მარშრუტკებში დამოუკიდებელ ინფორმაციას მაინც მოისმენთ!

როგორც ცნობილია, “თბილისის მიკროავტობუსმა” სამარშრუტო ტაქსებში თავისუფალი სიტყვის გავრცელებას აკრძალა, ახლა კი ეს აკრძალვა საჯარიმო სანქციებით გაამყარა – ის მძღოლი, რომელიც თავის რადიოს რომელიმე დამოუკიდებელი სადგურის სიხშირეზე მომართავს, 100 ლარით დაჯარიმდება, – ასეთი გაფრთხილების შესახებ საუბრობენ თავად ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლები.

თუმცა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მედია ამ აკრძალვისთვის დამორჩილებას არ აპირებს და ინფორმაციის გავრცელების გზებს ეძებს. მედიაგაერთიანებასთან “თავისუფალ რადისადგურთა კავშირი” დაახლოებულმა წყარომ გაგვანდო, რომ სულ მალე თბილისელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები თავად მიაწვდიან მგზავრებს თავისუფალ სიტყვას, ყოველგვარი რადიოს გარეშე.

აი, რა განგვიცხადა წყარომ:

“ჩვენ ვიწყებთ “მარშრუტკის” მძღოლების გადამზადებას, რის შემდეგაც ისინი ჟურნალისტების ფუნქციებს შეითავსებენ და მგზავრებს 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საინფორმაციო მომსახურებით… ყოველ დილით, სამუშაოზე გასვლის წინ “მარშრუტკის” მძღოლებს მოვამარაგებთ მიმდინარე პოლიტიკური თუ სხვა სახის ინფორმაციით, რომელსაც ისინი დღის განმავლობაში გააცნობენ მგზავრებს. რადიოს ჩართვა არ დასჭირდებათ და საუბარს კი ადამიანს ვერვინ აუკრძალავს!… რა თქმა უნდა, ინფორმაცია ძველდება და განახლებას საჭიროებს, მაგრამ ამაზეც ვიზრუნეთ, – “თავისუფალ რადისადგურთა კავშირის” კურიერები გზებზე იმოძრავებენ და სამარშრუტო მძღოლებს მუდმივად მიაწვდიან უახლეს ინფორმაციას, რომლებსაც ისინი მგზავრებს გაუჟღერებენ… ერთადერთი, რაც გვაფიქრებს, თოქ-შოუებია. ეს პოპულარული ჟანრია და “მარშრუტკის” მგზავრებს, უთუოდ, მათი მოსმენაც სურთ, მაგრამ დროებითი გამოსავალი აქაც მოიძებნა – ის ადამიანები, ვისი რადიოთი მოსმენაც თბილისელთათვის საინტერესოა, თავად იმგზავრებენ “მარშრუტკით”, ჩვენს მიერ დატრენინგებული მძღოლი კი სტუდიის მასპინძლის როლს იკისრებს… სულ მალე ნომერ მე-2 მარშრუტკის თოქ-შოუში ამ მარშრუტკის მგზავრები შეხვდებიან პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს, მე-19 ნომერ “მარშრუტკაში” – ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს, ხოლო  73-ე “მარშრუტკაში” გაიმართება პოლიტიკური დებატი გია ნოდიასა და გიორგი მარგველაშვილს შორის… სამწუხაროა, რომ ინტერაქტივის მოწყობა გაჭირდება და ესემესებს ვერ გავუშვებთ, მაგრამ “მარშრუტკის” მგზავრებს მოწვეული სტუმრებისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცემათ.”

© Tony Clifton Digital Media Ltd.

___

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements