კოსოვოს დამოუკიდებლობა

გაეროს უმაღლესი სასამართლოს 2010 წლის 22 ივლისის  გადაწყვეტილების თანახმად, კოსოვოს მიერ ცალმხრივად დამოუკიდებლობის გამოცხადებით საერთაშორისო სამართლის ნორმები არ დარღვეულა.

ეს იურიდიული საკითხია.

მაგრამ არამხოლოდ.

კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის თვითგამოცხადებას და ამ დამოუკიდებლობის აღიარებას აშშ-სა და კიდევ 68 სახელმწიფოს მიერ წინ ბევრი რამ უძღოდა და, თუ ყველაფერი არ გავითვალისწინეთ, ჩვენი შეფასება მცდარი იქნება.

შორეულ ისტორიულ წიაღსვლებს თავი დავანებოთ – რომ არა რომის იმპერია, რომ არა ბულგართა სამეფო, რომ არა სერბთა იმპერია, რომ არა ოტომანთა იმპერია, რომ არა მეორე მსოფლიო ომი… რომ არა ეს, რომ არა ის… მაგრამ ეს ყველაფერი იყო. შედეგად კოსოვოს ტერიტორია კომუნისტური იუგოსლავიის სერბეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში ალბანელებით დასახლებული და ავტონომიის უფლებებით აღჭურვილი აღმოჩნდა. ასეთი იყო რეალობა. მაგრამ კოსოვო სერბებისთვის იყო არა უბრალოდ მიწა, არამედ – სიწმინდე. სიმბოლო. ის, რომ მათს სიწმინდესა და სიმბოლოს სხვა ეთნოსის “უწმინდური” ხალხი “დაპატრონებოდა” იმთავითვე მიუღებელი იყო სერბებისთვის, ისევე როგორც კოსოვოს ავტონომიური სტატუსი…

ურთიერთობები სერბებსა და იუგოსლავიის ფედერაციაში მცხოვრებ სხვა ეთნოსებს შორის არასდროს ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ასე იყო კოსოვოელების შემთხვავაშიც. სერბულ-ალბანურ “სიამ-ტკბილობაზე” დიდი გავლენა იქონია ორ კომუნისტ დიქტატორს – იოსიფ ბროზ ტიტოსა და ენვერ ხოჯას შორის მტრობამაც. სერბების დომინირება როგორც მთლიანად იუგოსლავიის, ასევე, ამ შემთხვევაში, ავტონომიის ხელმძღვანელობაში, ალბანელთა შორის მღელვარებას იწვევდა. 60-იანებში კოსოვოს ალბანურმა თემმა ავტონომიისთვის რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება ღიად მოითხოვა. აქედან მოყოლებული საპროტესტო მოძრაობა, პრაქტიკულად, არც ჩამცხრალა. 80-იანებში ავტონომიის სტუდენტობამ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების მოითხოვნებიც წამოაყენა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხედრო ძალა გამოიყენა და კოსოვოში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

1990 წელს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოს ავტონომიური უფლებები შეკვეცა (იგივე ბედი ეწია ვოევოდინას ავტონომიურ რესპუბლიკასაც) და პრობლემის მოგვარების გზად ეთნიკური პროპორციის შეცვლა დაისახა ადმინისტრაციული მეთოდებითა (100’000-ზე მეტი ადამიანი ეთნიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურებიდან) და სამხედრო ძალით (არ არის ადამიანი – არ არის პრობლემა). მოგვიანებით მან ეს პოლიტიკა სხვა “აბუნტებული” ხალხების მიმართაც განავრცო, რასაც მოყვა 1992-1995 წლების “ბალკანური ომები” – სლოვენიის წინააღმდეგ (ე.წ. “ათდღიანი ომი”), ხორვატიის წინააღმდეგ (რომლის შედეგად სერბეთმა ხორვატიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიტაცა და იქ მარიონეტული “რესპუბლიკა”  სერბსკაია კრაინა შექმნა… სხვათა შორის, ეს ის სერბსკაია კრაინაა, რომლის “მთავრობამ ემიგრაციაში” აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო) და ყველაზე სისხლისმღვრელი ომი ბოსნიაში.

რა თქმა უნდა, მილოშევიჩს არც კოსოვო დავიწყნია. დახურეს ალბანურენოვანი გაზეთები, ეთნიკური ნიშნით სამსახურებიდან დაითხოვეს ათეულ ათასობით ადამიანი, ავტონომიას სერბეთის პოლიცია და შინაგანი ჯარი აკონტროლებდა. მიუხედავად ამისა, 1991-1992 წლებში კოსოვოელმა ალბანელებმა მოახერხეს რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. მათ დამოუკიდებლობას მისცეს ხმა და თავიანთ ლიდერად ზომიერი პოლიტიკოსი იბრაჰიმ რუგოვა აირჩიეს. რუგოვამ ავტონომიის გაუქმებას მშვიდობიანი პროტესტი და მოლაპარაკებები დაუპირისპირა, მაგრამ მშვიდობის დრო კარგა ხანია ჩავლილი იყო.

ამასობაში სამხედრო წარუმატებლობამ ბალკანურ ომებში მილოშევიჩი აიძულა, შეგუებოდა იუგოსლავიის დაშლასა და ხორვატიისა და ბოსნიის დამოუკიდებლობას, სამაგიეროდ, ახლა მას მთელი ძალების კოსოვოში გადასროლის საშუალება მიეცა. რაც უფრო ძლიერდებოდა სამხედრო ზეწოლა სერბების მხრიდან, მით უფრო იზრდებოდა იმ ალბანელთა რიცხვი, რომლებიც იარაღს კიდებდნენ ხელს და კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის (KLA) რიგებს უერთდებოდნენ. სწორედ ამან განაპირობა KLA-ს გავლენის ზრდა და 1996 წლიდან (დაფუძნებიდან მხოლოდ მე-6 (!) წელს), როგორც იქნა, ანგარიშგასაწევ მოთამაშედ იქცა. რომ არა მილოშევიჩის სიჯიუტე და სიბეცე, კოსოვოს გამათავისუფლებელი არმია და ჰაშიმ ტაჩი ვერასდროს მოიპოვებდნენ ასეთ გავლენას.

90-იანების ბოლოს დასავლეთი (პირველ რიგში კი აშშ) აქტიურად ჩაერთო კოსოვოს კრიზისის მოგვარებაში – მადლენ ოლბრაითმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ იუგოსლავიის შიდა საქმე ვეღარ იქნებოდა. 1999 წლის თებერვალში საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში, ქალაქ რამბუიეს ციხე-სიმაგრეში მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. ამ შეხვედრისთვის მზადება ომის ფონზე მიმდინარეობდა – 1999 წლის იანვარში ალბანელების წინააღმდეგ სერბულმა საგანგებო დანიშნულების საპოლიციო რაზმმა განახორციელა რაჩაკის ეთნოწმენდა (რაც, მოგვიანებით, მილოშევიჩისა და სხვა სერბი ლიდერების მიმართ საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ წაყენებული ბრალდებების ერთ-ერთ საფუძვლად იქცა), მაგრამ მოლაპარაკებები მაინც შედგა. ალბანურ დელეგაციას KLA-ს ლიდერი ჰაშიმ ტაჩი ხელმძღვანელობდა, იუგოსლავიისას – სერბეთის პრეზიდენტი მილან მილუტინოვიჩი (რომელსაც, კაცმა რომ თქვას, ნომინალური უფლებები ჰქონდა, სერბეთშიც და მთლიანად იუგოსლავიაშიც ყველაფერს ფედერაციის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი განაგებდა). მომრიგებელ მხარედ და შეთანხმების შესრულების გარანტორად NATO გამოვიდა, რომელსაც გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა წარმოადგენდა. რამბუიეში ჩამოვიდნენ შუამავლების – აშშ-ს, ბრიტანეთისა და რუსეთის წარმომადგენლები.

ტაჩის პოზიცია მტკიცე და შეუვალი იყო –  კოსოვოს ასამბლეის (თვითმმართველობითი ორგანოს) მიერ გაცემული და 1991 წლის რეფერენდუმის შედეგებით გამყარებული მანდატით მას მხარის დამოუკიდებლობის მოთხოვნა ჰქონდა დავალებული, მაგრამ დასავლეთის პოზიცია იუგოსლავიის ტერიტორიალური მთლიანობის შენარჩუნება იყო და ამერიკელთა გავლენით (ეს – კულტურულად. რეალურად კი – ტაჩის ხელების ამოგრეხვით) კოსოვართა პოზიცია თანდათანობით შერბილდა – მათ დამოუკიდებლობის მოთხოვნა მოხსნეს და სერბეთის შემადგენლობაში ფართო ავტონომიის სტატუსზე დათანხმდნენ. ომის განუახლებლობისა და მშვიდობის გარანტორად NATO გამოვიდა. უნდა მომხდარიყო კოსოვოს დემილიტარიზაცია და იქ NATO-ს ეგიდით სამშვიდობო ძალები (KFOR) განლაგებულიყო.

1999 წლის 18 მარტს შეთანხმების ტექსტს ხელი მოაწერეს კოსოვოს, აშშ-სა და ბრიტანეთის წარმომადგენლებმა. რუსებმა და სერბებმა ხელმოწერაზე უარი განაცხადეს.

თუმცა, სერბეთის პარლამენტში დაიწყეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და კოსოვოს ავტონომიაც აღადგინეს, მაგრამ NATO-ს სამშვიდობო ძალების დაშვებაზე უარი თქვეს. პარალელურად მილოშევიჩმა სამხედრო მოქმედებებიც განაახლა. ათიოდ დღეში სერბულმა პოლიციამ განხორციელა ალბანელთა ეთნოწმენდა მდინარე სუვოსთან.

იუგოსლავიის მხრიდან რამბუიეს შეთანხმებების ჩაშლისა და ომის განახლების შემდეგ, NATO-მ – როგორც მშვიდობის გარანტორმა – სლობოდან მილოშევიჩს კოსოვოდან ძალების გაყვანა მოთხოვა და იუგოსლავიის სამხედრო ობიექტების დაბომბვა დაიწყო.

ამან აიძულა მილოშევიჩი საბრძოლო მოქმედებები შეეწყვიტა და კოსოვოდან ჯარები გაეყვანა. იქ KFOR-ის ნაწილები განლაგდნენ და მხარე გაეროს ადმინისტრაციის მმართველობის ქვეშ გადავიდა. მაგრამ ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. ეს უკვე სულ სხვა რეალობა იყო. პრინციპულად განსხვავებული იმისგან, რაც რამბუიეს შეთანხმებების ძალით შეიქმნებოდა, იუგოსლავიას რომ ხელი მოეწერა.

მიუხედავად ამისა დასავლეთის მცდელობები მაინც გრძელდებოდა, რომ სერბულ-ალბანური მორიგება ხელახლა შემდგარიყო, მაგრამ ამჯერად კოსოვარებს მიეცათ მყარი არგუმენტი – ისინი ამბობდენენ: მიუხედავად ეთნოწმენდისა,  ჩვენ დავთანხმდით თქვენს პირობებს რამბუიეში, დავთანხმდით ავტონომიას და ვაღიარეთ სერბეთის ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ შეთანხმებაზე უარი თქვა იუგოსლავიამ და განაახლა ომი. ახლა იგივე პირობებს ჩვენ აღარ დავთანხმდებითო.

2008 წელს ბრიტანეთის წარმომადგენელმა გაეროში სერ ჯონ სეივერსმა განაცხადა, რომ იუგოსლავიის მხრიდან განხორციელებულმა ძალადობამ კოსოვოს დაბრუნება ბელგრადის კონტროლქვეშ შეუძლებელი გახადა.

საერთაშორისო სამართლის ექსპერტები (მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი რალფ უაილდი) ადასტურებენ, რომ ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა ეთნოწმენდა და გენოციდი, გარკვეულ პირობებში, ქმნის დამოუკიდებლობის თვითგამოცხადების იურიდიულ საფუძველს.

სამწუხაროდ ჩვენთან ადამიანები სარგებლობენ რუსული და პრო-სერბული წყაროებით, რომელთა მიხედვით აშშ-ს მიზანი იყო სერბეთის დაშლა. ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის და კვლავ ვიმეორებ, რომ რამბუეში სწორედ აშშ-მ აიძულა კოსოვოელები დაეხიათ უკან დამოუკიდებლობის მოთხოვნებიდან, მაგრამ მილოშევიჩმა დაუშვა გაუმართლებელი შეცდომა და ჩაშალა შეთანხმება… იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ KLA და ჰაშიმ ტაჩი, ფაქტობრივად, ასევე მილოშევიჩის შემოქმედებაა და მან გაუმართლებლად უამრავი დრო დაკარგა, სანამ კოსოვოელ ალბანელთა ლიდერი ზომიერი იბრაჰიმ რუგოვა იყო.

უდავოა, რომ NATO-ს, როგორც ძალისა და მნიშვნელოვანი მოთამაშის გამოჩენა იუგოსლავიის ტერიტორიაზე აფრთხობდა მილოშევიჩს, მაგრამ მასზე არანაკლებ – რუსეთს. კრემლში არ სურდათ უკანასკნელი იდეოლოგიურად ახლო ევროპელი მოკავშირის დაკარგვა და ეშინოდათ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის არა იმდენად სამხედრო, არამედ, პირველ ყოვლისა, სამოქალაქო შემადგენლის – იმ ფასეულობათა სისტემის, რაც მოაქვს NATO-ს და დასავლეთის გავლენას.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Rambouillet Agreement: Interim Agreement for Peace and Self-Government in Kosovo

Humanitarian law violations in Kosovo

Kosovo: International Law and Recognition

P.S.

ეს წერილი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავწერე.

გაეროს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ კვლავ აქტუალური გახადა კოსოვოს საკითხი, ამიტომ ბლოგზეც ვაქვეყნებ.

ამავე დროს, როგორც საერთაშორისო სამართლის არასპეციალისტს, მოვლენების განვითარების ლოგიკა უფრო მაინტერესებს, ვიდრე იურიდიული კაზუისტიკა. ჭეშმარიტების მღაღადებლობაზე პრეტენზიაც არ მაქვს.

P.P.S.

And as always with this article – many thanks to Andrea Cvetko and Pero & Jadranka Jovich for their hospitality, friendship and Croatian heart.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “კოსოვოს დამოუკიდებლობა”

  1. ისეთი დანაშაულებები, როგორიცაა ეთნოწმენდა და გენოციდი, გარკვეულ პირობებში, ქმნის დამოუკიდებლობის თვითგამოცხადების იურიდიულ საფუძველს.

    romeli muxlit sainteresoa?
    gthovt, kanoni an saertashoriso samartlis norma damisahelot.

    Like

  2. რთული საკითხია.
    ერთი მხრივ, გენოციდი და ამ სახის უმძიმესი დანაშაული ქმნის დამოუკიდებლობის საფუძველს. მეორეს მხრივ, არ შეიძლება ერთი ხელისუფალის გამო დაისაჯოს მთლიანად ქვეყანა.
    დღეს ხომ არ არის მილოშევიჩი და სერბეთში დელოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაა. ფართო ავტონომიური და უსაფრტხოების უფლებები – კოსოვოს და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება – ეს უფრო ლოგიკური გზაა.

    კარგი პოსტები გაქვს მომეწონა. პრობლემატურ თემებზე.
    შენს მეორე ბლოგს ვკითხულობ ხოლმე და ის ძალიან განსხვავებულია ამისგან.

    Like

    1. რაღაც ორეზროვანო კომენტარი გამოგივიდა – ამ ბლოგს გულისხმობ? http://wp.me/BTza
      და განსხვავებული ამისგან ანუ ცუდი? 🙂
      მე მგონი, ისიც კარგი ბლოგია…
      თემატიკა მართლაც განსხვავებულია. ამიტომაც გავყე პოსტები ზოგი აქეთ – ზოგი იქეთ.

      Like

დისკუსია დახურულია.