისახა, დედაქალაქში ხელი შეუწყოს კომუნიკაციის თავისუფლებას, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ხელმისაწვდომობას, რისთვისაც ახორციელებს პროექტს “თბილისი – ინტერნეტ-ქალაქი”.

”პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, სწრაფი და კომფორტული მომსახურებით სარგებლობა ქუჩებში, სკვერებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მანქანაში, ავტობუსში და მეტროში  იქნება შესაძლებელი. უფასო ინტერნეტით სარგებლობისთვის საკმარისია მომხმარებელმა ჩართოს კომპიუტერი, ტელეფონი ან სხვა მოწყობილობა, მოძებნოს ქსელი სახელწოდებით-Tbilisi Loves You და შევიდეს ქსელში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე,” – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში, მაგრამ ქართველი ექსპერტი პროექტისგან მომავალ საფრთხეზე საურობს:

– კომუნიკაციის თავისუფლებისა და განათლების ხელმისაწვდომობა აქ არაფერ შუაშია, – განმარტა ბატონმა ალმასხანმა, ქალაქში მონტაჟდება ფსი-ბეტა გამოსხივების ანტენები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის გონებაზე ზემოქმედება. მსგავს ექსპერიმენტებს ჯერ კიდევ ნაცისტურ გერმანიაში ახორციელებდნენ, ომის დამთავრების შემდეგ გერმანელი სპეციალისტები ამერიკელებმა ჩაიგდეს ხელთ და მათ “ცეერუ”-ს ლაბორატორიებში განაგრძეს მუშაობა. ეს ე.წ. “ფერადი რევოლუციები”, რომლებმაც ამერიკელი მარიონეტები მოიყვანა ხელისუფლებაში ბევრგან, მათ შორის – საქართველოში, სწორედ ამ გამოსხივების ზემოქმედების შედეგია.

ახლა ამათ დაგეგმილი აქვთ, არჩევნების დღეს იმოქმედონ ადამიანებზე და მათთვის სასურველი შედეგი მიიღონ. თბილისში ნაცმოძრაობას შანსი არ აქვს, სწორედ ამიტომ, მათმა ამერიკელმა უფროსებმა ეს ანტენები ჩამოიტანეს და ახლა ინტერნეტიზაციის საფარქვეშ ყველგან ამონტაჟებენ.

ბოლოს, ბატონმა ექსპერტმა გამოსავალზეც ისაუბრა:

– ჩემი მონაცემებით, ფსი-ბეტა გამოსხივებას აბრკოლებს ტრადიციული წესით გამოჭედილი ქართული მუზარადები. თუკი ვინმეს წინაპრებისგან შემორჩენილი სამხედრო აღჭურვილობა მოგეძებენებათ, გირჩევთ, არჩევნების დღეს მუზარადი მოირგოთ თავზე. თუ არადა ჩვეულებრივი რკინის ჩაფხუტიც გამოდგება, თუკი მას წინდაწინ მოძღვარს აკურთხებინებთ, – გვირჩევს ექსპერტი.

გონება მოვიკრიბოთ და ტვინებს გავუფრთხილდეთ, მეგობრებო!

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

%d bloggers like this: