კაცი, რომელმაც ჰოლივუდი გააუპატიურა

კარგა ხანია, ცოტნე ბაკურიაზე არაფერი მსმენოდა.

არადა, მახსოვს დრო, ეს ადამიანი მთელ ქართულ პოლიტიკას რომ აზანზარებდა.

ვაჰ, დრონი, დრონი…

ჰოდა, იმას ვამბობდი,  ცოტნე ბაკურიას შესახებ არაფერი მსმენოდა-თქო, ან სად უნდა გამეგო, როდესაც Gossip News-ს მე არ ვკითხულობ, E! Online-ს არ ვუყურებ და ლოს ანჯელესის Central Avenue-ზე არ დავსეირნობ, ცოტნე ბაკურია კი, თურმე, რა ხანია უკვე დიდ პოლიტიკას ჩამოშორდა და პირდაპირ ჰოლივუდში დურთა თავი.

OMG!- უნდა შევძახო ახლა. როგორ? საიდან?

როგორ და:

ეს შემთხვევით მოხდა. რამდენიმე ამერიკული ორგანიზაციის წევრი გახლდით და ერთხელ “მკერდის კიბოთი დაავადებულთა ასოციაციის” კონფერენციას დავესწარი.…მოხდა ისე, რომ გვერდიგვერდ აღმოვჩნდით მე და კევინ კოსტნერი… გამოველაპარაკეთ ერთმანეთს, მერე მან ლოს-ანჯელესში მიმიპატიჟა.
ცოტნე ბაკურია. ინტერვიუ კვირის პალიტრას

ასე იცის განგებამ, დაილოცოს მაგის მომგონი – რამდენი გენიალური კინომოღვაწე აღმოუჩენია “სრულიად შემთხვევით”. განა ჰარისონ ფორდიც ასე, შემთხვევით არ გახდა ვარსკვლავი? “ვარსკვლავური ომებისთვის” მსახიობთა შერჩევისას ის ჯორჯ ლუკასს ეხმარებოდა – პერსონაჟთა რეპლიკებს კითხულობდა… ლუკასს მოეწონა და, სულ რომ არ გეგმავდა, ჰან სოლოს როლზე აიყვანა.

თუმცა, რა დროს ფორდია, როცა საუბარი ედგარ პოეზეა!

ხშირად მიხდება ურთიერთობა ტომ ჰენქსთან, ჯონ ვოიტთან (ანჟელინა ჯოლის მამასთან), ალ პაჩინოსთან, გენიალურ ჯეიმს ვუდსთან, რომელიც ქართველებს ყველაზე მეტად ახსოვთ ფილმით “ერთხელ ამერიკაში” (მაქსის როლის შემსრულებელია), მარტინ სკორსეზესთან და მრავალ სხვა ლეგენდარულ ადამიანთან, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს…

მაგალითად, სპილბერგი იტყვის: მე ვმართავ ვახშამს ბარაქ ობამასთვის, თითო მაგიდა ღირს 25 ათასი დოლარი!… იცით, ასეთ დროს რა ამბავია ხოლმე? ყველას უნდა საღამოზე მისვლა, ამდენად, ამერიკაში  დიდი გავლენა აქვთ მსახიობებს პოლიტიკაზე. აქ კინოვარსკვლავს შეუძლია პოლიტიკოსის მიმართ ამერიკელების 99 %-ის განწყობა შეცვალოს.
ცოტნე ბაკურია. ინტერვიუ კვირის პალიტრას

რაღა თქმა უნდა, ცოტნე ბაკურიასთვის ეგ მოსაწვევი უფასოა – მეგობრობას ამერიკაშიც პატივს სცემენ, ეგრე კი არაა.

თავის მხრივ ცოტნე, როგორც ჯონ ვოიტის მეგობარი, ძალისხმევას არ იშურებს, რომ მამა-შვილი ვოიტი და ჯოლი, როგორაც იქნება და შეარიგოს…

მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიას გვარს IMDb არსად ახსენებს, დაკვირვებული კინომანი ამან არ უნდა დააბნიოს. ბაკურია აქამდე ხომ პოლიტიკოსი იყო და კინოში ინკოგნიტოდ მოღვაწეობდა (ეს ჩვეულებრივი ამბავია – “საზარბაზნე ხორცის” ტიტრებში, მაგალითად, კალიფორნიის გუბერნატორის გვარი არსადაა მოხსენიებული) მაგრამ, ვინ არ იცის, რომ ბაკურია “განდგომილების” სცენარის თანაავტორია, სწორედ ბაკურიამ ურჩია ძმებ კოენებს ბილი ბობ ტორნტონის აყვანა ფილმზე “ადამიანი, რომელიც არ იყო”, “მეფე ლირში” გადაღების შემდეგ ალ პაჩინომ ცოტნე ბაკურიას ასეთი ბარათი გაუგზავნა “ჩემს ძმას, ცოტნეს, ნიშნად გულითადი მეგობრობისა და უდიდესი მადლიერებისა, იმ დახმარებისა გამო, რომელიც მან როლზე მუშაობისას გამიწია.”

სხვათა შორის, ვანო მერაბიშვილის როლზე რენი ჰარლინის ფილმში “საქართველო” (“ცხელი აგვისტო”) მსახიობმა უარი სწორედ ცოტნე ბაკურის რჩევით თქვა. “ეს ფილმი შენი დონე არაა, ალ!” – უთქვამს მისთვის ცოტნეს.

– თქვენი აზრით, როგორი მომავალი აქვს ფილმს, რომელსაც საქართველო-რუსეთის ომზე გადაიღეს, სადაც სააკაშვილის როლს ენდი გარსია ასრულებს?
– ეს მხოლოდ ერთი ადამიანის წარმოჩენას ემსახურებოდა, მაგ ფილმზე ჰოლივუდში არაფერი იციან!
ცოტნე ბაკურია. ინტერვიუ კვირის პალიტრას

სამაგიეროდ, ჰოლივუდი სულ მალე გაიგებს ფილმზე თამარ მეფის შესახებ და, გამოვთქვამთ იმედს, იქ ალ პაჩინოც გამოჩნდება.

მოგეხსენებათ, რაოდენ აქტუალურია რადიკალური ისლამის თემა, საფრთხეების განხილვა, ფილმი კი ეხება მე-12 საუკუნის საქართველოს – მცირერიცხოვან, მართლმადიდებელ ქვეყანას, რომელიც უზარმაზარი მუსლიმანური სამყაროს წინაშე თავისი ძლევამოსილებით ბრწყინავდა!…ამასთან, ქალის ფენომენი მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის.
თავად ამერიკა ქალ პრეზიდენტს ვერ ეღირსა, ჩვენ კი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალი მეფე და არა – დედოფალი, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა, შემოიღო ქვეყანაში ადვოკატის ინსტიტუტი. გესმით, ეს ამბავი ამერიკელებზე როგორ გავლენას ახდენს?
ცოტნე ბაკურია. ინტერვიუ კვირის პალიტრას

ალ პაჩინოს გარდა ფილმში გადასაღებად ცოტნე ბაკურია, უთუოდ, სხვა მეგობრებსაც მოუყრის თავს – ბილი ბობ ტორნტონს (რომელიც, ზემოთაც ვთქვით, ფრიად დავალებულია მისგან), ლეონარდო დი კაპრიოს, კევინ კოსტნერს… თამარ მეფის როლზე ჯესიკა ალბას ან მეგან ფოქსის მიწვევა იქნებოდა კარგი. მეფე გიორგის როლი, ეგებ, შონ კონერიმ შეასრულოს – ეს დიდი სენსაცია იქნება, ვინაიდან, რამდენიმე წელია დიდი მსახიობი ეკრანზე არ გამოჩენილა და მხოლოდ გახმოვანებებში თუ მონაწილეობს.

სამშობლოს მონატრებულმა ცოტნე ბაკურიამ და “კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა სკაიპით საუბრით ძლივს იჯერეს გული. ამ ინტერვიუს დროს უამრავ საიდუმლოს აეხადა ფარდა, მაგალითად, ბაკურიამ გაამხილა, რომ “ჩრდილო კორეაში 2 მილიონი საცურაო აუზია, თანაც სულ მარმარილოთი მოპირკეთებული, გამჭვირვალე, იონიზებული წყლით სავსე” (ეს ცნობები მას CIA-ს ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გაანდო). ცოტნეს არც “კვირის პალიტრის” ჟურნალისტი ჩამორჩა, რომლის ხელთ არსებული “კულუარული ინფორმაციით”, კევინ კოსტნერი, თურმე, ქართულ პოლიტიკას დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს (მადლობა ღმერთს, “მაესტრო” უკვე სატელიტზეა) და “ქართველ “რესპუბლიკელებს” და “ახალ მემარჯვენეებს” გულშემატკივრობს”. ნოემბრის აქციების დროს მისთვის, ალბათ, საკანიც იყო გამზადებული პარლამენტის წინ, მაგრამ მსახიობის ჩამოყვანაზე თავად ცოტნეს უთქვამს უარი: “ბოლოს და ბოლოს, საქმეს უნდა მოვწყვიტო ადამიანი, რომლისთვისაც დრო ფულია”-ო.

– ალბათ, საქართველო ძალიან გენატრებათ.
– მართლაც მენატრება და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩამოვალ. მართალია, მანდ ჩემთვის ყველა კარი დაგმანულია, მაგრამ აქეთ-იქიდან მოვუვლი, რაღაც ხვრელს ვიპოვი და ჩამოვალ, თუმცა ჩემგან პოლიტიკურ აქტიურობას აღარავინ უნდა ელოდოს.
ცოტნე ბაკურია. ინტერვიუ კვირის პალიტრას

მანამ საქართველოში ჩამოსასვლელ ღრიჭოს იპოვნის, ცოტნე ბაკურია ამერიკაში რჩება. ტომ კრუზთან ერთად საუზმობს. გოლფს კევინ კოსტნერს ეთამაშება. ძმებ კოენებთან სადილობს. აი ღამეებს ვისთან ატარებს, ამას კი არ გვიმხელს, თორემ “რამდენიმე კარგი ჰოლივუდური ოჯახი დაინგრევა”.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ცოტნე ბაკურია: მართალია, საქართველოში ჩემთვის ყველა კარი დაგმანულია, მაგრამ აქეთ-იქიდან მოვუვლი, რაღაც ხვრელს ვიპოვი და მაინც ჩამოვალ”. (ინტერვიუ კვირის პალიტრას)

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)

15 thoughts on “კაცი, რომელმაც ჰოლივუდი გააუპატიურა”

  1. ღმერთო, ეს რა ყოვლისშემძლე გვყოლია

    აი ღამეებს ვისთან ატარებს, ამას კი არ გვიმხელს, თორემ “რამდენიმე კარგი ჰოლივუდური ოჯახი დაინგრევა”.

    აბაააააა 🙂

    Like

    1. ისე, ტომ ჰენქსთან სურათს იღებდე და ფოკუსში ვერ მოხვდე, ეგ მარტო ცოტნეს შეუძლია. 🙂

      თან – ყველა ბაბოჩკით და გალსტუკითაა და ეს გულგაღეღილი დადის – ეგრევე ეტყობა, ვინაა აქ ბოსი!

      Like

  2. Lool!
    ვუდი ალენზე პოსტი წავიკითხე, მაგრამ ცოტნე უფრო მაგარია!

    ძმებ კოენებთან სადილობს. აი ღამეებს ვისთან ატარებს, ამას კი არ გვიმხელს, თორემ “რამდენიმე კარგი ჰოლივუდური ოჯახი დაინგრევა”.

    ნუ ეს შედევრია!

    Like

  3. ვაიმე! ეს ღადაობა მეგონა, როგორც ბევრი პოსტი აქ, მაგრამ კვირის პალიტრაზეც გადავედი და….

    უნდა ჩავუჯდე საღამოს და წავიკითხო, ეს რა ესმა ჩემთა ყურთა!
    ყოველთვის ვიცოდი რომ ეგ კაცი არ დაიკარგებოდა 😀

    Like

  4. ის კი ვიცი, ჰოლივუდში რომ წავიდა. მახსოვს თავის დროზე ინგა გრიგოლიასთან ჰქონდა პირდაპირი ჩართვა და იქ თქვა.

    მაგრამ აი მომკალით და არ მჯერა მე ეს დე ნიროები, პაჩინოები და კრუზებ-სპილბერგები.

    Like

    1. არ მოგკლავთ.
      ცოტნე საქმით დაგიმტკიცებთ, საქმით!
      ვუდი ალენის ახალ ფილმში კარლა ბრუნის რომ დაუმშვენებს გვერდს, ა, მერე გამოჩნდება.

      Like

  5. დედა ეს ცოტნე ვინ ყოფილა კაცო :დ

    აბა, რავარი ქართველი გამოზარდა საქართველომ? :დ

    უი ფილმი თამარზე, მეგა ლოლ…
    ჯესიკა ალბა უფრო მომწონს, ეგ მინდა დედოფლის როლში :უსერ:

    Like

დისკუსია დახურულია.