ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში

მას შემდეგ, რაც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელი შეეცვალა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ეწოდა და ზურაბ პოლოლიკაშვილის ნაცვლად მინისტრად ვერა ქობალია დაინიშნა, ამ უწყებაში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-ცენტრის ინფორმაციით, სამინისტროში პროგნოზირებისა და ანალიზის დეპარტამენტი იქმნება, რომელსაც სათავეში გერმანიიდან საგანგებოდ მოწვეული ექსპერტი ჩაუდგება.

ეს ექსპერტი ყველასათვის კარგად ცნობილი რვაფეხა პაულია, რომლის უზუსტესმა პროგნოზებმა  მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ყველა ცნობილი სპეციალისტი დაჩრდილა. იგი ობერჰაუზენიდან საკუთარი აკვარიუმით გვეწვევა და საქართველოში დაიდებს ბინას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-ცენტრი იუწყება, რომ სამინისტროს შენობაში უკვე გამოყოფილია საგანგებო კაბინეტი, რომლის კეთილმოწყობაც სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, პაულის ნდობით აღჭურვილი პირის, ობერჰაუზენის აკვარიუმის თანამშრომლის, ოტო მაიერის მეთვალყურეობით.

ჩვენ მოვახერხეთ ბატონ მაიერთან გასაუბრება, რომელმაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რვაფეხა პაულს შორის გაფორმებული კონტრაქტის პირობების გამხელაზე უარი განაცხადა, სამაგიეროდ გაგვანდო, რომ პაულს სხვა წინადადებებიც ჰქონდა, თუმცა მან არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა.

“პატივცემულმა პაულმა რამდენიმე სარფიანი წინადადება მიიღო, – ბრძანა ბატონმა მაიერმა, – კერძოდ, რომან აბრამოვიჩმა ის “ჩელსის” მენეჯერად მიიწვია. იყო სხვა შემოთავაზებებიც, იგივე “დოიჩე ბანკიდან” და საინვესტიციო კომპანია “ტაურუსიდან”, მაგრამ პაულმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული წინადადება ამჯობინა… გერმანელები დამნაშავედ ვგრძნობთ თავს საქართველოს წინაშე, თქვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება რომ დავბლოკეთ და პატივცემულ პაულს სინდისი ქეჯნის და ამ ბრალის შემსუბუქება სურს”, – განგვიმარტა ბატონმა მაიერმა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

რვაფეხა პაულის საფეხბურთო წინასწარმეტყველებანი

Advertisements