თხუთმეტიოდ წლის წინ საქართველოში მაღაზიათა ქსელი “პატრიოტი” გამოჩნდა. ზოგს, ალბათ, გახსოვთ, ზოგსაც, ეგებ, გივაჭრიათ კიდეც. ჯერ ერთი მაღაზია იყო, შემდეგ კიდევ სხვებიც დაემატა. “პატრიოტი” იმიტომ ერქვა, რომ იქ მხოლოდ ქართული პროდუქცია იყიდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ. იმ მაღაზიაში ვინც შეიძენდა რამეს – პატრიოტი ხდებოდა. ეროვნული მრეწველობის მხარდამჭერი და ქომაგი.
ჩვენში ამ ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული მიმდევარი დღეს ბატონი გოგი თოფაძეა, თუმცა, იდეა ძველია, როგორც თვით სამყარო. ადგილობრივი წარმოება ხომ ქვეყნის სამსახურშია – ქმნის სამუშაო ადგილებს, ავსებს ბიუჯეტს, წინსვლას ემსახურება, იმპორტი კი გადამთიელ მეწარმეს ამდიდრებს – კარგად ნაცნობი არგუმენტებია. ვინ მოთვლის, რამდენჯერ მოგვისმენია.
სულ ახლახანს, ამერიკულმა АBC-მ რეპორტაჟების მთელი სერია მოამზადა პირობითი სახელწოდებით “შეიძინე ამერიკული” და ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთ უმთავრეს რეცეპტად ადგილობრივი პროდუქციის მხარდაჭერის იდეა გამოწერა. თუმცა, როდესაც ჩვენ თავად ვირჩევთ, რისი შეძენა გვსურს, პროდუქტი, რომელიც უხარისხოა და ძვირი – დახლზე რჩება და, ბოლოს, ბაზრიდანაც იდევნება, მაგრამ თუკი მეტ თანხას გადავიხდით რაღაც საქონელში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადგილობრივადაა წარმოებული, ნაკლები თანხა დაგვრჩება სხვა პროდუქტის ყიდვისთვის, რომელიც, სხვათა შორის, ასევე შეგვეძლო ადგილზე გვეწარმოებინა, მოთხოვნა რომ ყოფილიყო… ამგვარი “პატრიოტი” ყიდულობს ძვირად, ყიდულობს უხარისხოს და ადგილობრივ წარმოებას, წახალისების ნაცვლად, ხელსაც უშლის. სწორედ ამიტომ წერდა მე-18 საუკუნის ინგლისელი ლიბერალი პოლიტიკოსი და მეწარმე რიჩარდ ქობდენი, რომ ეკონომიკური წინსვლა და დასაქმება ვაჭრობისა და განათლების თავისუფალ გავრცელებაზე დგას და არა იმ ზღუდეებზე, რაც თავისუფალი ვაჭრობის გზაზეა აღმართული.
აშშ-ში “იყიდე ამერიკული” საკანონმდებლო აქტიც კი არსებობს. 1933 წელსაა მიღებული და აშშ მთავრობას სამთავრობო ტენდერებში ადგილობრივი პროდუქციისთვის უპირატესობის მინიჭებას ავალდებულებს. მაგრამ ამან აშშ დიდი დეპრესიისგან ვერ იხსნა, პირიქითაც კი. კანონი კვლავ ძალაშია, თუმცა დღეს მისი მოქმედების არეალი აშშ-ის მიერ ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებითაა შეზღუდული. 80-იანებსა და, სულ ახლახანს, 2009-ში მსგავსი რეგულაციები ვიწრო მოხმარებისთვისაც, სექტორულად შემოიღეს – ერთი სახმელეთო სატრანსპორტო ინდუსტრიას ეხება, მეორე კი მშენებლობისას გამოყენებულ რკინისა და სხვა მასალებს, თუმცა, აშშ-კანადას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამ კანონებსაც ზღუდავს და კანადურ კომპანიებზე არ ვრცელდება.
როდესაც პრეზიდენტი ობამა თავისი პროტექციონისტული პროგრამის წარსადგენად Caterpillar-ს ეწვია, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ოუენსმა უთხრა, რომ “იყიდე ამერიკული” სახიფათო პოლიტიკაა და, საბოლოო ჯამში, შეერთებულ შტატებს მეტი დაკარგული სამუშაო ადგილის ფასად დაუჯდება. რა მოხდება, თუკი სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს ამერიკას? “იყიდე ჩინური”, “იყიდე ევროპული”, “იყიდე ბრაზილიური” – საპასუხო დისკრიმინაციული პოლიტიკა იქნება, რაც ამერიკას ბუმერანგივით მიუბრუნდება. ოუენსმა, ვინც სათავეში ედგა კომპანიას, რომლის პროდუქციას ყველგან ნახავთ, საქართველოს ჩათვლით და რომელიც დიდ ძალისხმევას ანდომებს, დარგის ლიდერობის შესანარჩუნებლად, იცის, რას ამბობს.
უნდა ითქვას, რომ “იყიდე ადგილობრივი” კარგი სარეკლამო სლოგანია. მყიდველი ასეთი სლოგანის მიმართ პოზიტიურად სენსიტიურია. ის მზადაა, იყიდოს ადგილობრივი, მზადაა, თანაბარ პირობებში, ადგილობრივ პროდუქციას მიანიჭოს უპირატესობა ყველა სხვა არჩევანს შორის. ესაა ბუნებრივად არსებული უპირატესობა, რაც ადგილობრივ მწარმოებელს ყოველთვის აქვს, რასაც გამოყენება უნდა. მაგრამ “იყიდე ადგილობრივი” საშიში ხდება, როდესაც მარკეტინგული კამპანიის საზღვრებს სცდება, სახელისუფლო კაბინეტებში აღწევს და საკანონმდებლო მხარდაჭერას მოიპოვებს. ამ შემთხვევაში, კანონით განმტკიცებული “პატრიოტიზმი” ქვეყანას ძვირი უჯდება. ესაა პატრიოტიზმი ჩვენი ჯიბის ხარჯზე.
2009-ში საქართველოს პარლამენტმა რიგი პროდუქციის იმპორტი 12%-იან დაბეგვრის რეჟიმში მოაქცია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ მელიქიშვილმა მაშინ განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა იყო. ერთი შეხედვით, ადგილობრივი ბაზრის დაცვა ნაკლებად დააზარალებს ქვეყანას, რომლის ექსპორტიც მის იმპორტზე მცირეა – საქართველო კი სწორედ ასეთია, მაგრამ ესეც ილუზიაა – ფასების ზრდა, ხარისხის ვარდნა და იმ, მცირე საექსპორტო ბაზრებისა და სამომავლო პერსპექტივების დაზარალება, რაც ქვეყანას აქვს – უარყოფითი შედეგების მთელი თაიგულია. როდესაც ერთი დარგის ხელოვნურ წახალისებას ვახდენთ, ეს ყოველთვის სხვა დარგის ხარჯზე ხდება. როდესაც დეპუტატები იღებენ კანონს, რომ იმპორტისთვის ჩაკეტილი საბაზრო ოაზისი შექმნან, ამ ყველაფერს ჩვენი ჯიბეებიდან აფინანსებენ, ვინაიდან, “ოაზისურ” პროდუქციაში მაღალ ფასს ვიხდით. გარდა მაგისა, ილუზიაა, რომ მაღალი საიმპორტო გადასახადი იმპორტს სპობს – ის დაბალი ხარისხის იაფფასიან იმპორტს უწყობს ხელს!
სულ ახლახანს ბიძინა ივანიშვილმა “ლიბერალს” განუცხადა, რომ თურქული პროდუქციისთვის საქართველოს საზღვარი უკონტროლოდ არის გახსნილი, რამაც ქართველ გლეხს მუშაობის ხალისი წაართვა, თურქული პროდუქცია ხომ იმაზე იაფად იყიდება, ვიდრე ქართულის მოყვანა ჯდება. მაგრამ, სანამ თურქეთის საზღვარზე “ქართული კედლის” აშენებას დავიწყებთ, ეგებ გვენახა, თუ რატომ ვერ უწევს (თუ მართლაც ვერ უწევს) კონკურენციას ქართულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტი თურქულს? შიდა ქართლის რაიონში თავად ვიხილე ხეხილის ბაღები, სადაც დასავლური ცოდნა და ტექნოლოგიები შეაქვთ, გავიცანი ენთუზიასტები, ვინც საცდელი ნაკვეთები შექმნა და მაღალი ხარისხის, “ევროპული სტანდარტის” სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოჰყავს, მაღალ მოსავლიანობასა და წარმოების დაბალ ხარჯებს მიაღწია, იქ მოწეული ჭირნახული კი გემოთიც გამოირჩევა და შეხედულებითაც თვალს წყვეტს – ასეთ ვაშლს ნებისმიერი რესტორანი სიამოვნებით შეიძენს. პროექტი, სხვათა შორის, დასავლური გრანტებით ფინასდება, ისევე როგორც მანდარინის წარმოების პროექტი, რომლის შესახებაც კახა მჭედლიძის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მომზადებული რეპორტაჟიდან გავიგე.
ისე კი ფრიად სახალისოა, როდესაც ადამიანები, ერთის მხრივ, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაუქმებისკენ, მეორეს მხრივ კი, ერგნეთის ბაზრობის გახსნისა და რუსეთთან უკონტროლო ვაჭრობის წახალისებისკენ მოგვიწოდებენ.
ადგილობრივი მუშახელის დასაქმების მოთხოვნაც ვაჭრობის შეზღუდვის მსგავსი იდეაა. თითქოს, რა უნდა იყოს ამაზე კარგი – ჩვენ ხომ ამით უმუშევრობას ვებრძვით? სინამდვილეში, პოტენციურ დასასაქმებელს დათვურ სასახურს ვუწევთ – თუკი ადამიანმა იცის, რომ მისი წარმატება ნაკლებადაა დამოკიდებული კვალიფიკაციაზე, ნაკლებად მოტივირებულია ისწავლოს, გაიგოს რაღაც ახალი, ნაკლებად აღელვებს, თუ რა სიახლეებია მის პროფესიაში. ის ცალკეა და ეს ყველა – ცალკე, შესაბამისად, მის მიერ შესრულებული სამუშაო დღითიდღე უფრო უხარისხო ხდება – ის ხომ ადგილზე დგას, როდესაც დედამიწა ბრუნავს და მსოფლიო წინ მიდის. გვსურდა ეს თუ არა, რკინის ფარდა ჩამოიშალა – საქართველო, სხვა თუ არაფერი, იძულებულია თავი მოაწონოს საერთაშორისო კაპიტალს, ჩვენ ვნადირობთ უცხოურ ფულზე – ინვესტიციებზე, ისე, როგორც მრავალი სხვა ქვეყანა და რაც მეტი შეზღუდვა და ნაკლებად კვალიფიცირებული, მოტივირებული კადრი დახვდება ინვესტორს, მით უფრო დიდია შანსი, რომ მან ჩვენთან არ დააბანდოს ფული… იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ნაკლებკვალიფიცირებული მუშა-ხელი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს ნიშნავს და ამით ისევ ჩვენ – მომხმარებლები ვზარალდებით.
ფრედერიკ ბასტია 1845 წელს თავის სატირულ “პეტიციაში” სანათი მოწყობილობების ადგილობრივი მწარმოებლების დაცვას ითხოვდა უცხოტომელი კონკურენტი მზისგან და ამას წერდა:” “თუ ეროვნულ ბაზარს დაიცავთ ჩვენი გადამთიელი კონკურენტისგან, გაიყიდება მეტი სანთელი. მეტი სანთლის წარმოებისთვის საჭირო გახდება მეტი ცვილი. ეს ხელს შეუწყობს მეტი ძროხისა თუ ცხვრის მოშენებას – მოეწყობა მეტი საძოვარი და განვითარდება მეცხოველეობა, რისი წყალობითაც იწარმოება მეტი ხორცი, ტყავი, მატყლი და, რაც მთავარია, დიდი რაოდენობით ნეხვი – ეს კი, ვინ არ იცის, რომ ეროვნული სოფლის მეურნეობის საფუძველთა საფუძველია!”
თქვენი არ ვიცი და დიდი რაოდენობით ძვირადღირებული ადგილობრივი ნეხვის წარმოების ჩვენი ჯიბიდან დაფინანსება, არა მგონია, კარგი იდეა იყოს…
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___