ჭორვილის ქვეყნის ჯადოქარი

ტოტო, ასე მგონია, რომ კანზასში აღარ ვართ!
ფრენკ ბაუმი, “ოზის ქვეყნის ჯადოქარი”

the_wizard_of_ozჩინური სიბრძნე ამბობს – ჩრდილში დგომა სჯობს, მაშინ მათაც კარგად დაინახავ, ვინც მზის გულზეა და მათაც, ვინც ჩრდილშიაო. ბიძინა ივანიშვილი იმდენ ხანს იდგა ჩრდილში, რომ დასანახი, ალბათ, არც არვინ დარჩა და მზეზე გამოსვლაც განიზრახა.

ანტრე, ბატონო!

მაგრამ ქართული საჭადრაკო დაფა სავსეა და არც ცარიელი უჯრედებია დარჩენილი. ბიძინა ივანიშვილის პარტიას დიდი არჩევანი არ აქვს. დაგვპირდნენ, რომ  საპროგრამო მონახაზს ის 7 ოქტომბერს გაგვიმხელს, მაგრამ ამ პოლიშინელის საიდუმლოში გასამხელი არც არაფერია. ეჭვგარეშეა, რომ პატრიოტულ-პოპულისტურ ნიშას დაიკავებს მემარცხენე შეფერილობით და ამგვარი გემოვნების (თუკი ამას გემოვნება ჰქვია) ელექტორატის დარაზმვას შეეცდება. ლოზუნგებიც უკვე კარგად ცნობილი და მრავალგზის გადაღეჭილი ექნება:

– მართლმადიდებლური ეკლესია ქართული სახელმწიფოს ქვაკუთხედია და მისი განსაკუთრებული როლი კონსტიტუციურად უნდა განმტიკცდეს;

– ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს;

– სტრატეგიული ობიექტები ერის საკუთრებაში უნდა დარჩეს;

– ქართულ კულტურას გლობალიზაციის საფრთხეებისგან მხარდაჭერა სჭირდება;

– ინგლისური ენის სწავლება დაწყებითი კლასებიდან დაუშვებელია;

– კომპიუტერების შეტანა სკოლაში არ შეიძლება და ბავშვები წიგნს უნდა დავუბრუნოთ;

– საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღებისთვის მზადება უნდა დავიწყოთ;

– საქართველომ ყველა მეზობელთან თანაბრად კეთილმეზობლური ურთიერთობები უნდა დაამყაროს, ამიტომ არც ერთ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებაში არ უნდა მონაწილეობდეს და ნეიტრალიტეტი უნდა გამოაცხადოს…

ზედ დაბალ ტარიფებს, ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის უცხოური ეკონომიკური ექსპანსიისგან დაცვისა და სხვა ამგვარ დაპირებებს მოაყრიან და კლასიკური პოსტულატით: “არც რუსეთი, არც ამერიკა – ხელისუფლება უნდა იყოს ქართული” დაამშვენებენ.

ეს ლოზუნგები, პირველ რიგში, ქრისტიან-დემოკრატების, ეროვნული ფორუმის, ლეიბორისტების ამომრჩეველს წამოიკიდებს, თუმცა, ყველა სხვა გემოვნების ელექტორატის აქტიურობასაც გაზრდის და საარჩევნო ყუთებთან ისეთ ამომრჩეველსაც კი მიიყვანს, მარადიული ბოიკოტის რეჟიმში რომ რჩებოდა (გულგატეხილობისა თუ სხვა მიზეზთა გამო) და თითქმის არასდროს ყოფილა არჩევნებზე…

მაგრამ ივანიშვილის გამოჩენა საკუთრივ “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატს ვერ შეამცირებს. უფრო – პირიქით.

ძლიერი წამემარცხენეო პატრიოტულ-პოპულისტური და ნეიტრალიტეტზე (წაიკითხე: რუსეთზე) ორიენტირებული პარტიის გამოჩენა ყველას, ვინც მიიჩნევს რომ ეს ჩიხია – ყველაზე უარესი ჩიხი, რაცკი შეიძლება იყოს – უბიძგებს საპირწონე ქვა მოძებნოს… ლიბერალურ-მემარჯვენე პოლიტ-ფრთაზე საწონთ თუ გადავწონით, ვეჭვობ რომ დღევანდელი ხელისუფლებიდან შორს მდგომი ვერ მოიძებნება. ივანიშვილის გამოჩენა საჭადრაკო დაფაზე სწორედ “გაუმჯობესებული მიშასკენ” უბიძგებს ლიბერალულად განწყობილ, მემარჯვენე ორიენტაციის ამომრჩეველს და ძალთა კონცენტრაციასაც ასეთი ფიგურის ირგვლივ გამოიწვევს.

“ჩემო კარგო, მე ცუდი ჯადოქარი ვარ, მაგრამ კარგი ადამიანი,” – ეუბნება ოზის ქვეყნის ჯადოქარი დოროთის.

ნეტამც.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)