თბილისის საკრებულოში შავი მესა ტარდება?

Griffinsრამდენიმე დღეა თბილისელებმა საკრებულოს შენობის წინ (თავისუფლების მოედანზე) აღმართული ურჩხულის ორი ქანდაკება შენიშნეს. როგორც ძველი თბილისის გამგეობის პრეს-სამსახურში განგვიცხდეს, მათზე გრიფონებია გამოსახული და ქანდაკებები თბილისის რეაბილიტაციისა და შენობებისთვის ისტორიული სახის დაბრუნების პროგრამის ფარგლებში აღიმართა, თუმცა, როგორც ცნობილია, მართლმადიდებელ მამათა სწავლებით, გრიფონი არის შავ ძალთა მსახური, რომელიც განასახიერებს დემონთა სურვილს, გაბატონდენ მიწასა და ცაზე და, ტრადიციულად, ჯოჯოხთის ბჭეს იცავენ. ამ კონტექსტში გრიფონების აღმართვა ადმინისტრაციული შენობის წინ, არ შეიძლება, თბილისელთა შეშფოთებას არ იწვევდეს.

როგორც ახლომდებარე სახლებში მცხოვრებნი აღნიშნავენ, შებინდებისას საკრებულოს ფანჯრები ალისფერად ელავს. ქალბატონმა მერიკომ კი, რომელიც თავისუფლების მოედანზე მზესუმზირით ვაჭრობს, განგვიცხადა, რომ ღამ-ღამობით აქ შავმოსასხამიანი ადამიანები მოდიან.

– მერე არ გეშინიათ, ქალბატონო? – დაინტერესდა ჩვენი ჟურნალისტი, რაზეც მზესუმზირის გამყიდველმა უპასუხა:

– რათ უნდა მეშინოდეს შვილო? პირიქით – კმაყოფილიც ვარ, მოდიან, სემიჩკას ყიდულობენ, ღამით კარგი ვაჭრობა მაქ… აბა დღისით რას გავყიდი? – უბრალო ხალხი გაჭირვეულია, შვილო, ფული არ აქ…

messთვითმხილველთა ინფორმაციით, შავმოსასხამიანი ხალხი გვიან ღამით შავი ავტომობილებით მოდის და საკრებულოს შენობაში შავი მაგიის რიტუალებს მართავს. მათი ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინაიდან სახეებს კაპიუშონები უფარავთ, თუმცა ანონიმური წყარო გვიდასტურებს, რომ შავი მესის დროს ისინი ბულგაკოვის “ოსტატსა და მარგარიტას”, ნიკოს კაზანძაკისის “ქრისტეს უკანასკნელ ვნებას”, ჯოან როულინგის “ჰარი პოტერსა” და სხვა სატანისტურ ლიტერატურას კითხულობენ.

– მე აი, ეგერ ვცხოვრობ და ისეთი გუგუნია, ჩემთანაც კი ისმის! აივანზე ვერ გავსულვარ სიგარეტის მოსაწევად! – შემოგვჩივლა მოქალაქემ.

რამდენიმე წყარომ ისიც დაგვიდასტურა, რომ ერთ-ერთი ასეთი თავყრილობის დროს ერეკლე დეისაძის “საიდუმლო სირობის” საჯარო კითხვაც კი გამართულა.

ამ ინფორმაციის გადამოწმება საკრებულოს დეპუტატებთანაც ვცადეთ, თუმცა მათ ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. ერთადერთი, ვინც დაგვთანხმდა, კობა დავითაშვილი იყო, ისიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

– ღამით მე აქ რა მინდა, კაცო, დღისითაც ჭირივით მეზარება აქ მოსვლა!

ჩვენ თეოლოგებსა და ექსპერტებსაც დავუკავშირდით – “სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნანა დევდარიანის აზრით, “მალხაზ გულაშვილის დევნითა და დაპატიმრებით ამ ხელისუფლებამ ყველანაირ სატანისტურ სექტებს მოუღო საქართველოს კარი”.

ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუდიაშვილის სკვერში შავი მაგისა და ალქიმიკოსის, ალბერტ დიდის მონუმენტის აღმართვა იგეგმება.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements