სტალინი და მინიპუტები

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
“25 თებერვალი”, კოლაუ ნადირაძე

სტალინის ძეგლის აღება საზოგადოებისთვის უნდა ეკითხათო – უბრძანებია, თურმე, სოზარ სუბარს.

კი მაგრამ, ეგ ძეგლი რომ დადგეს, განა კითხეს საზოგადოებას? კითხეს, ვთქვათ, სოზარის მამას ან დედას ან ბებია-ბაბუებს?

ამას გარდა, ეს მუდმივად და ყველაფერზე ძახილი: “საზოგადოებას რატომ არ კითხეთ” “საზოგადოებას არაფერს ეკითხებიან” სასაცილოა. სადღაც შადრევანი დადგეს – რატომ არ კითხეს საზოგადოებას? სადღაც ხე დარგეს – საზოგადოებას რატომ არ კითხეს? სადღაც მდინარეზე გადეს ხიდი – საზოგადოებას კვლავ არაფერი კითხეს… და როგორ უნდა ეკითხათ, გეთაყვა, რეფერენდუმის გზით თუ – პლებისციტის?

დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს, მაგრამ ხალხი ქვეყნის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში არჩევნების გზით მონაწილეობს და ძალაუფლების დელეგირებას ახდენს ხოლმე. ასე ხდება. ხელისუფლება კი იმისთვის არსებობს, რომ დელეგირებული ძალაუფლება მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს და ყოველ წუთას და ყველა საკითხზე პლებისციტები არ ატაროს.

ასე ხდება ყველგან. პარიზის მუნიციპალიტეტს გამოკითხვა რომ ჩაეტარებინა, ეიფელის კოშკი კარგა ხნის დაშლილი და ჯართში ჩაბარებული იქნებოდა. ეს, ზოგადად, ძეგლებსა და ქალაქის განვითარებას რაც შეეხება, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად სტალინს – ის დამნაშავეა ქართული სახელმწიფოს წინაშე.

ბატონ სუბარს და კო-ს კი, შემიძლია, შევახსენო:

საქართველოს  ეროვნული  საბჭო,  1917  წლის  22  ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:

ამიერიდგან      საქართველოს      ხალხი      სუვერენულ      უფლებათა მატარებელია  და  საქართველო  სრულუფლებოვანი  დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

(საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, გამოცხადებულია  ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს).

და კიდევ:

საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო.

(საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს თ ა ვ ი 1, ზოგადი დებულებანი მუხლი 1).

ჰოდა, ეს დეპეშა კი ეხსომებათ უჩემოდაც:

ორჯონიკიძე – ლენინს, სტალინს. ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს! 25 თებერვალი 1921 წელი.

აქ მთავრდება დისკუსია. გინდ მე-2 მსოფლიო ომი მოეგო და გინდ 22-ე (ის მე-2 მსოფლიო ომიც რომ თავადვე გააჩაღა ჰიტლერის მხარდამხარ და სიამტკბილობით, ეს იქეთ იყოს).

და იმედი მაქვს, ოდესმე საქართველო პარლამენტიც მიიღებს კანონს ტოტალიტარული (არა მხოლოდ ნაცისტური, არამედ – ბოლშევიკური) სიმბოლოების აკრძალვის შესახებ.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “სტალინი და მინიპუტები”

    1. ეგ – თავისთავად.

      მაგრამ ეს პოტი ნაწილობრივ დავწერე იმის საპასუხოდაც, რაც მოვისმინე სიუჟეტებში, რომ თუმცა, სტალინს ცოტა ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ იმ დროს ასეთი კანონები იყო და ის კანონის მიხედვით ატარებდა რეპრესიებს.

      საქართველოს მიმართ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა აგრესია, თუმცა დამოუკიდებლობა თავად რუსეთის მიერაც იყო აღიარებული.

      თორემ უამრავი სხვა დანაშაული რომ აქვს ჩადენილი, როგორც სსრკ ბელადს, ეს ცხადია.

      Like

დისკუსია დახურულია.