მიიღო თუ არა ბარაქ ობამამ მიხეილ სააკაშვილის წერილი?

როგორც ცნობილია, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა “საერთაშორისო დიპლომატიაში და ხალხთა შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული  ძალისხმევისთვის” აშშ პრეზიდენტ ბარაქ ობამას ნობელის პრემია მიანიჭა.

აშშ პრეზიდენტმა განვლილი ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერის მილოცვა მიიღო. როგორც თეთრი სახლის პრეს-რელიზი იუწყება, ბარაქ ობამას ნობელის პრემიის მიღება მიულოცეს: კანადის პრემიერმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა, რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერმა, ავსტრალიის პრემიერმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, იტალიის პრემიერმა, პოლონეთის პრეზიდენტმა, შვედეთის პრემიერმა და მსოფლიოს  მრავალმა სხვა ლიდერმა.

ერთადერთი ქვეყნის პრეზიდენტი, ვისი მილოცვის წერილიც აშშ-ს პრეზიდენტს არ მიუღია – საქრთველოს პრეზიდენტია.

საკითხავია რატომ?
ამ საკითხზე განმარტება ბატონმა სოსო შატბერაშვილმა გააკეთა:
– არაფერი ახალი და გასაკვირი არ ხდება, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა, – როგორც ცნობილია, საქართველოს თვითმარქვია პრეზიდენტი საერთაშორისო იზოლაციაშია. მას მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები არ ხვდებიან და არც ესაუბრებიან.

როგორც თეთრი სახლიდან ჩვენმა წყარომ გვაცნობა, აშშ-ს საფოსტო სამსახურს მიხეილ სააკაშვილის წერილების თეთრ სახლში მიტანა უბრალოდ აკრძალული აქვს. ამ წერილებს მიღებისთანავე ურნაში ყრიან, როგორც მაკულატურას.

მეტსაც გეტყვით – ლეიბორისტული პარტიის IT დეპარტამენტმა მომაწოდა დადასტურებული ცნობა, რომ ამერიკის პრეზიდენტს სააკაშვილის ი-მეილის მისამართი სპამ-ფილტრში შეუტანია და დაუბლოკია. აი, ესაა ჩვენი რეალობა.

მაგრამ, უნდა დაგამშვიდოთ, აშშ-ს პრეზიდენტი საქართველოდან ყურადღების გარეშე არ დარჩენილა – ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ბატონმა შალვა ნათელაშვილმა გაუგზავნა მას მილოცვის ბარათი და, როგორც ჩვენი წყარო თეთრ სახლში ადასტურებს, ეს წერილი ბატონმა ობამამ გუშინ დილით უკვე მიიღო და იმ დღეს მიღებულ წერილთა შორის, სწორედ ის წაიკითხა პირველი.

ყველა ქართველისთვის ამ სასიხარულო ცნობით, ბ-მა სოსო შატბერაშვილმა ბრიფინგი დაასრულა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

2 thoughts on “მიიღო თუ არა ბარაქ ობამამ მიხეილ სააკაშვილის წერილი?”

    1. სხვა ბლოგზე 🙂
      ძველი პოსტია. უბრალოდ სხვა ბლოგიდან ქართული პოსტები აქეთ გადმოვქაჩე.

      Like

დისკუსია დახურულია.