გზა, რომელსაც ტაძრისკენ არ მივყავართ

პითაგორას მოწაფეებს სჯა-ბაასში ერთი ასეთი არგუმენტი ჰქონდათ, თურმე, მომარჯვებული: “მოძღვარმა ასე ბრძანაო!” – ამას რომ იტყოდნენ, დამთავრებული იყო, თავიანთზე იდგნენ და ფეხს აღარ იცვლიდნენ, მოპაექრეთ რა საბუთიც უნდა მოეშველიებინათ; მაგრამ პითაგორელებსაც კი შეშურდებოდათ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლისა და რელიგიური ორგანიზაციების არცთუ მცირერიცხოვანი დასის, სინოდის კრების გადაწყვეტილებას რომ ელოდნენ, რომელთა შორის ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების წაკითხვა და გააზრება მოისურვა – რა საჭიროა, მოძღვარი ხომ მყავს, მან წაიკითხა და ასე თქვა, რომ ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ცვლილებებიაო, – დაუსვა ბეჭედი ერთმა ქალბატონმა, ის ერთი ქალბატონი კი სხვასა ჰგავდა და სხვა ყველა კიდევ – მას; თუარადა ბევრი უარა შალვა რამიშვილმა შიგ თუ გარე ამ ხალხს და ერთიც ვერ ნახა ამ ქალბატონისგან განსხვავებული, ვინც თავადაც უწყოდა და ჩვენც გაგვაგებინებდა, რა არის მაინც ამ ცვლილებებში ქვეყნისა და ეკლესიის დამაქცევარი.

მოძღვრის ვალი ისაა, მრევლს ესაუბროს – ამის საწინააღმდეგო ვის რა უნდა ჰქონდეს, მაგრამ რას ესაუბრება, ამას კი ვჩივი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მართლმადიდებელია და ამათგან ნახევარი მაინც ეკლესიაში რეგულარულად დადის, ქადაგებებს უსმენს, მოძღვარი ჰყავს და გულგრილნი ვერ ვიქნებით იმის მიმართ, თუ რას უქადაგებენ ამბიონიდან და ვის უთვლიან წყევლა-კრულვას. განათლებაზე, მშვიდობაზე, ურთიერთშეწყნარებაზე საუბრობენ, თუ – ბიომეტრიულ პასპორტებზე კოდირებულ “მხეცის ნიშანზე”, ჩადგმულ ჩიპებზე, დაცემულ დასავლეთზე და კურთხეულ რუსულ ბომბებზე…

ცოდნა ძალაა, მაგრამ მცირედცოდნა არანაკლები ძალაა. არაბულ სიტყვა “თალიბანს” ერთობ უწყინარი მნიშვნელობა აქვს – სტუდენტებად ითარგმნება. მოლების მიერ დამოძღვრილი სტუდენტები დღეს რამდენიმე ქვეყანას მართავენ. მე პირადად არცერთ ამ ქვეყანაში ცხოვრება არ მხიბლავს. თქვენი არ ვიცი.

ალბათ, მეტყვით – მცირედგანათლებულობა მთლიანად ჩვენი საზოგადოების ჭირიაო. მართალია, მაგრამ საერო განათლების სისტემაზე ზემოქმედების ბერკეტები ჩვენს ხელთაა – საჯარო დისკუსიებითა თუ პროტესტით დაწყებული და არჩევნებით დამთავრებული. სხვათა შორის, ჩვენი ქვეყნის განათლების “სოროსული” პოლიტიკა რომ 180 გრადუსით შეტრიალდა – ეს მეტწილად საზოგადოების ზეგავლენითაც მოხდა. მე ლომაიას რეფორმები უფრო მომწონდა, თუმცა, ამ შემთხვევაში, უმრავლესობა სხვა აზრისა აღმოჩნდა. რაც შეეხება სასულიერო განათლებას (ფართოდ რომ ავიღოთ – საკვირაო სკოლებით დაწყებული და ამბიონიდან ქადაგებით დამთავრებული) – აქ საზოგადოების გავლენა მცირეა. ჩვენი ეკლესია ყოველგვარ საჯარო დისკუსიასა და კრიტიკის მიღმა დგას. საზოგადოება მასზე ზეგავლენის ინსტრუმენტებისგან დაცლილია. საპატრიარქოს ჩრდილქვეშ ჟურნალისტური გამოძიებები ჭკნება და ლიბერალ პოლიტიკოსებს კრიჭა ეკვრით.

ესაა გზა ცალმხრივი მოძრაობით, რომელიც, ვეჭვობ, ტაძრამდე მიდიოდეს.

P.S.

ვიცი, მეტყვით – ჟურნალისტური გამოძიებები ჩვენს მედიაში, საერთოდაც, ცოტააო. გეთანხმებით – ცოტაა. მეტი უნდა იყოს. უფრო უკეთესი უნდა იყოს. სხვადასხვა ტელევიზიაში უნდა იყოს. ბევრ გაზეთში უნდა იყოს. ზოგადადაც, უკეთესი მედია უნდა გვქონდეს… მაგრამ რაც გვაქვს, იქაც რომ კიდევ ტაბუდადებული თემები, პერსონები და ინსტიტუტებია, არც ეს მომწონს.

“დასაშვებია მკაცრი ფორმებით გამოთქმული კრიტიკა იმ საჯარო პირების მიმართ, რომლებიც ჩაბმულნი არიან საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში ან რომელნიც, თავიანთი ავტორიტეტის წყალობით, გავლენას ახდენენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე”, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს განჩინებაში საქმეზე ლარი ფლინტი ღირსი მამა ჯერი ფალველის წინააღმდეგ.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.P.S.

რამდენიმე სასულიერო პირისთვის მომისმენია, როცა მითქვამს, რა კარგი მოძღვრები გვყოლია-მეთქი… გაიხედავ და ჰოპ! – ან ღვთისმსახურება აქვთ შეჩერებული ან სასულიერო სასწავლებლიდან დაითხოვეს.

მამა ზაზა თევძაზე – ტოლერანტობა – უმთავრესი რელიგიური ღირებულება თუ თავსმოხვეული იდეოლოგია

მამა კახაბერ კურტანიძე – ფუნდამენტალიზმის გადალახვა

*

და ეს კიდევ წერილი სამეზობლოდან
17 წერილი ქუცნას – გზა რწმენით

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)