ობამა–სააკაშვილის შეხვედრის საიდუმლო დეტალები

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაქ ობამის მიწვევით აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები  განიხილეს. პრეზიდენტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს საქართველო-აშშ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა გამოხატა. ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივაზე. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის, რომელსაც ობამას ადმინისტრაცია და ამერიკის შეერთებული შტატები ყველა დონეზე ავლენს.

მაგრამ ამასობაში ბარაქ ობამა საკუთარ სამშობლოში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

გავლენიანმა ამერიკელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა, ტელეკომპანია “რაშმორის მთის” დამფუძნებელმა და ყოველდღიური თოქ-შოუ “სპექტრუმის” წამყვანმა, დეივიდ აიქიუმ პრეზიდენტ ობამას სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებასა და ბიუჯეტის განიავებაში დასდო ბრალი:

– მოგეხსენებათ, ბატონი ობამა საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილთან მართავს მოლაპარაკებებს, – განაცხადა ბატონმა აიქიუმ, – მაგრამ იცით თუ არა, რა დაუჯდა ეს ყველაფერი ამერიკელ გადასახადის გადამხდელს? იმისთვის რომ პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვედროდა, ობამას ადმინისტრაციამ მილიონ ორასი ათასი დოლარი გახარჯა აშშ-ს ბიუჯეტიდან. ეს თანხა გადანაწილდა ორ ქართულ ლობისტურ ჯგუფს შორის, რომელთაც უნდა ეწარმოებინათ პრეზიდენტ ობამას პიარი საქართველოში და მოეხერხებინათ პრეზიდენტ სააკაშვილის დაყოლიება, რომ შეხვედრა შემდგარიყო. პრეზიდენტ ობამას პოლიტიკა კრახს განიცდის, მისი პოპულარობა ეცემა როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და ახლა ბატონი ობამა ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობს პრიმიტიული პიარით… მაგრამ ეს პიარი ამერიკელ გადასახადების გადამხდელთა ჯიბეს ძალიან ძვირი უჯდება! – აღშფოთება ვერ დამალა ბატონმა აიქიუმ.

შეგახსენებთ, რომ დეივიდ აიქიუ ობამას პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსია. მას სახელმწიფო სახსრების პირადი პიარისთვის გამოყენებაში პრეზიდენტი ობამა ადრეც დაუდანაშაულებია (ობამა და ბუზი).

თოქ-შოუ “სპექტრუმში” მიწვეულნი იყვნენ ცნობილ ამერიკელი პოლიტოლოგი, “მიუმხრობელ ექსპერტთა კლუბის” პრეზიდენტი იოზეფ ცისი და გამოჩენილი უფლებადამცავი, იურისტი ზაქირ ქუცი რომლებმაც მკაცრად შეაფასეს ობამას პოლიტიკა.

– პრეზიდენტწოდებულ ობამას ბრალი ედება პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, – განაცხადა ბატონმა ქუცმა, – ზუსტად ერთი წლის წინ, მისი პირადი ბრძანებით, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მოკლულ იქნა ბატონი ბინ ლადენი… მას არ მიეცა ადვოკატის აყვანის უფლება, არ მიეცა თავის მართლების საშუალება, რაც აშშ-ის კონსტიტუციისა და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა… და მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მე პირადად დღევანდელ დღემდე დიდ პატივს ვცემდი, ასეთ ადამიანს ხვდება… სიტყვები არ მყოფნის!

იოზეფ ცისი არანაკლებ მკაცრი იყო:

– ვფიქრობ, ბატონმა სააკაშვილმა ვიზიტისთვის ძალიან ცუდი დრო შეარჩია – პრეზიდენტ ობამას რეიტინგი ეცემა, ის ფაქტობრივ პოლიტიკურ იზოლაციაშია… ჩვენ, ამერიკელი ამომრჩევლები ვემზადებით ობამას რეჟიმის დასრულებისთვის და ასეთ დროს მის პიარ-კამპანიაში ჩაბმა, ბატონი სააკაშვილის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია… მე ვფიქრობდი, რომ ბატონი სააკაშვილი ამერიკელი ხალხის მეგობარია, სამწუხაროდ დღეს დავრწმუნდი, რომ ის ობამას მეგობარი ყოფილა. მაგრამ 2010 წელს ობამამ დაკარგა უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში, 2013-ში ის დაკარგავს თეთრ სახლს… ეს გარდაუვალია და ობამას პიარ-ტრიუკებს უკვე არავინ ჭამს.

გადაცემის ბოლოს, ბატონი აიქიუ ტელემაყურებლებს დაპირდა, რომ ობამა-სააკაშვილის მოლაპარაკების საიდუმლო დეტალებს მალე გამოიტანს სააშკარაოზე.

– ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტების პრეს-კონფერენცია CNN-ისა და FOX-ის ეთერით… მაგრამ პირადად მე ვერაფერი გავიგე – სამთვრობო ჟურნალისტებმა პრეს-კონფერენცია ისე თარგმნეს, როგორც სურდათ. დამახინჯებულად თარგმნეს… მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ ამ შეხვედრის ტრანსკრიპტი და გადავუგზავნეთ ცნობილ ლინგვისტს, ბატონ შალვა ნათელაშვილს. ის გვითარგმნის ამ მასალას და ხვალ საღამოს, ჩვენი ტელეკომპანიის ეთერით, თოქ-შოუ “სპექტრუმში” ზუსტად მოგახსენებთ, თუ რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა სინამდვილეში!

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

ობამა და ბუზი

Advertisements