ზვიად ძიძიგური სვაროვსკის სახე ხდება?

16 დეკემბერს “ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც კომპანია “სვაროვსკის” საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში დასდო ბრალი და სასამართლოში ჩივილითაც დაემუქრა. მისი განცხადებით, სასარჩელო განცხადება “ძიძგური სვაროვსკის წინააღმდეგ” უკვე მზად იყო და მას თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 დეკემბერს შეიტანდა…

სკანდალურმა განცხადებამ როგორც ქართული, ასევე დასავლური მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია,  ზვიად ძიძგურის პრეს-კონფერენცია ფართოდ გააშუქეს გაზეთებმა: “ალია”, “ასავალ-დასავალი”, “ქართული სიტყვა”, “Monde”, “Newsweek”, “Economist”, “Austrian Times”, “Zeit”, ისევე როგორც ტელეკომპანიებმა: “კავკასია”, “Euronews”, “FTV”…

მაგრამ, როგორც სარწმუნო წყაროებიდან გახდა ცნობილი,  ეს ყველაფერი კომპანია “სვაროვსკისადმი” ყურადღების გაზრდის მიზნით გაკეთდა და კარგად დაგეგმილი სარეკლამო კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა – საქმე ისაა, რომ ზვიად ძიძიგური “სვაროვსკის” უახლესი კოლექციის სახე ხდება და მთელი 2011 წლის განმავლობაში კომპანიას ქართულ ბაზარზე წარადგენს.

რამდენიმე თვის წინ კომპანიამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილებაში საკადრო ცვლილება განახორციელა და გაყიდვების ახალმა მენეჯერმა, ემორიქ ლაკრუამ იმთავითვე განაცხადა, რომ მისი მიზანი “მთელ რიგ ახალ ბაზრებზე პოზიციების განმტკიცება იყო.” “კონკურენცია გამძაფრდა, – ბრძანა მაშინ ბატონმა ლაკრუამ, – და ჩვენ გაყიდვების დინამიური სტრატეგია გვჭირდება. გამორიცხული არაა, რომ ჩვენს გუნდს რამდენიმე ახალი სახეც შემოემატოს…”

კარგად ინფორმირებულმა წყარომ, რომლის ვინაობის დასახელების უფლება არ გვაქვს, გაგვიმხილა, რომ ბატონი ძიძგური ქართულ ბაზარზე წარადგენს “სვაროვსკის” ახალ კოლექციას სახელწოდებით Air & Wild (“ჰაეროვანი და ველური”).

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

2 thoughts on “ზვიად ძიძიგური სვაროვსკის სახე ხდება?”

  1. “ჰაეროვანი და ველური” ძიძგური…
    DDDDDDDDDD
    გადმოვარდი სკამიდან.
    ძალიან მაგარია საღოლ!

    Like

დისკუსია დახურულია.