კალიფორნიის შტატსა და კულტურისტებს შორის კონკორდატი გაფორმდება?

როგორც ცნობილი გახდა, კალიფორნიის შტატსა და ამერიკის ბოდიბილდინგის ფედერაციას შორის საგანგებო შეთანხმების გაფორმება იგეგმება, რომელიც კალიფორნიელი ახალგაზრდობის ჯანსაღი ცხოვრების წესში ბოდიბილდიგის დამსახურებას აღიარებს. ჯერ-ჯერობით შეთანხმების ზუსტი ტექსტი ცნობილი არაა, მაგრამ ცნობამ ადგილობრივ პრესაში უკვე გაჟონა და დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ამერიკის ბეისბოლის ფედერაციის წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, განგვიცხადა, რომ “ყველასათვისაა ცნობილი, რომ სწორედ ბეისბოლია ამერიკელთა იდენტობის საზომი და ეროვნული სიამაყე და ბოდიბილდერთა მცდელობა, იგივე სტატუსი მოიპოვონ, თუნდაც მხოლოდ ერთი შტატის ფარგლებში, სამარცხვინო საქციელია. ჩვენ, ბეისბოლისტები, ჩვენი ქვეყნის ისტორიას დამფუძნებელ მამებთან ერთად ვქმნიდით და ვერვისგან მოვითმენთ ამ ისტორიული როლის ეჭვქვეშ დაყენებას – ბოდიბილდერები იქნებიან ეს თუ კერლინგისტები!” – განაცხადა ბეისბოლოს ფედერაციის წარმომადგენელმა.

ბევრად უფრო მკვახე იყო San Francisco Giants-ის პიჩერი გილერმო მოტა: “თავი მათ მკერდზე წყეულ იყოს, მხრები – მკერდზე, მკერდი – წელზე, წელი ბარძაყთა ზედა და ბეისბოლის კეტი თავსა მათ ზედა!” – განრისხება ვერ დამალა ბატონმა მოტამ.

კულუარებში საუბრობენ, რომ ამ კანონის უკან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი დგას. “შვარცენეგერი ჯერ კიდევ იმ დროს ეწინააღმდეგებოდა ამერიკის ისტორიაში ბეისბოლის განსაკუთრებული როლის აღიარებას, როდესაც ის ფიზიკური კულტურისა და სპორტის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა, – განგვიცხადა ბეისბოლის განვითარების ფონდის საბჭოს წევრმა, ექსპერტმა უილ ჯაჯმა, – როცა შვარცენეგერი კალიფორნიის გუბერნატორად აირჩიეს, მან მიზნად დაისახა ბეისბოლის სტატუსის დამცვრობა და კულტურისტთა სტატუსის მასთან გათანაბრება, მაგრამ თავისი გუბერნატორობის დროს ამის გაკეთებას მოერდია, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში არ დაედოთ ბრალი, ახლა კი ცდილობს ადმინისტრაციაში საკუთარი ლობის ხელით მთელი ამ პროცესის დაასრულებს. თუ ასე მოხდება – შვარცენეგერი გაიმარჯვებს, მაგრამ ბეისბოლი არასდროს დამარცხდება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ყველანი ბეისბოლისტები ვართ! – იმედი გამოთქვა ბატონმა ჯაჯმა.”

შტატის ადმინისტრაცია ჯერ-ჯერობით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. “მაგათ ის ურჩევნიათ მიჩელის რეპორტს მიხედონ!” – მხოლოდ ეს განგვიცხადა კალიფორნიის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

რედაქტორის მინაწერი:

“მიჩელის რეპორტი” – არის სენატორ ჯორჯ მიჩელის ანგარიში, რომელიც ბეისბოლის უმაღლესი ლიგის 89 მოთამაშის მიერ ნარკოტიკებისა და სხვადასხვა სახის სტეროიდების მოხმარებას ამხელს. 

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements