როგორ მოიგო სანტა კლაუსმა არჩევნები

რა იქნებოდა, სანტა კლაუსი რომ არჩევითი თანამდებობა იყოს? წარმოიდგინეთ – თეთრწვერა ბაბუების რიგი, რომლებიც წითელი ქურთუკისა და ჩაჩისთვის იბრძვიან. მე თუ ამირჩევთ, ამბობს ერთი, – საჩუქრად ველოსიპედს მოგიტანთ. ლამაზ, ზიზია ველოსიპედს. დიდი, წკარუნა ზარით. მე კი, ამბობს მეორე, – მოტოციკლს გაჩუქებთ. წითელ, სწრაფ მოტოციკლს. მე კი ავტომობილს, – არ თმობს პირველი, – ამირჩიეთ სანტა კლაუსად და სპორტულ ავტომობილს მოგართმევთ. კაბრიოლეტს… სწორედ ამ ბაბუებს ჩამოჰგავან პოლიტიკოსები. რა საჩუქრებს აღარ გვპირდებიან წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ თუ სანტა კლაუსს ელფების მიერ დამზადებული საჩუქრები მოაქვს, პოლიტიკოსები ჩვენთვის მოსატანი საჩუქრების შესაძენად ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯავენ, სახელმწიფო ბიუჯეტი კი ყველა ჩვენთაგანის ჯიბიდან ივსება. ასეთი სანტა კლაუსები არიან პოლიტიკოსები – ჯერ ერთი ჯიბიდან გვაცლიან ფულს და მერე საჩუქრად უკანვე გვიბრუნებენ მეორე ჯიბეში… მხოლოდ – ნაწილს! რაღა უნდა ვთქვათ – ცუდი სანტა კლაუსები ბრძანებულან. ცუდი და მატყუარა სანტა კლაუსები – საჩუქრის მოტანას გვპირდებიან და ამას რომ ჩვენივე ფულით გააკეთებენ – არ გვიმხელენ.

სწორედ ეს დაწერა 1976 წელს ჟურნალისტმა ჯუდ ვანიცკიმ, National Observer-ში გამოქვეყნებულ სტატიაში “გადასახადები და ორი სანტას თეორია”. ვანიცკი ამბობდა, რომ არჩევნების მოსაგებად სულაც არ არის საჭირო ცუდი და მატყუარა სანტა კლაუსი იყო, არჩევნების მოგება კარგ და გულმართალ სანტა კლაუსსაც შეუძლია. კი ცუდი სანტა საჩუქრებად დაღვრას გვპირდება, კარგმა სანტამ უნდა თქვას – ჩემი საჩუქარი ის იქნება, რომ ნაკლებ ფულს გამომგცინცლავთ, წადით და თავად იყიდეთ, რაც გსურთ-ო. სხვა სიტყვებით, პოლიტიკოსი, რომელსაც კარგი სანტა კლაუსობა სურს – გადასახადების შემცირებას უნდა დაჰპირდეს ამომრჩეველს. ამომრჩეველს ძალიან უყვარს საჩუქრები, მაგრამ მისი საკუთარი ჯიბე უფრო მეტად უყვარს. ცუდმა სანტა კლაუსმა, ვინც მაღალი გადასახადების შენარჩუნებას უჭერს მხარს, შეუძლებელია, ამომრჩევლის გული მოიგოს – კარგი სანტა ყოველთვის გაიმარჯვებს.

ვინაიდან გადასახადების შემცირება მეტ ფულს დატოვებს კერძო სექტორში, ეს ფული წარმოების გაფართოებას მოხმარდება, წარმოების გაფართოება მეტი ადამიანის დასაქმებას შეუწყობს ხელს, მეტი დასაქმებული ადამიანი შეამცირებს სოციალურად დაუცველ ადამიანთა რაოდენობას და ნაკლები ადამიანი იქნება სანტა კლაუსის საჩუქრების იმედად. ბიუჯეტიდან სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად გასახარჯი თანხა შემცირდება და, დაბალი გადასახადების პირობებშიც კი, ბიუჯეტის დეფიციტი არ წარმოიქმნება, – წერდა ვანიცკი. მეტიც, როგორც ამას ეკონომისტები რობერთ მანდელი და ართურ ლაფერი ამტკიცებდნენ, გადასახადების შემცირება საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას შეუწყობდა ხელს, კვლავ ზემონახსენები მიზეზით – მეტი ფული კერძო ჯიბეში ნიშნავს მეტ საწარმოს, მეტ დასაქმებულს, მეტ კერძო შემოსავლებს, მეტ კერძო დანახარჯებს და, შესაბამისად, მეტ საგადასახადო შემოსავლებს უფრო დაბალი გადასახადების პირობებში.

ეს მარტივი ჭეშმარიტება პოლიტიკოსთათვის ძნელად დასაჯერებელი იყო, ამიტომ, საბიუჯეტო შემოსავლების შემცირების შიშით, რესპუბლიკელები ვერ ბედავდნენ გადასახადების საჭირო დოზით შემცირებას, მაგრამ 1974 წლის 13 სექტემბერს ართურ ლაფერმა დონალდ რამსფელდს, დიქ ჩეინისა და ჯუდ ვანიცკის რესტორან Two Continents-ში სადილობისას ხელსახოცზე დაუხატა მრუდი – რომელიც აჩვენებს შემოსავლების ზრდას გადასახადების შემცირების შემთხვევაში და პირუკუ. ამ მრუდს დღეს “ლაფერის მრუდს” უწოდებენ. იმ ხელსახოცმა კი ამერიკის ისტორია შეცვალა.

1980 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას რონალდ რეიგანი ამერიკელებს გადასახადების უპრეცენდენტოდ შემცირებას დაჰპირდა. კარგმა სანტა კლაუსმა გაიმარჯვა და 1981 წლის 14 აგვისტოს გადასახადების შემცირების კანონზე მოაწერა ხელი. პოლიტიკამ, რომელსაც დღეს “რეიგანომიკად” ვიცნობთ, ინფლაციისა და უმუშევრობის შემცირება და ეკონომიკის ზრდა გამოიწვია (დეტალურად იხილე აქ: რა გვასწავლა რეიგანომიკამ). სულ 1982 წლის დეკემბრიდან 1990 წლის ივნისის ჩათვლით რეიგანომიკამ შექმნა 21 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი – და ეს ყოველგვარი დასაქმების სამინისტროს დახმარების გარეშე!

სახელმწიფო ხარჯების, გადასახადებისა და რეგულაციების შემცირება მეტ დასაქმებას, ეკონომიკურ ზრდასა და უკეთ შევსებულ ბიუჯეტს რომ ნიშნავს, ეს მხოლოდ თეორიული მოდელი აღარაა, ამიტომ სრულიადაც არ არის საჭირო, კარგმა სანტა კლაუსმაც ცუდ სანტა კლაუსს მიჰბაძოს და თუ ცუდი სანტა ოჯახზე ერთ ველოსიპედს გვპირდება, ეს ოჯახის ყოველ წევრზე თითოს დაგვპირდეს. ის თუ ერთი მილიარდის სოფლად დათესვას გვპირდება, ეს 4 მილიარდს დაგვპირდეს. თუ ცუდი სანტა მაცივრებს არიგებს, ამან ვაუჩერები დაარიგოს. “ცხრა ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვაა: “მე მთავრობიდან ვარ და აქ თქვენს საშველად მოვედი.” – ამბობდა რეიგანი.

რა თქმა უნდა, ეკონომიკის დერეგულირების მიზნით ბევრი რამ გაკეთდა საქართველოშიც, თუმცა, ბოლო ხანებია ადგილს ვტკეპნით – უკვე რამდენიმე წელია, ველოდებით საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებას – 2013 წლამდე ის 18%, 2014 წლის შემდეგ კი – 15% უნდა გამხდარიყო… როგორც ვხედავთ, სულ ტყუილად ველოდით. საშემოსავლო არ მცირდება, მაგიერ, იმ 2%-ის დაგროვებით ანგარიშზე გადარიცხვის “საშუალება” მოგვეცემა – ისევ სახელმწიფო წყვეტს მოქალაქის ნაცვლად, თუ სად და როგორ დავხარჯოთ ფული.

რაკი ხელისუფლების მთავარ მეტოქედ ის პოლიტიკური ძალა გამოდის, რომელიც ბიუჯეტიდან ეკონომიკაში თანხების ნიაღვრით გვაწონებს თავს, წინასაარჩევნო ჭიდილისას ხელისუფლებისგანაც მეტ მემარცხენე დაპირებებსა და, სამწუხაროდ, ნაბიჯებსაც ველი, მაგრამ იმედი მაქვს, დაპირება მეტი იქნება, ვიდრე ნაბიჯი და კიდევ იმის იმედი მაქვს, რომ პოლიტიკოსებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყველაზე მეტს იტყუებიან ნადირობის შემდეგ, ომის დროს და არჩევნებამდე.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Jude Wanniski: Taxes and a Two-Santa Theory Thom Hartmann: Two Santa Clauses or How The Republican Party Has Conned America for Thirty Years

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: