სან-ფრანცისკოში “ბლოგერთა დიდების ხეივანი” გაშენდება

სან-ფრანცისკოში “ბლოგერთა დიდების ხეივანი” გაშენდება – ამ წინადადებას “ვორდპრესის” დამფუძნებელი მეთ მულენვეგი პირველად მონრეალში გამართულ WordCamp-ს წარუდგენს. ხეივანი, სავარაუდოდ სან-ფრანცისკოში, “ვორდპრესის” მფლობელი კომპანიის Automattic-ის ოფისის წინ დაიდებს ბინას, სადაც ბლოგერების ვარსკვლავები განთავსდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა პრინციპით შეირჩევიან ბლოგერები, თუმცა Automattic-ის მედიასთან ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტის რაანან ბარ-კოენის თქმით, “ვორდპრესს” კარგა ხანია, გამორჩეული ბლოგების  გამოვლენის უნიკალური სისტემა გააჩნია: “ჩვენი სისტემა მუდმივად, შეუჩერებელ რეჟიმში ავლენს რეიტინგულ პოსტებსა და ბლოგებს,” – განაცხადა ბატონმა ბარ-კოენმა, – “ის იყენებს ჩვენი დეველოპერების გუნდის მიერ შემუშავებულ უნიკალურ ფორმულას, რომელმაც თავისი ობიექტურობა საქმით დაადასტურა და ბლოგის მკითხველებისა და თავად ბლოგერების ნდობაც დაიმსახურა.” ამასთან, ბატონი ბარ-კოენის თქმით, დიდების ხეივნის მიზანი იმ ადგილისა და როლის წარმოჩენაა, რასაც დღეს სოციალური მედია და ბლოგოსფერო წარმოადგენს. მაგალითისთვის, ბატონმა ბარ-კოენმა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები მოიტანა: “ის რაც ჩვენს თვალწინ ხდება: თუნდაც ეგვიპტის რევოლუცია, თუნდაც “ვიკილიქსის” საქმე ადასტურებს, რომ მსოფლიო შეიცვალა და ამ ცვლილებებში ბლოგერების როლი უდიდესია.” ამასთან, ბატონი ბარ-კოენის განმარტებით, ბლოგერთა ხეივანში ადგილი დაეთმობათ ბლოგერებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ, ვინც გასხვავებულ თემებზე და განსხვავებულ ენებზე წერენ – “შესაძლოა, ადამიანს, რომელიც ამ ხეივანში გაივლის, არც ეს ენები და არც ეს ქვეყნები არ სმენოდეს, სწორედ ესაა ბლოგოსფერო – ის მთელს ჩვენს პლანეტას აერთიანებს,” – განაცხადა ბატონმა ბარ-კოენმა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.

კაი იდეაა!

ჰოდა, სანამ იმას დაველოდებით პირველი ქართველი ბლოგერი როდის მოხვდება (თუ მოხვდება საერთოდ) სან-ფრანცისკოს დიდების ხეივანში, იქნებ ვთხოვოთ ბლოგერების ხმებით, მხარდაჭერითა და კვოტით თბილისის საკრებულოში არჩეულ ბატონ ზაზა გაბუნიას – დააყენოს ეს საკითხი?

რიყის ახალ დიზაინში ზუსტადაც რომ კარგად ჩაეწერებოდა, იმჰო.

Advertisements