მოიხდის თუ არა ენდი გარსია ბოდიშს?

როგორც ცნობილია, ჰოლივუდელი კინორეჟისორი და პროდიუსერი რენი ჰარლინი იღებს მხატვრულ ფილმს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიისა და რუსულ-ქართული ომის შესახებ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ფილმში საქართველოს პრეზიდენტის როლს ცნობილი ვარსკვლავი ენდი გარსია შეასრულებს.

ამ ამბავმა პატრიოტულად განწყობილი ქართველი ინტელიგენტები აღაშფოთა. ისინი დღეს საღამოს შეიკრიბნენ ოცდამეხუთე იზოლატორში და ენდი გარსიას სახლეზე საპროტესტო ნოტა დაწერეს.

თუ რა წერია ამ ნოტაში და რამ გამოიწვია ქართველი საზოგადოებრიობის აღშფოთება, ამაზე ბატონი რამაზ კლიმიაშვილი გვესაუბრება:

– ბატონო რამაზ, რატომ გამოიწვია თქვენი აღშფოთება ენდი გარსიას საქართველოში გამოჩენამ?
– ჩვენი აღშფოთება მთლიანად ამ ფილმის გადაღების ფაქტმა გამოიწვია და არა მხოლოდ ენდი გარსიას ჩამოსვლამ… ენდი გარსია კიდევ სხვა თემაა.

– კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყვით, რა არ მოგწონთ?
– დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ ფილმის რეჟისორი არ მოგვწონს. რენი ჰარლინი, მოგეხსენებათ, ფინელია და ცნობილი მიშმაკაკა. ის ობიექტურ ფილმს ვერ გადაიღებს. გვინდა ახლა ჩვენ ასეთი ფილმი?

– თქვენ მის ობიექტურობაში ეჭვი გეპარებათ?
– რა თქმა უნდა. ფილმის სცენარისტიც ფინელია… უკვე გასაგებია, რომ ეს ანტი-რუსული ფილმი იქნება და ვერანაირად ასახავს ტალიავინის დასკვნას, რომელმაც ომის გაჩაღებაში საქართველოს დასდო ბრალი… მე ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა ტალიავინის დასკვნა გადაგვეკეთებინა კინოსცენარად და ის გადაგვეღო… ან ეს ფინელი რეჟისორები რა საჭიროა? რა, რეჟისორები არ გვყავს? „ჯარისკაცის მამა“ სულ რენი ჰარლინის გადაღებულია რა, მამა უჭყავის!

– ენდი გარსიას რაღას ერჩით? ისიც ხომ ფინელი არ არის?
– ენდი გარსია კარგი მსახიობია. ბოლო-ბოლო, გენიალური ფიდელ კასტროს ქვეყნიდანაა, მას პატივს როგორ არ უნდა ვცემდე, მაგრამ ის, აშკარად, შეცდომაშია შეყვანილი.

– რას გულისხმობთ, ბატონო რამაზ?
– რას ვგულისხმობ? იმას, რომ იცის, განა, ენდი გარსიამ, უთხრა ვინმემ, რომ ის არალეგიტიმური პრეზიდენტის როლს თამაშობს? და რომ ამ პრეზიდენტს მძინარე ცხინვალის დაბომბვაში ედება ბრალი? ისეთი მსახიობისთვის, როგორც ენდი გარსიაა, სირცხვილია ასეთი ადამიანის განსახიერება… ბოლო-ბოლო ამერიკელი ხალხის უდიდესი შვილი – ვინსენტ მანჩინი ყავს განსახიერებული! ახლა ის მთელ თავის კინო-კარიერას ხაზს გადაუსვამს.

– ამ ყველაფერს წერთ თქვენს წერილში?
– რა თქმა უნდა და ხვალ დილიდანვე გადავცემთ მას ბატონ გარსიას… გარწმუნებთ, ის ჭკვიანი ადამიანია და, როგორც კი გაერკვევა სიტუაციაში, მისი დუხი აღარ იქნება გადასაღებ მოედანზე… ჰოდა, ნახავთ აგერ, ქართველ ერს ბოდიშსაც მოგვიხდის.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ენდი გარსიამ ბოდიში მოიხადა!!!

Advertisements