ეგვიპტე და საქართველო

რა ხდება ეგვიპტეში და როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი? ამ კითხვებზე ცნობილი ქართველი ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი გვესაუბრება.

როგორც ვხედავთ, ქაიროში მწვავე ანტისახელისუფლო გამოსვლები და არეულობა უკვე ერთ კვირაზე მეტია, გრძელდება და დასასრული არ უჩანს. დემონსტრანეტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებისა და პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების დაპირისპირებას უკვე ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

თავად ჰოსნი მუბარაქის ადგილსამყოფელის შესახებ სხვადასხვა ცნობები ვრცელდება, ერთი, რაც დანამდვილებითაა ცნობილი, მუბარაქი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას არ აპირებს. გამორიცხული არაა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, რისკენაც ჰოსნი მუბარაქს ევროპელი ლიდერებიც მოუწიდებენ.

აშშ ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანს უჭერს მხარს, მეორეს მხრივ, ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერი ელ ბარადეიც ემზადება პრეზიდენტობისთვის, ასეთ ვითარებაში, ვფიქრობ, აუცილებელია ქართული პოლიტიკური ძალები დასხდნენ და ეგვიპტის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენი კანდიდატურა წამოვაყენოთ.

– ქართველ კანდიდატს გულისხმობთ?

– კანდიდატს, რომელიც ქართველი ერის მხარდაჭერით ისარგებლებს და ქართულ საქმეს მოემსახურება – იდეალში, ის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე უნდა იყოს, რომელიც, ამავე დროს, კარგად ერკვევა აღმოსავლეთის სპეციფიკაში. ჩვენს პოლიტიკური ძალებს არ უნდა გაუჭირდეთ ასეთი კანდიდატურის მოძიება.

– ვის გულისხმობთ, ბატონო რამაზ?

– გუბაზ სანიკიძეს… თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ამ საკითხში ფართო კონსენსუსია საჭირო, ამიტომ მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს, დასხდნენ და შეჯერდნენ კანდიდატურაზე.

– კი მაგრამ, ეგვიპტელი ხალხის აზრი არ უნდა გავითვალისწინოთ? ან მსოფლიო საზოგადოების აზრი. ანკი რა უფლება გვაქვს ქართველებს ეგვიპტის საპრეზიდენტო კანდიდატზე ვიმსჯელოთ?

– სავალალოა, რომ ქართველი ჟურნალისტები ასე ცუდად იცნობთ ქართველი ერის ისტორიას, თორემ ასეთ კითხვებს არ დამისვამდით! ჩვენ, ქართველებს, იმაზე ბევრად მეტი უფლება გვაქვს ეგვიპტის ბედი განვკარგოთ, ვინემ იმავე სულეიმანსა თუ ბარადეის, ევროპელ და ამერიკელ ლიდერებზე რომ არაფერი ვთქვათ. 1250 წლიდან ეგვიპტის ტახტი ქართველების ხელში იყო, ქართველები იცავდნენ ეგვიპტის დამოუკიდებლობას გადამთიელი ფრანგი და ინგლისელი დამპყრობლებისგან. ეგვიპტის მიწა ქართველი გმირების სისხლითაა მორწყული და დღეს უფლებაც კი არ გვაქვს, ეს მრავალტანჯული ქვეყანა გაჭირვებაში მივატოვოთ და ის დასავლელ ავანტიურისტ პოლიტიკოსებსა და ადგილობრივ კარიერისტების საჯიჯგად მივუგდოთ. სწორედ გუბაზ სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნე, არაბისტი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია წინაპართა დანაბარები შეასრულოს და ეგვიპტე კრიზისიდან გამოიყვანოს.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements