თბილისის “მარშრუტკებში” მგზავრთა ნაკადი შემცირდა

ეს ბაზრის უახლესი გამოკვლევებით დასტურდება. მათი შედეგები ეკონომიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ექსკლუზიურად გაგვაცნო.

– მას შემდეგ, რაც სამარშრუტო ტაქსებში რადიოს მოსმენა აკრძალეს, მგზავრთა ნაკადი 30%-ით შემცირდა, რაც მოსალოდნელიც იყო და ჩვენ ამას ვპროგნოზირებდით, – განაცხადა ექსპერტმა, – თუ მონაცემებს დავაკვირდებით, სამარშრუტო ტაქსებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მგზავრები გადაყავდათ დილის 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე, როცა რადიო “მაესტროთი” “შალვა რამიშვილის დილა” გადაიცემა, საღამოს 5-დან 6 საათამდე, როცა “კვირის პალიტრაზე” გადაცემა “პროვოკატორია” ეთერში და ღამის 9-დან 10-საათამდე, როცა “უცნობი” მე-9 არხის საინფორმაციო გამოშვების რადიოტრანსლირებას ახდენს. თავადაც ხედავთ, რას გვეუბნება ეს ციფრები, – ჩვენს თანაქალაქელებს, მათი დუხჭირი მდგომარეობის გამო, არ შეუძლიათ საკუთარი რადიომომღებების შეძენა და ინფორმაციას სამარშრუტო ტაქსის რადიომიმღების მეშვეობით იღებენ. 27 მაისის გრანდიოზულმა მიტინგმა ხელისუფლება პანიკაში ჩააგდო და მათ ამ საინფორმაციო წყაროს გადაკეტვა მოისურვეს, მაგრამ ვერ გათვალეს, რომ ეს მათ შემოსავლებსაც დაარტყამდა – “თბილისის მიკროავტობუსი” მგზავრებს კარგავს – ეს კი ხელისუფლების შემოსავლებს ამცირებს… თუ რა გადაწონის ახლა მატერიალური თუ პოლიტიკური მოსაზრებები, ამას მალე ვნახავთ. პირადად ჩემი პროგნოზია, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ მოტივს გაყვება და თავისუფალი ინფორმაციის უმნიშვნელოვანეს წყაროს, როგორიც სამარშრუტო ტაქსი იყო, არ აღადგენს, – შეაჯამა თავისი გამოსვლა ბატონმა ხუხაშვილმა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

___

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

Advertisements