სააკაშვილს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა!

ამის შესახებ ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ოფისში გამართული ორშაბათის ტრადიციული საინფორმაციო ბრიფინგის დროს განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა, იოსებ შატბერაშვილმა.

“სააკაშვილის პროპაგანდისტული ფილმი “აგვსტოს ხუთი დღე”, რომელიც მან ქართველი ხალხის ჯიბეებიდან ამოცლილი რამდენიმე ათეული მილიონი დოლარით დააფინანსა, სამარცხვინოდ ჩავარდა, – ბრძანა ბატონმა სოსომ, – ფილმს ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მიგდებულ კინოთეატრებშიც კი არ აჩვენებენ, – ამაში აშშ-ში ამასწინდელი ვიზიტის დროს დარწმუნდა ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი, ქალბატონი ნესტან კირთაძე.”

ბატონი სოსოს თქმით, ქალბატონმა ნესტანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა, მათ შორის კინოპროდიუსერებთან და მათი საქართველოს თემატიკით დაინტერესება შეძლო.

“სააკაშვილს მეორე კოვზიც ნაცარში ჩაუვარდა, – განაცხადა ბატონმა შატბერაშვილმა, – ჰოლივუდი დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ამ მოვლენების მართალი აღწერით და არა ნაციონალების პროპაგანდით.”

ბატონი სოსოს მტკიცებით, იმ მიღების დროს, რომელიც ქალბატონ ნესტანს “ამერიკელ პროდიუსერთა და კინემატოგრაფისტთა ასოციაციამ” გაუმართა, გადაწყდა, რომ ჰოლივუდი წარმოებაში ჩაუშვებს ფილმს სამუშაო სახელწოდებით “ოპოზიციის შემოდგომა”, რაც ქართველი ხალხის ბრძოლას ასახავს დიქტატურის წინააღმდეგ საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის ხელმძღვანელობით.

“რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, ფილმში ბატონი შალვა ნათელაშვილის როლის შესრულების პატივი ტომ ჰენქსს ხვდა წილად, თქვენს მონა-მორჩილს ბრიუს უილისი განასახიერებს, ქალბატონი ნესტანის როლზე კი, სავარაუდოდ, ანჯელინა ჯოლის მიწვევა იგეგმება,” – გაგვიმხილა ბატონმა სოსომ.

პასუხს კითხვაზე ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და პრეზიდენტ სააკაშვილის როლის შემსრულებლის შესახებ, ბატონმა სოსო შატბერაშვილმა თავი აარიდა.

რედაქტორის მინაწერი:

როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლებთან დაახლოებულია ყოფილი ქართველი პოლიტიკოსი, ამჟამად კი პოლიტოლოგი და მკვლევარი ცოტნე ბაკურია. ის ადრე საუბრობდა ფილმზე, რომელსაც საქართველოში მიმდინარე მოვლენები უნდა აესახა და რომლის გადაღებითაც კევინ კოსტნერი იყო დაინტერესებული (კაცი, რომელმაც ჰოლივუდი გააუპატიურა). ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ეს იგივე კინოპროექტია, რომელზეც ბატონი შატბერაშვილი საუბრობს, თუ სხვა.
© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements