კულტურული მემკვიდრეობა საფრთხეშია!

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა დღეს მძიმე დღეშია – ამის თაობაზე დამსახურებული არქიტექტორი, პროფესორი ბაირონ ჯობავა გვესაუბრება.bulding

ბატონო ბაირონ, ჩვენ ახლა ვდგავართ ისტორიული შენობის წინ, რომელსაც კერძო ინვესტორის გადაწყვეტილებით ანგრევენ – რა შენობაა ეს, რა ღირებულება ჰქონდა მას ქართული არქიტექტურისთვის?

– ეს შენობა ე.წ. პრიმიტიული რეალიზმის ნიმუში იყო… დღეს ამ არქიტექტურას საბჭოურს უწოდებენ, მაგრამ საბჭოური აქ არაფერია – ეს მხოლოდ გეოგრაფიული დასახელებაა. სინამდვილეში, არქიტექტურის ეს სტილი მსოფლიო არქიტექტურული ტენდენციების ნაწილია და გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა. ეს შენობა ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში იყო… შეიძლება ითქვას, ერთადერთიც კი, რომელიც გადარჩა და აჰა – მასაც მიდგნენ! მე პირველკურსელები მომყავდა ხოლმე აქ… ახლა სად წავიყვანო, აღარც კი ვიცი.

– ამ შენობას ისტორიული მნიშვნელობაც ქონდა, როგორც მითხარით.

– რამდენადაც ვიცი, აქ იმალებოდნენ საბჭოთა რეჟიმის მოწინააღმდეგენი. სტუდენტები რომ მომყავდა, მაშინ სარდაფის დათვალიერებისას ვნახეთ წარწერა – “ზდეს სკრივალსა ოტ სოვეტსკოი მილიციი ვორ ვ ზაკონე რამაშკა”-ო… დრო არ მქონდა, ეს ფაქტი უფრო დეტალურად გადამემოწმებინა, ახლა კი აღარც შენობაა და აღარც ეგ წარწერა… ვინძლო, რამაშკას კვალიც წაშლილია.

– თქვენ ერთი რომანტიკული ისტორიაც მომიყევით, რაც ამ შენობასა და დიდ ქართველ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძეს უკავშირდება, ეგებ, ჩვენს მკითხველებსაც მოუთხროთ?

– ჰო… ეგ ჩემი ახალგაზრდობის გამორჩეული მოგონებაა. სტუდენტები ვიყავით მაშინ. ბიჭებმა ლექციების შემდეგ პატარა წავიხემსეთ, ღვინო დავლიეთ და მოვუყვებით ნელ-ნელა ეგერ აღმართი როა, თავქვე – მაშინ სტუდენტებს სტიპენდიაც გვქონდა და პატივისცემაც – ახლა როა, ისე კი არ იყო… მოვდივართ და ვხედავ, ჩვენს წინ გალაკტიონი მიდის. ბარბაცზე ეტყობოდა, ეგეც კარგად იყო შეზარხოშებული. ამან უფრო გაგვაბედინა, დავეწიეთ და გამოველაპარაკეთ. ვინ ხართო, გვკითხა. სტუდენტები-მეთქი. ფილოლოგებიო? არა, ფილოლოგები არ ვართ, არქიტექტორები ვართ, მაგრამ პოეზია ძალიან გვიყვარს-თქვა. ეჭვის თვალით შემოგვხედა. უცებ მოვიფიქრე და ხმამაღლა წამოვიწყე: “ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება…”  ვატყობ, ესიამოვნა. დაიჯერა, რომ მართლა პოეზიის მოყვარული, კარგი ახალგაზრდები ვიყავით. გზა ერთად განვაგრძეთ. ვსაუბრობდით ლიტერატურულ ცხოვრებაზე, გალაკტიონმა ახალი ლექსები წაგვიკითხა. ამ შენობას რომ მივუახლოვდით, – “მოიცათ აქ, ბიძიკოებო პატარა ხანსო,” – გვითხრა. მივიდა ეგერ, ჭიშკარი რომ ჩანს და კუთხეში მიაფსა… მეორე დღეს ინსტიტუტში რომ მოვყევი, არ გვიჯერებდნენ. მერე ამ ადგილას ბიჭები გოგონებს პაემნებს უნიშნავდნენ. გალაკტიონის ლექსებს უკითხავდნენ… ახლა კი მიდგნენ ეს უჯიშოები და ნანგრევებიღა დატოვეს და მალე მაგასაც აიღებენ.

ამ მძიმე ფიქრებით დაგვშორდა ღვაწლმოსილი პროფესორი და გალაკტიონის ნაკვალევს გაუყვა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements