სტალინის ძეგლის აღებას სასამართლოში გაასაჩივრებენ

24 ივნისის ღამეს გორში სტალინის ძეგლი აიღეს. საბჭოთა სახელმწიფოსა და სსრკ და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის ხელმძღვანელის 6 მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკება გორის ცენტრში 1952 წელს დაიდგა.

ქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ძეგლს სტალინის სახელობის მუზეუმში გადაიტანენ, ხოლო მის ადგილზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველების მემორიალი აღიმართება, მაგრამ ამ ფაქტმა ექსპერტებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის დიდი გულისყრომა გამოიწვია.

“სტალინის აპოლოგეტად ნურავინ ჩამთვლის, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მიუმხრობელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარემ, სოსო ცისკარიშვილმა, – მაგრამ სტალინის ძეგლის დემონტაჟი სხვა არაფერია თუ არა საკუთარი ისტორიის გადაწერის მცდელობა და მხოლოდ ბრიყვთა გართობა”.

კიდევ უფრო მკაცრი იყო საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია:

“საქართველოს დამშლელმა, ბრძოლის ველიდან სამარცხვინოდ გაქცეულმა მიხეილ სააკაშვილმა წუხელ აისრულა ოცნება, მოახდინა რა მეორე მსოფლიო ომის მომგებ, ფაშიზმის დამამარცხებელ, რუზველტისა და ჩერჩილის თანამებრძოლ, ინდუსტრიის მშენებელ და ხალხის მტრების განმანადგურებელ იოსებ სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორში, – ბრძანა ბატონმა ძაგანიამ პარტიის ოფისში გამართული სახელდახელო ბრიფინგის დროს, – სტალინის ძეგლის აღება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, მაგრამ ტყუილად აქვთ იმედი, რომ ეს შერჩებათ. ლეიბორისტული პარტია აპირებს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში და მზად ვართ, სტრასბურგამდე მივიდეთ!”

ამის გარდა, ბატონმა ძაგანიამ გაამხილა, რომ ლეიბორისტებისთვის ხელისუფლების ეს ქმედება მოულოდნელი არ ყოფილა.

“ჩვენ კარგა ხანია ველოდით თავგასული სააკაშვილის ასეთ საქციელს და თადარიგიც კარგა ხანია, დავიჭირეთ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და ქართველი ხალხის საყვარელი შვილი შალვა ნათელაშვილი არის მიწის მფლობელი მთვარეზე და თუ აქ არაფერი გამოგვივიდა, ჩვენ ვპირდებით ქართველ ხალხს, რომ სტალინის ძეგლს მთვარეზე აღვმართავთ.”

Lonar land

ამ ოპტიმისტური განცხადებით, კახა ძაგანიას პრეს-კონფერენცია დასრულდა.
© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.

გინდათ, გახდეთ შალვა ნათელაშვილის მეზობელი მთვარეზე და დატკბეთ ხედით სტალინის ძეგლზე?

Advertisements