ქართველ მამაკაცებს ფეხებს საჯარო მოხელეები დაბანენ

ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა. მისი ინიციატივის თანახმად, დაოჯახებული ქალბატონები სტატუსით საჯარო მოხელეებს გაუთანაბრდებიან, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ ანაზღაურებასა და სადაზღვევო პოლისებს მიიღებენ.

მაგრამ ამ წინადადებას, რომელიც დეპუტატმა უკვე წარუდგინა პარლამენტს, არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა.

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ ჩახვაძე ნაციონალური მოძრაობის იდეების გაჟღერებაში დაადანაშაულა, მისი თქმით, ინიციატივის მიზანი ხალხისთვის იმ დროის დავიწყებაა, როდესაც ნებისმიერ ქართველ მამაკაცს შეეძლო მოსკოვში გადაფრენილიყო და იქ დაებანა ფეხები.

უმრავლესობის წარმომადგენელი ელდარ კვერნაძე ედპ-ს ინიციატივას ჯერ არ გაცნობია, მაგრამ, მისი თქმით, საქართველო რუსეთისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ჩვენთან საჯარო მოხელე ხალხის მსახურია.

ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განგვიცხადა, რომ ჩახვაძის ინიციატივები არ აინტერესებს და სანამ სააკაშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში არ გაგზავნის, ის და მისი თანამოაზრეები სულ არ დაიბანენ ფეხებს.

„კავკასიის ქალთა ქსელის“ ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსგან ქალებისადმი ასეთი მიდგომა – ფულს გადაგიხდი და შინ დაჯექიო – სკანდინავიაშია გამართლებული, ჩვენთან კი – არა, ვინაიდან ქართველი ქალი, ევროპელისგან განსხვავებით, რწმენითაა ძლიერი და მშვენივრად შეუძლია, სამუშაოზე დაჰყოს 8 საათი, მივიდეს შინ, სადილი მოამზადოს და ამის შემდეგ ქმარს ფეხებიც დაბანოს… ეგ კი არა – ლუდზეც ჩაეგზავნება სუპერმარკეტში.

ჩვენ დავინტერესდით, გამოიწერება თუ არა ფეხების დაბანისთვის სალაროს ქვითრები და მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას გათამაშებაში, მაგრამ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა პასუხისგან თავი შეიკავა.

მოვლენების განვითარებას თვალს მივადევნებთ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements