ოქრუაშვილი უკვე გზაშია–აცხადებს ფრანგი ჟურნალისტი

“რადიო ფრანსის” ჟურნალისტი ჟორჟ ფოფხიე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა პარიზი დატოვა და საქართველოსკენ გამოემგზავრა.

– ის უკვე ჰაერშია, – ექსკლუზიურად გაანდო ჩვენს სააგენტოს მუსიე ფოფხიემ, – ბატონმა ოქრუაშვილმა შარლ დე გოლის აეროპორტი გამთენიისას დატოვა.

– სად გაემგზავრა ირაკლი ოქრუაშვილი? რომელი რეისით?

– დანამდვილებით ეს ცნობილი არაა… საქმე ისაა, რომ აეროპორტში ერთდროულად სამი ირაკლი ოქრუაშვილი შენიშნეს. ერთმა ვენის რეისზე გაიარა რეგისტრაცია, მეორე მიუნხენის მიმართულებით გაფრინდა, მესამეს კვალი კი იკარგება, თუმცა, ჩემი ინფორმაციით ის ლისაბონში გაფრინდა. მეოთხე ოქრუაშვილი კი დღემდე პარიზში რჩება.

– თუ სწორედ გაგიგეთ, ბატონო ჟორჟ, ოქრუაშვილი ორეულებს იყენებს?

– ნამდვილად ასეა. ეს კარგად დაგეგმილი და მომზადებული სპეც-ოპერაციაა… ჩემი ინფორმაციით, ოქრუაშვილს რამდენიმე კონსულტანტი ამზადებდა, რომელთა შორისაც ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტებიც იყვნენ.

– ამერიკელები ოქრუაშვილს უჭერენ მხარს? 

– რა თქმა უნდა, მათ გარეშე საქართველოში არაფერი ხდება! თქვენთვისაც უნდა იყოს ცნობილი, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციისა და სააკაშვილის ჩანაცვლების შესახებ ბრძანებებს ობამამ ერთ დღეს მოაწერა ხელი.

– თქვენი ვარაუდით ამათგან რომელი იყო ნამდვილი ოქრუაშვილი, მუსიე ჟორჟ?

– ვფიქრობ არც ერთი!

– რა ბრძანეთ?

– არც ერთი! ეს სულ კვალის აბნევაა! ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილმა ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ კლინიკაში პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა – ახლა ის გაჭრილი ვაშლივით გავს სააკაშვილს, სწორედ ასე აპირებს საქართველოში ჩამოსვლას.

– სააკაშვილის სახით? სწორედ გაგიგეთ?

– სწორედ ასე! 25-ში რომ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, სინამდვილეში ის ოქრუაშვილი იქნება – საპროტესტო მიტინგს, რა თქმა უნდა, დაშლის და 2013 წლამდე პრეზიდენტად დარჩება, შემდეგ კი, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაბრძანდება.

– კი მაგრამ ნამდვილი სააკაშვილი სად არის?

– ეს არ ვიცი… მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ის უკვე დაპატიმრებული იყოს ამერიკელების მიერ და გუანტანამოს ციხეში იყოს იზოლირებული.

რედაქტორის მინაწერი :

ჩვენი სააგენტო ყურადღებით მიადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements