ფოლ ჰეინე
Limitations of the Economic Way of Thinking
ცნობილმა მწერალმა-ეკოლოგმა ბილ მაქიბენმა თავისი ახალი სტატია ჟურნალ Audubon-ისთვის შემდეგი წინადადებით დაიწყო:
მოდით, ვივარაუდოთ, რომ ხეები სხვა არაფერია, თუ არა ვერტიკალური ბოჭკოვანი ბოძები, რომ ტყეს იმდენივე სულიერი ან ესთეტიკური ღირებულება აქვს, რაც ავტოსადგომს, რომ ტყის ბინადარნი მხოლოდ კალორიის ტომრები არიან და რომ ივნისის მზით გამთბარი ფიჭვის წიწვების არომატი უბრალოდ თქვენი ავტომობილის სალონში ჩამოკონწიალებული ფიჭვის აეროზოლის სუნის მსგავსია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოდით, ვივარაუდოთ, რომ თქვენ რაღაც იმგვარი შესცოდეთ, რომ ღმერთმა დაგსაჯათ და ეკონომისტად გაქციათ.
სინამდვილეში, მაქიბენს არ სჯერა, რომ ეკონომისტის აზროვნების წესი მართლაც ასეთი მკვახეა, მაგრამ მისი ნათქვამი მაინც ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ეკონომისტებმა შეიძინეს რეპუტაცია ადამიანებისა, რომლებმაც “ყველაფრის ფასი იციან, მაგრამ – არაფრის ღირებულება”, როგორც ოსქარ უაილდი ამას ცინოკოსებზე ამბობდა.
მე, ეკონომიკის მასწავლებელი და ავტორი სახელმძღვანელოსი სახელწოდებით „ეკონომიკური აზროვნების წესი“, ნამდვილად არ ვაპირებ დავანგრიო სათვალთვალო კოშკი, ეკონომისტები რომ იყენებენ, რათა უკეთ დაინახონ სამყარო, რომელსაც სწავლობენ. ამ კოშკიდან კარგი და მეტყველი ხედი იშლება. სოციალური საკითხების განხილვა იქნებოდა უფრო ნაყოფიერი და საზოგადოებრივი პოლიტიკა ბევრად უკეთესი, თუ კიდევ მეტი ადამიანი ჩასწვდებოდა ეკონომიკური აზროვნების წესსა და ისწავლიდა მის გამოყენებას.
მაინც რა არის ეკონომიკური აზროვნების წესი? ესაა შეხედულება ადამიანთა გადაწყვეტილებებსა და სოციალურ ქმედებებზე. ესაა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ყველა სოციალური მოვლენა მრავალ არჩევანთა ურთიერთდაპირისპირების შედეგია, რომელსაც ადამიანები აკეთებენ მას შემდეგ, რაც მათთვის მოსალოდნელ სარგებელსა და ხარჯებს გაიანგარიშებენ. ეს თვალსაზრისი ძალზედ სასარგებლოა, როდესაც გვსურს ავხსნათ მექანიზმი უპიროვნო ქმედებათა ფართო ქსელისა, რომელსაც საბაზრო სისტემას ან უბრალოდ ეკონომიკას ვუწოდებთ.
ფასისა და ღირებულების პრობლემა
ბაზრები საუკეთესოდ მუშაობენ მაშინ, როდესაც ყველა გარიგება შეიძლება განხორციელდეს დაბალი ღირებულებით, გარიგების ღირებულება კი მაშინაა დაბალი, როდესაც ყველა ალტერნატივის ფასი ცნობილია, ვინაიდან სწორედ ფასთა შედარება აძლევს საშუალებას ერთ სიბრტყეში მოთამაშე ყველა მხარეს, ჯეროვნად გამოთვალოს დანახარჯები და ღირებულებები.
ყასაბს შეუძლია, გადაწყვიტოს, რა მარაგი სჭირდება და მუშტარს კი შეუძლია, გადაწყვიტოს, რა საქონელი შეიძინოს, თუკი იარლიყზე დატანილი ფაისების შედარების საშუალება აქვთ, რაც მათ ნაყოფიერი თანამშრომლობის გზას უხნის. როცა ფასები დამალულია და ალტერნატივებს თან არ ახლავს, თანამშრომლობაც რთულდება. შევძლებთ კი, განვსაზღვროთ ფასთა ცვლილება მეტი კომფორტისა და ფართის ხის სახლებზე, რაც მერქანზე დაბალი ფასისა და ღირებულების შედეგად წარმოიქმნა, თუკი ტყესაც შესაბამის ფულად ღირებულებას არ მივანიჭებთ? ეკონომისტებმა შეიძინეს რეპუტაცია ადამიანებისა, რომელთაც იციან ყველაფრის ფასი და არაფრის ღირებულება დიდწილად იმის გამო, რომ სურთ განმარტონ სისტემა, რომელშიც ფარდობითი ფასები არის ანარეკლი ფარდობითი ფასეულობებისა და ცდილობენ გამთვალონ ფარდობითი ფასები იქ, სადაც ბაზარი მათ არ გვაძლევს.
სანამ ეკონომისტები ფასებს იყენებენ მხოლოდ როგორც საუკეთესო ხელმისაწვდომ ღირებულებათა საზომს კონკრეტული მიზნებისათვის, მათი ეს ცინიკოსთა მსგავსი რეპუტაცია დაუმსახურებელი და უსამართლოა, მაგრამ ზოგიერთი პროფესიონალი ეკონომისტი და არამხოლოდ ისინი ფასისა და ღირებულების შერწყმას, გათანაბრებას ცდილობენ. მათ ამ შემთხვევაში არ სურთ ეკონომიკური აზროვნების წესის მთავარი შეზღუდვის აღიარება – მთლიანი შიდა პროდუქტი (იმგვარად, როგორც იზომება სტატისტიკოსების მიერ) არ არის იდენტური მთლიანი ეროვნული კეთილდღეობისა. ყველაფერი, რასაც წვლილი შეაქვს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში, სრულიადაც არაფერს მატებს საერთო კეთილდღეობას, მეტიც, ზოგჯერ ამცირებს კიდეც. თუ დანაშაულის დონე იზრდება და ბინათმფლობელები ყიდულობენ უსაფრთხოების ახალ სისტემებს, მათი ღირებულება მთლიან შიდა პროდუქტს ემატება. თუკი ჰაერის დაბინძურება აიძულებს მოქალაქეებს სახლის გარე ფასადის მოხატულობა განაახლონ უფრო ხშირად, მათ მიერ შეძენილი დამატებითი რაოდენობის საღებავისა და დაქირავებული მხატვრების მომსახურების საფასური აგრეთვე დაემატება მთლიან შიდა პროდუქტს. თუ ადამიანი გაეყრება ცოლს და შემდგომში სამუშაოდ აიყვანს მოახლეს, მოახლის ანაზღაურებაც ხელს შეუწყობს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, მაშინ, როდესაც ცოლის დიასახლისობა ფულად გამოხატულებაში შეფასებული არ ყოფილა.
გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ ერთი ადამიანი მზადაა გადაიხადოს საქონელში უფრო მაღალი ფასი, ვიდრე სხვა, სრულიადაც არ ადასტურებს, რომ ამ საქონლის ღირებულებას აფასებს მეტად. სავსებით შესაძლებელია, ფულის ამ კონკრეტულ ზღვრულ ღირებულებას აფასებს ნაკლებად, შეფარდებით იმ თანხებთან და საქონელთან, რასაც ეს ორივე ადამიანი იღებდა მხედველობაში გადაწყვეტილების მიღებისას.
უმრავლეს ეკონომისტს იმდენად ეშინია, მათი ანალიზი სუბიექტური შეფასებებით არ შეიბღალოს, რომ აღიარებენ, მეტიც – ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური თეორია ვერ გადაწყვეტს, არის თუ არა ერთი რიგი ღონისძიებებისა უკეთესი ან მეტად ღირებული საზოგადოების ინტერესებისთვის, ვიდრე – მეორე, თუმცა, იგივე ეკონომისტებისგან ბევრი ვერ ხედავს, რომ ეკონომიკური აზროვნების წესი ასევე ვერ განსაზღვრავს, არის თუ არა ერთი რიგი ღონისძიებებისა უფრო ეფექტური, ვიდრე – მეორე. მაგალითისთვის – მტკიცება, რომ იჯარის ქირის კონტროლი ან პროტექციონისტური ტარიფები ხელს უწყობს არაეფექტურობას, თუკი რამეზე მიუთითებს, მხოლოდ იმაზე, რომ იჯარის ქირის კონტროლი ან პროტექციონისტური ტარიფები პოტენციურ მთლიან შიდა პროდუქტს ამცირებს. შესაძლოა, ეს იყოს საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადება, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ რომელიმე ღონისძიების არაეფექტურობა ვამტკიცოთ, ვინაიდან ამის საფუძველი ეკონომიკურ თეორიაში არ მოგვეპოვება.
ეფექტურობა, საბოლოო ჯამში, შეფასებითია (ტერმინი „ტექნიკური ეფექტურობა“ კი აზრს მოკლებული სიტყვათა თანაწყობაა), რადგან ფასები და ღირებულებები არ არის ერთი და იგივე, ეკონომიკური აზროვნების წესი ვერაფერს იტყვის ალტერნატიულ ღონისძიებათა შედარებით ეფექტურობაზე.
ხშირად გაიგონებთ, რომ პიკის საათში ქალაქში საავტომობილო მოძრაობა არაეფექტურია, რადგან იგი ძირითადად შედგება კერძო მსუბუქი მანქანებისგან, მაგრამ ეს დაუსაბუთებელი პრეტენზიაა. ვინც ამჯობინებს ცალკე იმოძრაოს და არა ავტომობილების მწკრივში ჩადგეს ან ავტობუსით ისარგებლოს, შესაბამისად უფრო მეტად აფასებს დამოუკიდებლად ავტომობილის მართვის სიკეთეებს ყველა თანმდევ დანახარჯებთან შეფარდებით, ვიდრე ნებისმიერ მისთვის ხელმისაწვდომ ალტერნატივას. სხვა ღირებულებათა მქონე ადამიანებისთვის კი სამსახურში მისვლის ყველაზე ეფექტური საშუალება, შესაძლოა, საზეიმო მსვლელობა იყოს სანთლებითა და ფსალმუნთა გალობის თანხლებით.
მილიონობით სხვა ადამიანთან ეფექტური
კოორდინაცია
ეკონომიკური აზროვნების წესს აქვს სხვაც, მინიმუმ კიდევ ერთი, ძირითადი შეზღუდვა, რომელიც ასევე მჭიდროდაა გადახლართული ეკონომიკური თეორიისა და საბაზრო სისტემის ურთიერთკავშირთან. პრობლემა იწყება იქედან, რომ ეკონომიკური თეორია ბაზრის სისტემების დაცვის თეორიაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი (ალბათ – უმრავლესი) ეკონომისტი გაცხარებით შემედავება, ისინი, უბრალოდ, გულახდილნი არ იქნებიან. ეკონომიკური თეორია გვიჩვენებს, თუ როგორ არის მილიონობით ადამიანი, რომელიც მათთვის საინტერესო უსაზღვროდ მრავალფეროვან პროექტს ახორციელებს, ეფექტურ ურთიერთთანამშრომლობაში ჩაბმული მილიონობით სხვა ადამიანთან, თუმცაკი არაფერი უწყის იმ სხვა მრავალ პროექტზე, რომელიც იმ სხვა ადამიანთა ინტერესს წარმოადგენს. ეკონომიკური აზროვნების წესი გვიჩვენებს, თუ სოციალური პროცესები, რომლებიც გამოიყურებიან, როგორც ქაოსისგან თავის დაღწევის რეცეპტები (და, ხშირად, ასეც აღიწერებიან) განაპირობებენ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და ხელს უწყობენ მათში მონაწილე პირების მიზნების განხორციელებას. ამ პროცესთა აღწერისას ადამ სმითმა ნახევრად თეოლოგიური მეტაფორაც კი გამოიყენა: „უხილავი ხელი“. ვინაიდან ეკონომიკური თეორია ხსნის უხილავი ხელის მუშაობას, იგი საფუძველშივე საბაზრო სისტემების დამცველია. რა თქმა უნდა, ის არ იცავს ამ სისტემების ყოველ ასპექტს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნათლად უჩვენებს ყველას, ვისაც ამის დანახვა სურს, რომ ბაზარი მუშაობს უკეთესად, ვიდრე ამას ბევრი ადამიანი ვარაუდობს და რომ საბაზრო სისტემების შემოთავაზებული შემცვლელები ( როგორიცაა, მაგალითად, სოციალიზმი), არის ჭეშმარიტი რეცეპტი ქაოსის დათესვისთვის.
თუმცა, ამასთან, ეკონომიკური აზროვნების წესი ხშირად აზვიადებს ბაზრის მიღწევებს და უგულვებელჰყოფს მათ დამანგრეველი გავლენას ადამიანური ურთიერთობების ხვადასხვა მხარეზე. ადამ სმითი აღნიშნავდა, რომ საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მძლავრი სოციალიზაციის პირობებში, ხალხი “ნებისმიერ დროს საჭიროებს თანამშრომლობისა და დახმარების დიდ ოდენობას.” ეს ნამდვილად ჩვენზეა ნათქვამი. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ სხვა ადამიანებზე, რომელთა უმეტესობასაც არ ვიცნობთ და არც ვფიქრობთ მათზე და რომლებიც გვაწვდიან საკვებს, ტანსაცმელს, თავშესაფარს, სამედიცინო მოვლასა და სხვა საქონელს, რაც საშუალებას გვაძლევს, ცხოვრებს კომფორტი შევიქმნათ და ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ.
მაგრამ ამ დამოკიდებულებას აქვს ერთი თვისება, რომელიც იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე, ჩვეულებრივ, აქცევენ ხოლმე – ის ხასიათდება განსაკუთრებული თავისუფლებით, რადგან ჩვენ იშვიათად ვხდებით დამოკიდებული ვინმე „კონკრეტულ სხვაზე“. თუ არ მოგვწონს პროდუქტი ან პირობები, რომელიც შემოგვთავაზეს, შეგვიძლია საქმე “ვინმე სხვასთან” დავიჭიროთ. ჩვენ დიდი არჩევანი გვაქვს, არჩევანი კი ყველა ჩვენგანს თავისუფლებას ანიჭებს: ესაა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა “თანამშრომლობისა და დახმარების დიდ ოდენობებზე.”
განსაკუთრებულად მცირერიცხოვანი თემი
ეს შერეული საქონელია. მას აწარმოებს საზოგადოება, რომელშიც ადამიანმა ძლივს იცის (თუკი იცის საერთოდ) იმ ადამიანთაგან უმრავლესი, ვისთანაც ურთიერთთანამშრომლობს. ბაზარი ფუნქციონირებს ძალიან კარგად მაშინაც კი, როდესაც გარიგებები (რომლებიც ქმნიან კიდეც ამ ბაზარს), მიმდინარეობს იმ ადამიანებს შორის, რომელნიც ერთმანეთს პირადად არ იცნობენ. სწორედ ეს არის ბაზრის ეფექტურობის მთავარი წყარო – სისტემა, რომელიც ერთობლივ წარმოებასა და სიმდიდრის ზრდას განაპირობებს. სიმდიდროს მთავარი წყარო სპეციალიზაციაა. სპეციალიზაციის დონე არის შეზღუდული იმ ადამიანთა რაოდენობით, ვისთანაც შეიძლება საქონლის გაცვლა დაბალი ღირებულებით და ჩვენ ვერ გავცვლიდით ძალიან ბევრ ადამიანთან, თუკი ამისთვის პირადი ნაცნობობა იქნებოდა საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარზე ოპერაციები მხოლოდ უპიროვნოა, მაგრამ ბაზარმა ისე გააფართოვა ჩვენი გარიგებების სივრცე, რომ გაცვლათა უმრავლესობას სწორედ იმ ადამიანებთან ვახორციელებთ, ვისაც პირადად არ ვიცნობთ.
მოდით, ახლა ამ სქემაში ფულის როლზე დავფიქრდეთ. უმრავლესი ჩვენგანი თავს უხერხულად გრძნობს, თუკი რამეს ყიდის ახლობლებზე ან ყიდულობს მეგობრებისგან. ამგვარი გარიგება ცივი და უპიროვნო ჩანს. საშობაოდ მგობრებს ვჩუქნით საჩუქრებს, რომელთა ასარჩევად დრო და ენერგია დავხარჯეთ და ჩვენმა მეგობრებმა ზოგჯერ უნდა დახარჯონ დრო და ენერგია, რათა გადაცვალონ ეს საჩუქრები მათთვის უფრო შესაფერისსა და უკეთ მორგებულზე. მაგრამ ჩვენ მაინც არ ვჩუქნით მათ ფულს, რათა თავად აირჩიონ რამე საკუთარი თავისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ფული უპიროვნოა, მაგრამ ესაა სწორედ მისი უდიდესი სიკეთეც. ფულის ევოლუციამ ხელი შეუწყო უპიროვნო ოპერაციებს და ამით დიდად გააფართოვა ჩვენი უნარი გავცვალოთ და დავდოთ გარიგებები უამრავ ადამიანთან მთელს მსოფლიოში დაბალი ღირებულებით.
დასკვნა ისაა, რომ ფული ქმნის მრავალ თემს, რომელთაც ძალიან ცოტა რამ აქვთ საზიარო, მაგრამ ამ მრავალ თემში მონაწილეობა არის ეფექტური გზა იმ პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს. ფულადი გაცვლა იმდენად დომინირებს ჩვენს სოციალურ ქმედებათა შორის, რომ დროის უდიდეს დროს ვატარებთ თემში, რომელიც განსაკუთრებული მცირერიცხოვნობით გამოირჩევა – არ მოგვეთხოვება გვიყვარდეს ჩვენი მეზობლები, მათი სახელებიც კი არ ვიცით, არც არასდროს გვქონია შესაძლებლობა, გაგვეგო, რაკიღა ჩვენ არანაირად არ ვართ მათზე დამოკიდებულნი. არ ვართ დამოკიდებულნი, ვინაიდან, როცა კი დახმარება გვესაჭიროება, „ყვითელფურცლიან“ ცნობარს მივმართავთ – ასე უფრო იოლია.
თუმცა, ეს ყველაფერი არც ისე ცუდია. რამდენ ჩვენთაგანს სურს იცხოვროს სოფელში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს? ჩვენ მივეჩვიეთ კერძო ცხოვრების დაფასებას და ბაზარი ამის საუკეთესო საშუალებას იძლევა, მაგრამ ვხედავთ იმ ხარჯებსაც, რისი საფასურის გადახდაც გვიწევს, როგორიცაა: დანაშაული, იზოლაცია, მარტოობა, უმწეობის შეგრძნება სოციალური პრობლემების წინაშე, მრავალი დაწყლულებული იარა, რომელთა დასაძლევადაც ბაზარიცა და მთავრობაც ძალიან უპიროვნონი არიან. მართალია, ზოგიერთ ჩვენგანს აქვს ამ ხარჯების შემცირების შესაძლებლობა, მაგრამ სხვათათვის ისინი სერიოზულ სირთულეებს წარმოადგენენ.
ეს ხარჯები გვერდითი მოვლენაა და ის საფასური, რომლის გაღებაც იმ უზარმაზარი სიმდიდრისა და პირადი თავისუფლებისთვის გვიწევს, ბაზარი რომ ქმნის და გვთავაზობს. ისინი ეკონომისტის აზროვნების წესზე არ ზემოქმედებენ, მაგრამ ეკონომიკური აზროვნების წესიც ბრმაა ამ ხარჯების მიმათ, რის გამოც ვსაუბრობ ამ წერილში ეკონომიკური აზროვნების ერთგვარ შეზღუდულობაზე.
თავისუფალი, აყვავებული და სამართლიანი საზოგადოება
ზემოთ უკვე განვაცხადე, მე აზროვნების ეკონომიკური წესის ერთგული მიმდევარი ვარ და, როგორც ნებისმიერი ამოიკითხავს ამ ესეიდან – ბაზრის ერთგული დამცველიც. არაფერი უნდა იყოს ამ ესეიში გაგებული, როგორც მოწოდება, შეიცვალოს ან ერთი, ან – მეორე. ის მირჩევნია, რომ ვისწავლოთ მათი ძალის დაფასება. ვითხოვ მხოლოდ, რომ ჩვენ, ამავდროულად, მკაფიოდ გავიაზროთ მათი საზღვრებიც. საბაზრო სისტემები და აზროვნების ეკონომიკური წესი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა თავისუფალი, აყვავებული და სამართლიანი საზოგადოების გამოსაზრდელად.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ზრუნვა იმ სოციალურ ინსტიტუტებზე, რომლებზედაც ეკონომისტს ბევრი არაფრის თქმა შეუძლია ისეთის, რაც საინტერესო ან მნიშვნელოვანი იქნებოდა, (განსხვავებით ძირითადად უპიროვნო ინსტიტუტებისა, რომლებსაც მონეტარულ სიგნალებზე რეაგირება ევალებათ). ხშირად ეს სწორედ ის სოციალური ინსტიტუტებია, რომელთა შენაცვლებასაც, დროთა განმავლობაში, საბაზრო სისტემები ახერხებენ: ოჯახი, ეკლესია და სამეზობლო.
აქ გამოყენებული სიტყვა სწორედაც რომ შენაცვლებაა და არა ჩანაცვლება. ბაზარი ოჯახის სრულყოფილ ჩამნაცვლებლად ვერ გამოდგება, მაგრამ მას შეუძლია (და ასეც აკეთებს) უზრუნველყოს ოჯახის წევრები მიმზიდველი შესაძლებლობებით, რაც მათს საოჯახო საქმეებში მონაწილეობას ნაკლებ ფასეულად აქცევს. სადილობისას ერთად გატარებული დროის გახანგრძლივება ძალიან ძვირი ჯდება, როდესაც ტელევიზორი გიხმობს.
დააკვირდით, საბაზრო სისტემის საყვარელმა ძღვენმა – ავტომობილმა, როგორ შეცვალა ეკლესიის როლი მათ ცხოვრებაშიც კი, ვინც თავს „აქტიურ მრევლად“ მიიჩნევს. ავტომობილის მიერ ბოძებული მობილურობა საშუალებას აძლევს ადამიანს ღმერთს თაყვანი სცეს უფრო მარტივად იმ ტაძარში, რომელიც მისთვის მეტად მოსახერხებელია – რაც ხშირად ნიშნავს იმგვარ ეკლესიას, რომელიც მათ დიდ ვალდებულებებს არ აკისრებს, სადაც არ არის საჭირო ხანგრძლივად გაჩერება ან დიდი პასუხისმგებლობის აღება.
და ვიღას აღელვებს სამეზობლო? რად უნდა აღელდე მეზობლად განლაგებული სკოლის გამო, თუკი უძრავი ქონების განვითრებული ბაზარი იოლს ქმნის საცხოვრებლის გადატანას იქ, სადაც ახლომდებარე სკოლა უფრო მოსაწონია?
ბაზარი დღეს ამერიკის ერთგული მოსამსახურეა. ის უზრუნველყოფს უფრო და უფრო მეტი კარგი საქონლის გაჩენას, რაც ჩვენ გვსურს. არ არის მიზეზი იმისთვის, რომ მასზე უარი ვთქვათ, მაგრამ ეს არის მიზეზი იმისთვის, რომ უკეთ დავფიქდეთ, თუ რა გვსურს.
©Paul Heyne – Limitations of the Economic Way of Thinking. Science Research Associates, 1973
©LV (ქართული თარგმანი, 2010)
©Lord Vader. The Sound and The Vuvuzela. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.
___
ფოლ თეოდორ ჰეინე სიეთლის უოშინგთონის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი და ეკონომიკის ჩემი ლექტორის, პატივცემული თემურ კუპრავას საყვარელი ავტორია. 🙂 ფოლ ჰეინეს გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი და სტატია, მათ შორის ბესთსელერი “აზროვნების ეკონომიკური წესი”.
“ეკონომიკური აზროვნების წესი” მეც მაქვს წაკითხული. კარგი წიგნია. კარგადაა დაწერილი და მარტივად იკითხება. არა-ეკონომისტებისთვისაც მარტივად გასაგებია.
LikeLike