ზოგან გვალვა გვიტევს, ზოგან – წყალი. სოფლის მეურნეობისთვის ვარგისი მიწები და მოსავლიანობა მცირდება და ეს სავალალო შედეგებით გვემუქრება. რუსეთში ხორბლის დაბალი მოსავალი თუ სიცხის ბრალია, კანადაში მომეტებულ წვიმებს უჩივიან. სასაქონლო ბირჟებზე კი პროდუქტზე ფასები მატულობს.
არადა, ჩვენი პოლიტიკოსები (თითქოს სხვა პრობლემები დაილიაო) გენმოდიფიცირებულ პროდუქტთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩართულნი. დაახლოებით 1 წლის წინ იყო, ქრისტიან-დემოკრატებმა გენმოდიფიცირებული პროდუქციის აკრძალვა რომ მოითხოვეს და პრეზიდენტმა მხარს დაგიჭერთო, დაპირდა…
ეს არის სიპ ქვაზე ჩამომჯდარი პოპულიზმი, ვინაიდან არ არსებობს არც ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ გენმოდიფიცირებული საკვები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, თუ იმ ტიპის “სამეცნიერო” სტატიებს არ ვიგულისხმებთ, ემულგატორების ნომრებს რომ ჩამოთვლიან ხოლმე და ამტკიცებენ – გვწამლავენ მასონებიო…
არადა, ბრიტანეთის სამეფო სამედიცინო ასოციაციამ (The Royal Society of Medicine) და ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციამ (BMA) არაერთი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა – ვერ იქნა ნაპოვნი ერთი მტკიცებულებაც კი იმისა, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა (იხილე, თუნდაც Genetically modified foods and health: a second interim statement).
მთელი ის პროპაგანდა, რაც გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ მიმდინარეობს, დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის კომპანიების მიერვე და, ვეჭვობ, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზეზით ხდებოდეს – სულ უბრალოდ, ეს კომპანიები კონკურენციულ ბრძოლას აგებენ იმ კომპანიებთან (ამერიკულ და კანადურთან ძირითადად), რომლებიც გენმოდიფიცირებულ პროდუქტს აწარმოებენ და რომლებიც, ამ კუთხით, ტექნოლოგიურად ძალიან წინ წავიდნენ და რომელთაც კონკურენტები ახლა უკვე შავი პიარის მეთოდებით ებრძვიან და ადამიანების გაუაზრებელ შიშებზე თამაშობენ.
ეკონომისტებს ეცოდინებათ – იყო ეგეთი გენიალური ადამიანი ფრედერიკ ბასტია, რომელმაც თავის დროზე გამოაქვეყნა პეტიცია პატივცემულ დეპუტატებს – წერილი, სადაც სანთლის მწარმოებლები, ვითომ ეროვნული ინტერესებიდან გამოდინარე, ითხოვდნენ კონკურენტ მზისგან დაცვას.
გენმოდიფიცირებასთან დაკავშირებით ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა. ამ მხრივ აკრძალვა არის სიბრიყვე, მარკირების სისტემის შემოღება – ცივილიზირებული გზაა. აღინიშნოს ყველა პროდუქტზე რომ ის გენმოდიფიცირებულია (ეს, სხვათა შორის, არა მხოლოდ საკვები პროდუქტი შეიძლება იყოს, არამედ – იგივე ბამბა) და მყიდველი თავად გადაწყვეტს – შეიძინოს თუ არა.
გასულ წელს EFSA-მ (ევროპული კვების პროდუქტების საფრთხოების ორგანიზაციამ) ამერიკული Monsanto-ს გენმოდიფიცირებული სიმინდის (კოდური სახელწოდებით MON 810) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა – დასკვნაში ნათქვამია, MON 810 უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არც გარემოსთვის მოაქვს ზიანი. ევროკომისიამ “მონსანთოს” ამგვარი სიმინდის ევროკავშირის ტერიტორიაზე მოყვანის ნებართვა გასცა. ეს ნებართვა, ლოგიკურად, აუქმებს ამ პროდუქტზე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მიერ შემოღებულ აკრძალვასაც (EFSA GMO Stands by Positive Opinion on Monsanto Maize Products) და საფუძველს აძლევს ამერიკულ კომპანიას, სასამართლოს გზით მოითხოვის ამ აკრძალვების გაუქმება.
პირველი ავტომობილები რომ გამოჩნდნენ, ექიმები იმასაც ამტკიცებდნენ – ამ სიჩქარით მოძრაობა არ შეიძლება – გულის შეტევას გამოიწვევსო.
გენმოდიფიცირებული პროდუქტი გამოირჩევა მეტი მოსავლიანობით, გარემო პირობებისადმი მეტი მედეგობით და მავნებლების მიმართ მაღალი იმუნიტეტით.
დღეს, როდესაც შიმშილის პრობლემა დგას ბევრგან – ეს ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის შეუგნებლობისა და დაბალი ეკოკულტურის გათვალისწინებით, სხვა გზა არ ჩანს.
ბრიტანეთის სამეფო სამედიცინო ასოციაცია პირდაპირ ითხოვს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე გენმოდიფიცირებული კულტურების მოყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილს პროგნოზირებს (Britain will starve without GM crops, says major report).
თუარადა, ვჭამოთ ნაკლები და მოვიმარაგოთ პრეზერვატივები. უფრო იაფი დაგვიჯდება.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
კლიმატის ცვლილების მძიმე შედეგები
Market Report: Potato prices jump as imports fall
Wheat prices soar: How will that affect the grocery bill?
Evening markets: ‘panic’ import buying reboots wheat rally
ასევე:
აჰა, სიახლე ბლოგზე : )
ნუ მოდიფიცირებული საკვებისა რა გითხრა და მომავალი კი მაშინებს : (
LikeLike
ამ გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტზე იმდენი რამე იწერება და სულ განსხვავებული.
ამიტომ, გეთანხმები – უნდა მოხდეს მარკირება და ადამიანმა თავად აირჩიოს.
აკრძალვა სისულელეა, რახან დანამდვილებით არ მტკიცდება, რომ ის მავნებელია.
LikeLike