ახალი ქართული მოწმობები სამი ნიშნის მატარებელი იქნება!

როგორც ცნობილია, 2011 წლიდან საქართველოში მოქმედი პირადობის მოწმობები ელექტრონული ბარათებით შეიცვლება – სწორედ ამ თემას მიეძღვნა საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის იდეოლოგიური მდივნის, გიორგი გუგავას ბრიფინგი.

– მას შემდეგ, რაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა, ლეიბორისტულ პარტიას სააგენტოში მომუშავე ქართველი პატრიოტები დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდეს მოთხოვნები, რომელიც ამ ე.წ. პირადობის მოწმობის დიზაინზე მომუშავე მხატვრებს წარუდგინეს, – განუცხადა ჟურნალისტებს ბატონმა გუგავამ,

– ყველა ახალი მოწმობის ნომერში ფიგურირებს ციფრი 666, მოწმობის ერთ მხარეს უნდა გამოისახოს ფარგალი და საჭრეთელი – მასონური სიმბოლოები, ხოლო ამ ე.წ. მოწმობის მეორე მხარეს რაღაც გრაფიკული ნახატი დაიტანება, რომელიც, ბატონი ჯონდი ბაღათურიას აზრით, ტიტველი ბუდას გრაფიკული გამოსახულებაა, თუმცა, ლეიბორისტული პარტიის დეშიფრატორთა ჯგუფმა ის გაშიფრა და ახლა დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ აქ დავით პაიჭაძისა და ბექა მინდიაშვილის პორტრეტებია დაშტრიხული… ჩვენ დავუკავშირდით ექსპერტებსა და თეოლოგებს – ნანა დევდარიანსა და რამაზ კლიმიაშვილს და მათ განგვიმარტეს, რომ საქართველოს მოქალაქის ახალი ელექტრონული ბარათი ატარებს სატანის სამივე ნიშანს – სამ ექვსიანს, ფარგლისა და საჭრეთლის გამოსახულებას და პაიჭაძისა და მინდიაშვილის ხატს…

სწორედ ამიტომ, ჩვენ პარლამენტისგან მოვითხოვთ “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ” კანონპროექტის სასწრაფო წესით განხილვას და დამტკიცებას უფლის შობის უდიდეს დღესასწაულამდე!

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements