გუგლ პლიუსის პირველი მინუსები

28 ივნისს “გუგლმა” თავისი სოციალური ქსელი “გუგლი პლიუსი” დაქოქა. ის ჯერ მხოლოდ ტესტურ რეჟიმშია, მაგრამ ბევრმა მას უკვე უწოდა “ფესიბუქის მკვლელი”.

“დღეს ფეისბუქის პოზიციები, თითქოს, ურყევია, – აცხადებს ინტერნეტ-ექსპერტი ჯოან მაიერი, – მაგრამ გაიხსენეთ, რომ სულ რაღაც ორიოდ წლის წინ უდიდესი სოციალური ქსელი “მაისფეისი” იყო, დღეს კი ის დაემგვანა გემს, რომლიდანაც მგზავრები გარბიან”.

მართლაც, მხოლოდ 2011 წლის იანვარ-თებერვალში “მაისფეისმა” 10 მილიონი წევრი დაკარგა და მათი უმრავლესობა სწორედ “ფეისბუქში” გაწევრიანდა, კომპანიის კვარტალური ზარალი კი 150 მილიონ დოლარს შეადგენს – ამის გათვალისწინებით, “ფეისბუქის” პოზიციებიც არ არის ისეთი მტკიცე, როგორადაც ჩანს და იქ არხეინად ვერ იქნებიან.

ეს ყველაზე უკეთ სწორედ “ფეისბუქის” მენეჯმენტში იციან, ამიტომ ისინი გულხელდაკრეფილნი არ სხედან და საპასუხო ნაბიჯებს ამზადებენ. “ფეისბუქში”, აგრეთვე, ყველას შეახსენებენ “გუგლის” უფრო ადრინდელ სოციალურ პროექტს Buzz, რომელიც სამარცხვინოდ ჩავარდა.

მაგრამ, სანამ “გუგლი პლიუსი” ბეტა-რეჟიმში მუშაობს და “ფეისბუქი” კი ბრძოლისთვის ემზადება, გამორიცხული არაა, პირველი დარტყმა “გუგლმა” სულ მთლად მოულოდნელი მხრიდან მიიღოს – ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ კინოკომპანია “სანგუკო” და წარმატებული ქართული ფილმის “გული პლიუსის” შემქმნელები “გუგლს” სახელწოდების მითვისებაში სდებენ ბრალს და სარჩელსაც ამზადებენ. გამორიცხული არაა, საქმის განხილვამდე “გუგლს” თავისი ამბიციური პროექტის შეჩერება ან მისი სახელწოდების შეცვლა მოუწიოს.

googl gooli

 

ჯერ-ჯერობით უცნობია, ამ ყველაფრის უკან დგას თუ არა მარკ ცუკერბერგი – “ფეისბუქში” აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისგან კატეგორიულად იკავებენ თავს.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements