ქართული სუშის სკანდალის საერთაშორისო გამოძახილი

JIA-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა ცენტრალური აზიისა და კავკასიის განყოფილების დირექტორის მოადგილესთან, ბ-ნ. კიტანო ტაკეში უმცროსთან, სადაც საქართველოზეცაა საუბარი.

საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირეა რეგიონში, – განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა, – ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და თანამშრომლობას უკვე საკმაო ისტორია აქვს. იაპონიასა და საქართველოს 1996 წლიდან აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები.
ამა წლის გაზაფხულზე საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩვენი ქვეყნის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა მასაიოში კომაჰარამ.

იაპონია საქართველოს მეგობარი და ერთ-ერთი დიდი დონორი ქვეყანა გახლავთ: დღეისთვის საქართველოში იაპონიას 100-მდე პროექტი აქვს დაფინანსებული და პროექტებისთვის 5 მილიარდი დოლარზე მეტი დაიხარჯა. ჩვენ განზრახული გვაქვს, კიდევ უფრო განვავითაროთ და გავაღრმავოთ ურთიერთობა საქართველოსთან.

ამავე დროს, – განაცხადა ბ-მა კიტანომ, – არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ ბოლო დროს საქართველოში სუშის საწინააღმდეგო კამპანიაა დაწყებული, რაც იაპონელების გულისტკივილს იწვევს.

ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მიერ არაერთგზის გამოითქვა აზრი, რომ სუშის ჭამა სირცხვილია. რომ სუში სატანისტური საკვებია. რომ სუშით ქართველი ადამიანის სული და ხორცი წაწყმდება.

კიდევ მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ აზრს ის ქართველი პოლიტიკოსები გამოთქვამენ, რომლებიც ხალხში დიდი პოპულარობით და ავტორიტეტით სარგებლობენ და სუშის საწინააღმდეგო ამგვარ პროპაგანდას ისინი პოპულარული ქართული ტელეარხის პირდაპირი ეთერით ეწევიან.

მეტიც, საქართველოში შექმნილია ახალგაზრდული მოძრაობა „ანტი-სუში“, რომელიც სუშის საწინააღმდეგო აქციებს მართავს. ეს იაპონია-საქართველოს მეგობრობის წინააღმდეგ მიმართული აქტია.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებითა და შეშფოთებით ადევნებს თვალს მოვლენათა განვითარებას. ჩვენ ვცდილობთ გავერკვეთ, თუ ვის მიერ ფინანსდება ეს პროტესტი.

ჯერ-ჯერობით ზუსტი პასუხი არ გავქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ აქციების უკან ჩინური სამზარეულოს შანხაის ტრიადა დგას, თუმცა რუსულ ინტერესსაც ვერ გამოვრიცხავთ. ჩვენს ქვეყანას ხომ, საქართველოს მსგავსად, რუსეთთან მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემა აქვს, რაც ხელს უშლის რუსეთ-იაპონიის ურთიერთობის ნორმალურ განვითარებას, ამიტომ იაპონიაში ყველას კარგად გვესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და მასთან დიპლომატიური და ყველა სხვა სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებას.
როგორც ჩანს, ბევრს ეს არ მოსწონს – განაცხადა იაპონელმა დიპლომატმა.

ინტერვიუს ბოლოს ბ-ნმა კიტანო ტაკეშიმ წაიკითხა აკაკი წერეთლის ლექსი “ოი ამას ვენაცვალე, ოი ამას ვენაცვალეოოოო…”

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

One thought on “ქართული სუშის სკანდალის საერთაშორისო გამოძახილი”

  1. აჰა, ეს ნი2-ის ფილიალია? 🙂
    არადა, წინა პოსტი კინაღამ დავიჯერე.

    კაი იყო. მაგრად ვიცინე.

    Like

დისკუსია დახურულია.