სიმფსონები: ნაკურთხია!

ბლოგერმა და კოსმიურმა ჯვაროსანმა ჰიუსტონმა გამოაქვეყნა პოსტი ეკლესიის გარშემო ატეხილი აურზაურის შესახებ:

ყველას ახსოვს მელ გიბსონის ”ქრისტეს ვნებანი”-ს ჩვენების აკრძალვის მოთხოვნები, პროტესტი დენ ბრაუნის ”და ვინჩის კოდის” წინააღმდეგ, ჰელოუინის დარბევა, იაღოველების თავში ჯვრის რტყმევით დევნა და ა.შ.. ლოგიკურია, რომ ასეთ აგრესიასა და უჩვეულო აკრძალვებს პროტესტი გამოეწვია ხალხში, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე დებს თავს და დემოკრატიზაციას განიცდის. დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, რისი აკრძალვა არც რელიგიას, არც კანონსა და არც რაიმე სხვა დოქტრინას შეუძლია.

Holly Simpsons სია შეიძლება განვავრცოთ: იყო რელიგიური თემატიკის სპექტაკლები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით… არ ვიცი – აიკრძალა ვთქვა, თუ შეჩერდა ვთქვა, თუ გადაიდო, თუ ლოცვა-კურთხევის მოლოდინშია დაყუდებული. იყო დარბეული გამოფენები. შეწყვეტილი პერფორმანსები. შეკრეჭილი გადაცემები…

ბევრი რამ იყო და კიდევ იქნება.

გასული წლის ბოლოს “სიმფსონებმა” 20 წლის იუბილე აღნიშნეს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ანიმაციურმა ოჯახმა მრავალი ქვეყნის ფანატებისგან მიიღო მილოცვები და მათ შორის… ვატიკანისგან.

მიუხედავად იმისა, რომ სიმფსონები სრულიადაც არა-ლიტერატურულ ენაზე საუბრობენ, უხვად იყენებენ სლენგსა და უხეშ გამოთქმებსაც, მიუხედავად იმისა, რომ სიმფსონთა ოჯახის “რელიგიურობა”, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა კათოლიკური იდეალისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჰომერ სიმფსონი ღმერთს ხან ანეკდოტებს უყვება და ხან სუპერმენს უწოდებს, წმინდა საყდრის ოფიციალურმა გამოცემამ, გაზეთმა L’Osservatore Romano-მ სერიალის შემქმნელებს ხელოვნება შეუქო და აღნიშნა, რომ სიმფსონების გარეშე დღევანდელ სამყაროს სიცილი მოაკლდებოდაო, თან ისიც დაამატა, რომ ჰომერ სიმფსონს სურს, მიიღოს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც აწუხებს და ის ძიების პროცესშია, როგორც მრავალი სხვა ადამიანი და რომ ფიქრი და განსჯა, ზოგადად, სასარგებლო რამაა და უეჭველი მიიყვანს ღმერთთან, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელს დაარქმევს მასო.

დრო იცვლება. გემოვნება იცვლება. ხელოვნების ახალი ფორმები იბადება. რაღაც კვდება და იკარგება… შეიძლება, რაც იკარგება, ბევრად ჯობს მისი ადგილის დამჭერს, მაგრამ წარსულ დროებზედ დარდის ნაცვლად, ეკლესიამ დღევანდელობას უნდა გაუსწოროს თვალი და მომავალზე იზრუნოს. უნდა გამოიყენოს… თუმცა, “გამოყენება”, ამ შემთხვევაში,  უადგილო სიტყვაა… უნდა დაიხმაროს ხელოვნების დღევანდელი ფორმები, ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები. არ შეიძლება მე-12 საუკუნეში ჩარჩენა, როგორ საამურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის ეპოქა.

ეს არც არაფრის დავიწყებაა და არც არაფრის უარყოფა. არც ფესვების ამოძირკვაა და არც საკუთარ მეზე გადაბიჯება. ეს არის განახლება. ეს არის აწმყო, რომელიც წარსულზე დგას და მომავლის მშობელია… მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, უფრო უძრაობა, გულების გაქვავება და გონების გაყინვა ჩანს.

ვენაში ვინც ყოფილა, ყველას ნანახი ექნება წმინდა სტეფანეს ტაძარი (სხვათა შორის, სწორედ მე-12 საუკუნეშია აშენებული) და მის პირდაპირ აგებული მე-20 საუკუნის არქიტექტურის ნიმუში Haas-Haus, რომლის სარკისებრ შუშებშიც ისევე ირეკლება ტაძარი, როგორც თანამედროვე ავსტრიაში – ჰაბსბურგების იმპერია.

Haas Haus Haas Haus1

და ვენის არქიეპისკოპოსი, ვისი რეზიდენციაც წმინდა სტეფანეს ტაძარშია, დილით ვენურ ყავას რომ მიირთმევს, თან გენიალური არქიტექტორის ჰანს ჰოლეინის ამ თანამედროვე ნაგებობას შესცქერის და, არ ვიცი, მოსწონს თუ არა, მაგრამ ნამდვილად არ ავიწყდება, რომელ საუკუნეში ცხოვრობს.

ვატიკანში ტრადიციულად იმართება საშობაო კონცერტები, სადაც უამრავ თანამედროვე მუსიკის ლეგენდას აქვს მიღებული მონაწილეობა… სხვათა შორის, 1997 წელს პროტესტანტმა ბი ბი ქინგმა გამოსვლა რომ დაასრულა, თავისი  გიტარა იოანე-პავლე მეორეს გადასცა საჩუქრად. როგორც თავად ბლუზის მეფე იგონებს, პაპმა მადლობა გადაუხადა, გიტარა ისე დაიჭირა, თითქოს დაკვრას აპირებსო, და თითებიც შეახო სიმებს. იმავე წელს, ბოლონიაში გამართული რელიგიური კონგრესის კულტურულ პროგრამაში (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა – “კულტურული პროგრამა” :)) იოანე-პავლეს მიწვევით კიდევ ერთი გენიოსი, იუდეველი ბობ დილანი მონაწილეობდა.

განსხვავებით ბლუზისგან, სიმფონიური მუსიკის მოყვარული არ ვარ, ამიტომ Geffen Records-ის მიერ გამოცემულ ალბომს Alma Mater – Music from Vatican ვერ შევაფასებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მუსიკა ამ ჩანაწერისთვის კათოლიკე სტეფანო მაინეტიმ, ანგლიკანმა (თუმცა, ის თავს აგნოსტიკოსს უწოდებს) საიმონ ბოსუელმა და მუსულმანმა ნურ ედინამ შექმნეს, ხოლო ბენედიქტე მეთექვსმეტემ, ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიის ორკესტრის და ქოროს თანხლებით, რელიგიური ჰიმნები შეასრულა რამდენიმე ენაზე და ლოცვა წაიკითხა.

“რატომღაც”, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს თავი უხერხულად არ უგვრძნიათ ერთად სიმღერის გამო… არადა, თუ გვერდით მდგომი არ გიყვარს, ისე ვერ იმღერებო, ხომ გახსოვთ? 🙂

თუმცა, რის უხერხულობა, როდესაც წლებია უკვე წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული მართლმადიდებლური კანონიკის ყველა წესის დაცვით დახატული ხატის წინ ტარდება ლიტურღია.

Vatican

  • სხვათა შორის, ერთ ჩვენ პოლიტიკოსს, მისი ინგლისელი კოლეგის შეფასებით განაწყენებულს, ასე უთქვამს – ეგღა მაკლია, მწვალებლებისგან მივიღო რჩევა-დარიგებებიო.
სიტყვა აშკარად გამიგრძელდა. არ ვაპირებდი ამდენის დაწერას და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ბოლოში გავიდა და ამდენი დრო დაკარგა. კვლავ იმასვე დავუბრუნდები, რითიც დავიწყე – ეკლესიამ უნდა ისაუბროს თანამედროვე ენაზე (მაგრამ, თუ არ ესმის ეს ენა, როგორ ისაუბრებს) წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მრევლი დროთა განმავლობაში ისევე შემცირდება, როგორც კომუნისტური პარტიის ელექტორატი.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:
ბიტლები: ნაკურთხია!

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “სიმფსონები: ნაკურთხია!”

    1. არა არ აკლია 🙂
      ეგ სხვა ბლოგზე იყო. ეს ბლოგი ახალია და იქედან ძველი პოსტები გადმოვიტანე. კომენტარებს ხომ არ გადმოვიტანდი. 🙂

      Like

დისკუსია დახურულია.