რატომ გათიშა “ევრიკამ” საპატრიარქოს ტელევიზიის მაუწყებლობა?

2010 წლის 21 ივნისს საპატრიარქოს ტევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. “ერთსულოვნება” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის ნოემბერში დაარსდა და ხელშეკრულების საფუძველზე ტელერადიოკომპანია “ევრიკის” სიხშირეზე მაუწყებლობდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საპატრიარქოს ტელევიზიის იურისტმა მაია ცანავამ განუცხადა, “ევრიკას” მიმართ “ერთსულოვნების” დავალიანება შეადგენს 112 ათას ლარს, მათ შორის არის საპატრიარქოს ტელევიზია “ივერიას” მიერ დაგროვილი დავალიანებაც. დაფინანსების სიმცირის მიუხედავად, “ერთსულოვნებას” “ევრიკას” მიმართ წელს, აგვისტოს ჩათვლით 64 ათასი ლარი გადახდილი აქვს, მაგრამ “ევრიკამ” არხის გათიშვის გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

საპატრიარქოს ტელევიზიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხერხდება ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღდგენა, თუმცა, ჩვენმა სააგენტომ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ტელერადიოკომპანია “ევრიკამ” ახალი კლიენტი მოძებნა – ეს არის ჰოლანდიური მედია-ჰოლდინგი Sapphire Media International BV, რომელიც “ევრიკას” სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს.

Sapphire Media International BV-ს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა აუგუსტინ ბაკერმა დაადასტურა, რომ მედია-ჰოლდინგი აპირებს თავისი მოღვაწეობა შავი და კასპიის ზღვის რეგიონში განავითაროს, ამ მხრივ საცდელი ქვა საქართველო იქნება და წარმატების შემთხვევაში, კომპანია კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებითაც დაინტერესდება, პირველ რიგში კი – აზერბაიჯანითა და ყაზახეთით.

  • შეგახსენებთ, რომ Sapphire Media International BV ჰოლანდიური მედია-ჰოლდინგია, რომელიც Hustler TV Europe-ის მფლობელია. სავარაუდოდ, სწორედ Hustler TV Europe დაიწყებს მაუწყებლობას საქართველოში ტელერადიოკომპანია “ევრიკას” სიხშირეზე.

“ჩვენ საქართველოს ევროპის ნაწილად განვიხილავთ, – განაცხადა ბატონმა ბაკერმა, – ამიტომაც შევაჩერეთ არჩევანი საქართველოზე. ვფიქრობ, ჩვენი პროდუქცია ქართველი მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.” ამავდროულად, ბატონი ბაკერის თქმით, მედია-ჰოლდინგი ქართული ტელეარხით არა მხოლოდ მის მიერ ევროპაში შექმნილი კონოფილმებისა და სხვადასხვა შოუ-პროგრამების წარმოდგენას აპირებს, არამედ – ადგილზე წარმოების ხელშეწყობასაც.

“ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში შესანიშნავი მსახიობები და რეჟისორები არიან.  ვაპირებთ ადგილობრივ კინო და ტელეინდუსტრიას დავუჭიროთ მხარი. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ისეთ პროდუქციას შევქმნით, რომელიც ევროპელი მაყურებლისთვისაც იქნება საინტერესო. ეს თქვენი ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.”
 
© Tony Clifton Digital Media Ltd.
Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

One thought on “რატომ გათიშა “ევრიკამ” საპატრიარქოს ტელევიზიის მაუწყებლობა?”

დისკუსია დახურულია.