რვაფეხა პაული მოკლეს!

რვაფეხა პაული, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი უშეცდომო პროგნოზებით მოკლულია, – ამ სენსაციურ ცნობას ლეიბორისტები ავრცელებენ.

ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ბატონ გიორგი გუგავას და ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვეთ.

– წუხელ რუსთავი ორმა მთელი სიუჟეტი მიუძღვნა იმ ამბავს, რომ რვაფეხა პაული მოკვდა და მას ძეგლი უნდა დაუდგან, მაგრამ კრინტი-ხმაც არ დაცდენია, რომ პაული ბუნებრივი სიკვდილით არ მომკვდარა, – გვითხრა ბატონმა გიორგიმ.

– მაგრამ მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებიც ამასვე აცხადებენ…

– ალბათ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც ობერჰაუზენის პოლიციიდან გვაცნობა ჩვენმა წყარომ, რვაფეხა გარდაიცვალა იმის გამო, რომ მას აკვარიუმში საწამლავი ჩაუყარეს.

– კი მაგრამ, ბატონო გიორგი, ვის დაჭირდა რვაფეხის მოწამლვა?

– ვითომ არ იცით… ვის უნდა დაჭირებოდა თუ არა სააკაშვილს?!

– სააკაშვილი რა შუაშია?

– თქვენ რა “რუსთავი ორიდან” რეკავთ?

– არა, ბატონო გიორგი, Tony Clifton Digital Media-ს ჟურნალისტი ვარ.

– აბა, რა კითხვებს მისვამთ? არ იცით, რომ რვაფეხა პაულს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა დაესახელებინა? რა თქმა უნდა, სააკაშვილს შეეშინდა, რომ პაული შალვა ნათელაშვილს დაასახელებდა და მის მოსაწამლად ნაცმოძრაობის ზონდერები გააგზავნა.

– ეს ინფორმაცია ობერჰაუზენის პოლიციიდან მოიპოვეთ?

– დიახ, ბატონო. საქმე აღძრულია და გამოძიებაა დაწყებული. დანამდვილებით ვიცით, რომ ობერჰაუზენის პოლიციას მოეპოვება მკვლელის ფოტოც, რომელიც აეროპორტის კამერებმა დააფიქსირეს… მალე ეს ინფორმაცია ყველა მედია-საშუალებისთვის გახდება ცნობილი… ჩათვალეთ, რომ ახლა ექსკლუზივს გაწვდით!

– გმადლობთ, ბატონო გიორგი!

– უკაცრავად, მეტს ვეღარ დაგელაპარაკებით – ობერჰაუზენიდან მირეკავენ…

ბატონი გიორგი სასწრაფოდ დაგვემშვიდობა და ყურმილი გაგვითიშა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements