საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირს ეზღუდება პოლიტიკურ პროცესებში უშუალო მონაწილეობის, პარტიის შექმნისა და არჩევნებში კენჭის ყრის უფლება.
“უპასპორტო მილიარდერი” ბიძინა ივანიშვილი ვერ ამოიყენებს გვერდით ქეთი დოლიძეს, რობერტ სტურუასა და გურანდა გაბუნიას და ვერ დააფუძნებს პოლიტიკურ მოძრაობას. ვერ გახდება პრემიერ-მინისტრი და ვერ ჩაყრის სოფლის მეურნეობის ძირგავარდნილ ქვევრში მილიარდს ან ორს. ვერ აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარედ და ვერ მიიღებს კანონს ახალი რეგულატორების შემოღების შესახებ. ვერ დააწესებს ფასებზე კონტროლს. ვერ შემოიღებს მაღალ საბაჟო გადასახადებს ეროვნული მრეწველობის “დასაცავად”. ვერ ჩაიდენს ათასგვარ პოპულისტურ და კონტრპროდუქტიულ უაზრობას, რაც, საბოლოო ჯამში, მას დააკარგვინებს პოპულარობასაც და, ეგებ, ქონების ნაწილსაც. არ გაიხდის თავს სალანძღავად და ქველმოქმედი კაცის სახელი დარჩება. ამიტომ მან უნდა თქვას: მადლობა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, პასპორტის ჩამორთმევისთვის.
უპასპორტო ბიძნა ივანიშვილს შეუძლია, მიიტანოს მედიაში რეკლამა და მის ფინანსურ დამოუკიდებლობას წაახმაროს ხელი. შეუძლია ჟურნალისტური ფაკულტეტების სტუდენტებს მისცეს გრანტები, გაამგზავროს საზღვარგარეთ სასწავლებლად და პრაქტიკაზე და მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას წაეშველოს. შეუძლია, ფინანსურად დაეხმაროს მემარჯვენე, პროდასავლელ, ნაკლებადპოპულისტ და ლიბერალ პოლიტსპექტრს – რესპუბლიკელებს, მემარჯვენეებს და, ჯანდაბას, რახან ასე ძალიან მოსწონს – ალასანიას (თუმცა, მე პირადად ალასანია არც მემარჯვენე მგონია და არც ნაკლებადპოპულისტი) და ამით პრორუსული, მემარცხენე, პოპულისტური, ურაპატრიოტული და მესიანისტური პოლიტიკოსები ოპოზიციურ ფლანგზე დაასუსტოს.
მაგრამ, ხომ ვიცი, რომ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობ?
ხომ ვიცი, რომ ქეთი დოლიძემ უკვე მიიღო თავისი წილი მუგუზალი და ახლა ინტელიგენციას რაზმავს ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში გასაერთიანებლად.
ხომ ვიცი, რომ ივანიშვილთან აუდიენციის პატივი უკვე წილად ხვდა გუბაზს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში აშშ-სა და რუსეთს თანაბრად ადანაშაულებს – “აშშ და რუსეთი არჩევან-არადანს თამაშობენ. ამერიკამ გააკეთა არჩევანი – სერბეთის დაშლა. ახლა რუსეთი აკეთებს არადანს და საქართველოს შლისო,” – ამას ბრძანებს.
ხომ ვიცი, რომ ქართუ-ჯგუფის ახალ ხელმძღვანლად ნოდარ ჯავახიშვილი შეარჩია… შეარჩია და შეარჩია – მისი საქმეა, მაგრამ ამ საკადრო გადაწყვეტილებიდან ჩანს, როგორი მართვის სტილია ივანიშვილისთვის მოსაწონი – ადამიანს ვერ გაუგია, რომ ქართულ საბანკო სივრცეში “ჯავახიშვილების” დრო წასულია. ახლა “გურგენიძეების” დროა. და აქ იმდენად ასაკს არ ვგულისხმობ, რამდენადაც მენტალურ სიახალგაზრდავეს.
ყველაზე უარესი კი ის საყოველთაო აღტყინებაა, ირგვლივ რომ სუფევს. აღტყინება და მორიგი მესიის მოლოდინი.
ჰოდა ისევ იქა ვართ, სადაც ვიყავით.
დეპოში გრიშა ბიძიასთან.
თან – გვძინავს.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
ეს პირველი პოსტია ბლოგზე, რომელიც ჯერ ფეისბუქის ნოუთად დავწერე და ახლა ბლოგზეც გადმომაქვს. ერთი ივანიშვილ-პოსტი უკვე მქონდა ბლოგზე და აღარ ვაპირებდი მეტს, მაგრამ იყოს მაინც.
ბლოგი ჩემთვის მაინც მთავარია. ფეისბუქზე კი დღეს ვარ – ხვალ აღარ ვიქნები.