რა გვასწავლა რეიგანომიკამ

1982 წლის დეკემბრიდან 1990 წლის ივნისის ჩათვლით რეიგანომიკამ 21 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. სწორი პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ეს გავიმეოროთ.

რონალდ რეიგანის გაპრეზიდენტებამდე 16 წლით ადრე ამერიკის ეკონომიკას პულსი აღარ ესინჯებოდა – ორთავე პარტიის უცოდინარი მეცადინეობით გადასახადები გაიზარდა, დოლარი კი გაუფასურდა, ამას სდევდა ხელფასისა და ფასების გაკონტროლების მცდელობა, მინიმალური ხელფასის განაკვეთის ზრდა, არასწორი დანახარჯები, პროფკავშირულ გაერთიანებებთან ფლირტი, პროტექციონისტული ზომების გატარება და სხვა შეცდომები.

გვიან 70-იანებსა და ადრეულ 80-იანებში, 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავალმა და ინფლაციამ ორნიშნა ნიშნულს მიაღწია. "გაჭირვების ინდექსი" (Misery Index – სამომხმარებლო ფასების ინფლაციისა და უმუშევრობის ჯამი) 20%-ს აცდა. 1966 წლის დასაწყისიდან 1982 წლის აგვისტომდელ პერიოდში S&P 500 საფონდო ინდექსი საშუალო წლიურ 6%-მდე დაეცა.

ყველას, ვისაც ასაკი უწყობს ხელს, მწარედ ახსოვს არაბული სანავთობო ემბარგოსა და ფასების შოკი, რასაც მოჰყვა ფასების კონტროლი, გრძელი რიგები ბენზინგასამართ სადგურებთან და გაცემული ბენზინის ნორმირება. ამერიკის წილი მსოფლიო წარმოებაში ამ პერიოდში სტაბილურად დაღმავალი იყო.

სწორედ ასეთ დროს არგუნა ბედმა რეიგანს მთავარი როლი სცენაზე. მისი პირველი საგადასახადო კანონპროექტი 1981 წლის აგვისტოში შევიდა ძალაში. საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის მაქსიმალური მაჩვენებელი 70%-დან 50%-მდე შემცირდა, მინიმალური კი 14%-დან 11%-მდე. წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი კანონად აქცია 195 ხმით 238-დან. მას 48 დემოკრატმაც დაუჭირა მხარი, ერთმა რესპუბლიკელმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. სენატში კანონპროექტმა 89 დადებითი და 11 უარყოფითი ხმა მოაგროვა. მომხრეთა შორის 37 დემოკრატი იყო, ერთი რესპუბლიკელი კი აქაც წინააღმდეგი აღმოჩნდა. ასე დაიწყო რეიგანომიკა.

ამერიკის შიდა ეკონომიკური ცხოვრების შეცვლის საქმეში პრეზიდენტი რეიგანი არ იყო მარტო. ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარის, ფოლ უოლქერის მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომელიც ამ თანამდებობაზე პირველად ჯიმი ქართერმა დანიშნა. მის მიერ გატარებული მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დამსახურებაც დიდია 1981 წლის 13.5%-იანი ინფლაციის 1983 წელს 3.2%-მდე ჩამოყვანაში. გადასახადების შემცირების პოლიტიკას სხვა გმირებიც ჰყავს -  რესპუბლიკელი სენატორები ბილ სთაიგერი ვისქონსინიდან და ქლიფორდ ჰანსენი ვაიომინგიდან – 1978 წელს კაპიტალზე მოგების გადასახადის შემცირების მთავარი მხარდამჭერები. 

რეიგანის რევოლუციამ შეძლო და ამერიკა დაძრა დაბალი გადასახადების, მყარი დოლარის, თავისუფალი ვაჭრობისა და ნაკლები რეგულირებისაკენ. რეიგანომიკის გასაღები კი ადამიანების ქცევის შეცვლა გახდა – მათ გაუჩნდათ მეტი პატივისცემა სამუშაოს, ინვესტირებისა და წარმოების მიმართ. ამის მისაღწევად პირადი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არამარტო მნიშვნელოვნად შემცირდა, არამედ მისი ინდექსირებაც მოხდა 1985 წლის ინფლაციის გათვალისწინებით. ზღვრული საგადასახადო განაკვეთი არასახელფასო შემოსავალზე 70%-დან 28%-მდე შემცირდა. შემცირდა კორპორატიული გადასახადიც – 34%-დან 46%-მდე, საგადასახადო ბიჯი გაიზარდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გადაეკვეთა ზღურბლი მანამ, სანამ მისი შემოსავლები არ იქნებოდა საგრძნობლად მაღალი.

  • აქ ლაფერი გულისხმობს ზღვარს, რომლის შემდეგაც შემოსავალი იბეგრება განსხვავებული, უფრო მაღალი განაკვეთით. შედარებისთვის, 1944 წელს 200,000 აშშ დოლარის შემოსავლის ზემოთ, ამერიკელი ოჯახი ყოველი შემდეგი დოლარის 94%-ს სახელმწიფოს უხდიდა, 1970 წელს ეს განაკვეთი 71.75% იყო, რეიგანის დროს, 1982 წელს ოჯახს, რომლის შემოსავალიც $106,000-ს ასცდებოდა, ყოველ შემდეგ დოლარზე გადასახადის სახით 50% გაღება უწევდა, 1988 წელს რეიგანმა მაქსიმალური განაკვეთი 28%-მდე შეამცირა  29,750 აშშ დოლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ყველა ოჯახისთვის, 1991 წელს ჯორჯ ბუშ უფროსმა განაკვეთი 31%-მდე გაზარდა $82,150-ზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, ბილ ქლინთონის პრეზიდენტობისას, 1993 წელს გადასახადი $250,000-ზე მეტ შემოსავალზე 39.6% გახდა, 2003 წელს, ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს 311,950 აშშ დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის საგადასახადო განაკვეთი 35%-მდე შემცირდა. ლაფერის თვალთახედვით, რაც უფრო ნაკლების გაღება უხდება გადასახადის სახით ადამიანს ყოველი შემდეგი დოლარიდან, მით უფრო ძლიერია მეტი შემოსავლის მიღების სურვილი. რაც ნაკლები აქვს ადამიანს გადასახადის სახით გადასახდელი ყოველ შემდეგ დოლარზე, მით მეტად მოტივირებულია ის, იშრომოს და მეტი შემოსავალი ნახოს, რაც ფაქტობრივ საგადასახადო შემოსავლებსაც ზრდის, მიუხედავად გადასახადის შემცირებისა. (LV)

საგადასახადო განაკვეთების ცვლილებამ ამერიკელთა ცხოვრების წესი შეცვალა, რამაც, თავის მხრივ, საგადასახადო შემოსავლების ცვლილება გამოიწვია. რეიგანმა იცოდა, რომ გადასახადების შემცირება სტატიკურ შემთხვევაში საბიუჯეტო შემოსავლების დანაკარგს გამოიწვევდა, მაგრამ ის ასევე მიხვდა, რომ გადასახადების შემცირება დასაბეგრ ბაზას გაზრდიდა, ვინაიდან ხელს შეუწყობდა წარმოების ზრდას და შემაცირებდა გადასახადებისგან თავის არიდებასა თუ საგადასახადო თავშესაფრის ძიებას.

რეიგანს პირადი გამოცდილებაც გამოადგა – როგორც კი მისი შემოსავლები საგადასახადო ზღურბლს უახლოვდებოდა, იმ წელს მეტ ფილმში გადაღების სურვილიც უქრებოდა. დაბალი გადასახადი შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს, ასე იყო პირადად მის შემთხვევაშიც და ამიტომაც იყო, რომ ამერიკელთა 1%, ვისაც ყველაზე მაღალი შემოსავლები ჰქონდა, მთლიან შიდა პრუდუქტთან შეფარდებით მეტ გადასახადს იხდიდა 1988 წლის დაბალი გადასახადების პირობებში, ვიდრე 1980 წელს, როდესაც უფრო მაღალი საგადასახადო განაკვეთით იბეგრებოდნენ. რასაც ახლა "ლაფერის მრუდს" უწოდებენ, უბრალოდ საღი აზრია. ეს კონცეფცია საუკუნების წინ იღებს დასაბამს და მე ყოველგვარი სახელდების გარეშე ვასწავლიდი სტუდენტებს ჩიკაგოს უნივერსიტეტში.

  • “ლაფერის მრუდი” გადასახადებსა და საგადასახადო შემოსავლებს შორის ურთიეთკავშირის გრაფიკული გამოსახულებაა. გარკვეულ წერტილამდე გადასახადების შემცირება საგადასახადო შემოსავლების ზრდას იწვევს და პირუკუ. მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკულად და მწყობრი ეკონომიკური თეორიის სახით კონცეფცია პირველად ლაფერმა წარმოადგინა, თავად აცხადებს, რომ მსგავსი იდეები ჯერ კიდევ მე-14 საუკუნის არაბ ფილოსოფოსს, იბნ ხალდუნს აქვს გამოთქმული. (LV)

რეიგანს პრეზიდენტობის პირველსავე წელს მოუხდა ფედერალური საჰაერო მიმოსვლის კონტროლის მოსამსახურეთა – ავიადისპეჩერთა უკანონო გაფიცვასთან შეჯახება. პრეზიდენტმა ისინი დაითხოვა და სანამ შემცვლელები მოიძებნებოდნენ, დროებით სამხედრო მოსამსახურეებით ჩაანაცვლა. პროფკავშირების ძალაუფლების გათვალისწინებით, ეს დრამატული აქტი იყო, მითუფრო, რომ საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სამსახურის თანამშრომელთა პროფკავშირი, Patco მხარს უჭერდა რეიგანს 1980 წლის საარჩევნო კამპანიაში.

რეგულაციებს რაც ეხება, 1980-დან 1986 წლამდე ფედერალური რეგისტრის გვერდების რაოდენობა 80,000-დან 48,000-მდე შემცირდა. პრეზიდენტობის სრული 8 წლის განმავლობაში, არ გაზრდილა ხელფასის დაწესებული მინიმუმი, რამაც დასაქმების ზრდაზე ამ ნორმის უარყოფითი გავლენა შეამცირა.

  • ფედერალური რეგისტრი ეწოდება აშშ-ს ფედერალური მთავრობის ოფიციალურ გამოცემას, სადაც ფედერალური დაწესებულებების მიერ მიღებული რეგულაციები, ნორმები, განკარგულებები და კანონქვემდებარე აქტებია თავმოყრილი. (LV)

რა თქმა უნდა, გაუქმდა ნავთობის ბაზრის კონტროლი. 1981 წლის იანვარში გაუქმდა ფასების კონტროლი როგორც ბენზინგასამართი სადგურებისთვის, ასევე ნავთობპროდუქტების ადგილობრივ მწარმოებელთათვისაც – შედეგად გაიზარდა წარმოება და დაეცა ფასები. 1988 წელს გაუქმდა პრეზიდენტ ქართერის მირ ნავთობკომპანიებისთვის დაწესებული ზემოგების გადასახადიც.

როგორია რეიგანის ეპოქის შედეგები? 1982 წლის დეკემბრიდან 1990 წლის ივნისამდე  რეიგანომიკამ შექმნა 21 მილიონი სამუშაო ადგილი, უფრო მეტი, ვიდრე იქედან მოყოლებული – დღემდე. შემცირდა პროფკავშირთა წევრების რაოდენობა და გაფიცვების გამო გაცდენილი დრო. საფონდო ბაზარი გამოცოცხლდა და რეკორდულ ნიშნულებამდე გაიზარდა – 1982 წლის ივლისიდან 2000 წლის აგვისტოს ჩათვლით S&P 500 საფონდო ინდექსის საშუალო წლიური რეალური მაჩვენებლის ზრდა 12% იყო. სოციალური დაცვის სისტემის არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები მშპ-სთან შეფარდებით შემცირდა და "გაჭირვების ინდექსი" 10%-ს ჩამოცდა.

ბილ ქლინთონი, რეიგანის პირველი მემკვიდრე-პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან, მის კვალს გაჰყვა. მოლაპარაკებები ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ რეიგანის მეორე ვადის დროს დაიწყო, მაგრამ მისი ხელმოწერა პრეზიდენტ ქლინთონის დამსახურებაა, რომელმაც 1993 წელს მოახერხა შეთანხმების კონგრესში გატანა, მიუხედავად მისივე პარტიის ბევრი წევრის და პროფკავშირების წინააღმდეგობისა.

1997 წელს პრეზიდენტმა ქლინთონმა ხელი მოაწერა კაპიტალზე მოგების გადასახადის უდიდეს შემცირებას ჩვენი ერის ისტორიაში, რამაც, ფაქტობრივად, გააუქმა მფლობელის მიერ უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი. ქლინთონმა 3.5%-ით შეამცირა სახელმწიფო ხარჯები მშპ-სთან შეფარდებთ, უფრო მეტად, ვიდრე მისმა უახლოესმა ოთხმა საუკეთესო პრეზიდენტმა ერთად. ერთადერთი, სადაც პრეზიდენტები ჯორჯ ბუშ უფროსი და ბილ ქლინთონი შეცდნენ, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ოჯახებისთვის პირადი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 28%-დან 39.6%-მდე ზრდა იყო.

ნამდვილი გაკვეთილი, რომელსაც რეიგანის პრეზიდენტობა გვასწავლის ისაა, რომ კარგი ეკონომიკა არც რესპუბლიკელია და არც დემოკრატი, არც მემარჯვენე ან მემარცხენე, არც ლიბერალი თუ კონსერვატორი – ის, უბრალოდ, კარგი ეკონომიკაა, ამიტომ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ყური უნდა უგდოს, კი არ შეზღუდოს მისი თვალსაწიერი, როდესაც ეძებს ქმედით გამოსავალს ამერიკის ტრაგიკულად მაღალი უმუშევრობის დონიდან.

ავტორის შესახებ: ბატონი ლფერი არის Laffer Associates-ის თავმჯდომარე და წიგნის, "Return to Prosperity: How America Can Regain Its Economic Superpower Status" (Threshold, 2010) თანაავტორი.

©  ართურ ლაფერი, The Wall Street Journal , 10 თებერვალი, 2011 წელი

 ©  LV (ქართული თარგმანი, 2012)

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

1981 წლის 27 ივლისი. რონალდ რეიგანი თეთრი სახლიდან მიმართავს ამერიკელებს და განუმარტავს, როგორ გაიზრდება საშუალო ამერიკული ოჯახის შემოსავალი, გადასახადების შემცირების შემდეგ.

1981 წლის 14 აგვისტო. რონალდ რეიგანი მის მიერ გადასახადების შემცირების კანონზე ხელმოწერის შემდეგ. განწყობა – ოპტიმისტურია. 🙂

Reagan TV address-July_1981Reagan signs Tax-cut Act

 

ხელსახოცი, რომელმაც შეცვალა ამერიკა. 1974 წლის 13 სექტემბერი. ართურ ლაფერმა დონალდ რამსფელდს, დიქ ჩეინისა და ჟურნალისტ ჯუდ ვანიცკის რესტორან Two Continents-ში სადილობისას ხელსახოცზე დაუხატა მრუდი – რომელიც აჩვენებს შემოსავლების ზრდას გადასახადების შემცირების შემთხვევაში და პირუკუ.

“ვუდუ ეკონომიკის” შემოქმედები – რონალდ რეიგანი და 1981-1989 წლებში მოქმედი აშშ-ს პრეზიდენტის “ეკონომიკური პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს” წევრი, ართურ ლაფერი

Laffer Curve napkinLaffer and Reagan

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)