გულდამწვარნი ბრიტანეთს დავტირით…

ჩემო თვალნათელო, ჩემო სანატრელო,
ოდესმე დიდი ყოფილხარ ბრიტანეთო…

როდესაც ცუდი ამბავი გაქვს სათქმელი, ნელ-ნელა, შემოვლით შეაპარე ადამიანს, ერთბაშად ნუ მიახლი, გულს ნუ დაუხეთქავო – ასე მასწავლიდა ბაბუაჩემი, ცხონებული ნიკიფორე. აბა ამ რუსთავი ორმა რა ქნა იმ დღეს – ჯერ ხეირიანი გამარჯვებაც არ ჰქონდათ ნათქვამი, რომ დამეძგერნენ და ცხარე ცრემლით მატირეს დიდი ბრიტანეთი… თუმცა, რაღაის დიდი – დიდი კი არა, სულ მთლად დაჩამიჩებულა და დაბეჩავებულა საბრალო.

არა, ანგლოფილი არასდროს ვყოფილვარ, უფრო – პირიქით – ასე მგონია, ოთხი მუშკეტერი სენ ჟერვეს ციხე-სიმაგრეს რომ იცავდა, მათ მიერ ინგლისელ ჯარისკაცთა თავებზე დაცლილ მუშკეტთა ტყვიებიდან, რამდენიმე ჩემიც იყო… მაგრამ ახლა, ასე მოუმზადებელზე რომ მოგახლიან კახურად: გაძვირებულა საწვავი, ტრანსპორტი და საკვები – ბრიტანეთი ინფლაციას ვერ უმკლავდება, ლონდონში საკვებ პროდუქტზე ფასები ისე სწრაფად იზრდება, რომ გამყიდვლები საფასართა გამოცვლას ვერ ასწრებენ და ქვეყნის ხვალინდელ დღეზე პროგნოზს ეკონომისტები კი არა, ნამუსიანი ბუკმეკერიც ვეღარ აკეთებს-ო – სულ რომ ქვა გეგდოს, ქვა გულის ადგილას, ისიც კი დაგეწვება ადამიანს.

ამ სიდნი ლისნერმა ხომ სულ მთლად ნაჯახი დამცხო… სიდნი ლისნერი ხომ იცით? ლონდონელი პენსიონერი რომაა, აი – იმან… ფასები მაღლა მიდის და პენსია კი არ მემატებაო, შემომჩივლა. ადრე თუ ყოველ წელს ვმოგზაურობდიო – შარშან პარიზში ვიყავი, შარშანწინ – მადრიდში, იმის წინ კიდევ – რომშიო, წელს ნო ვეიო – ვერსადაც ვერ წავალო… აი, ისეთნაირადა თქვა, რომ სამი სიცოცხლე გავათავე, სანამ ვუსმენდი. 😦

ერთადერთი რამ მრჩება ნუგეშად – ინფლაციამ, თურმე, რუსთავი ორის ლონდონელი კორესპონდენტის ჯიბესაც დაარტყა – საახალწლო შვებულებიდან დაბრუნებულს ლონდონის ტრანსპორტი 10 პროცენტით გაძვირებული დახვდა და აწი ასეთი შემზარავი რეპორტაჟის გაკეთებას 10 პროცენტით უფრო იშვიათად შეძლებს, ტელემაყურებლებს 10 პოცენტით უფრო იშვიათად დაზაფრავს და ჩვენც 10 პროცენტით უფრო ტკბილ სიზმრებს ვნახავთ.

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=19-01-2011%2021:08

ჭირი – იქა, ლხინი – აქა, ინფლაცია – იქა, დეფლაცია – აქა.
(ისე, ნამეტანი დეფლაციაც არ ვარგა, მაგრამ  ამაზე – სხვა დროს). 🙂

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “გულდამწვარნი ბრიტანეთს დავტირით…”

  1. აუ ვიხალისე :დ
    დღეს ვუყურე ამ სიუჟეტს მაგრამ ყურადღება არ მივაქციე :დ
    საწყალი ლონდონი რა დღეშია 😦

    კარგი პოტი იყო მომეწონა :)))

    Like

  2. ”ინფლაციამ, თურმე, რუსთავი ორის ლონდონელი კორესპონდენტის ჯიბესაც დაარტყა ” — 🙂

    Like

დისკუსია დახურულია.