ენდი გარსიამ ბოდიში მოიხადა!!!

როგორც ცნობილია, ჰოლივუდელი კინორეჟისორისა და პროდიუსერის რენი ჰარლინის ახალ ფილმში საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელს, ცნობილ ვარსკვლავ ენდი გარსიას პატრიოტულად განწყობილმა ქართველ ინტელიგენტთა დასმა საპროტესტო ნოტით მიმართა.

როგორც აღნიშნული პროტესტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბატონმა რამაზ კლიმიაშვილმა გვაცნობა, მათი ხმა არ დაკარგულა, ვითარცა ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.
ამის შესახებ ჩვენ ბატონ კლიმიაშვილს გავესაუბრეთ.

– ბატონო, რამაზ, სანამ იმაზე გვეტყოდეთ, ენდი გარსიასადმი თქვენს მიერ მიწერილმა წერილმა რა შედეგები გამოიღო, მაინტერესებს, გუშინდელ გადაღებებზე რას იტყვით? ალბათ იხილეთ, “რუსთავი 2-ის” ეთერში პირდაპირი ჩართვა და პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი.
– ეს იყო სამარცხვინო! სხვა რა უნდა ვთქვა? გაზულუქებული ამერიკელები ტრიბუნაზე იდგნენ და ქართველ ერს ზემოდან დაჰყურებდნენ… ან როდის იყო, ქართველი ერი მასოვკაში იდგა? გაიხსენეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია! ამათ კიდე მასოვკაში შეგვყარეს… მოკლედ, მასხრად აგვიგდეს რა… გუშინ საღამოს მთელმა ჰოლივუდმა დაგვცინა – მე ასე ვხედავ ამ ამბავს.

– მაგრამ, როგორც ამბობთ, თქვენს პროტესტს უკვალოდ არ ჩაუვლია, არადა მთელმა საქართველომ იხილა გუშინ საღამოს, თუ როგორ მიმართა ენდი გარსიამ ამ, როგორც თქვენ სამართლიანად უწოდეთ, “მასოვკაში” შეყრილ ქართველობას…
– მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა გარსიამ გადასაღები მოედანი არ მიატოვა, როგორც ვვარაუდობდი, მან ჩვენ საპასუხო წერილით მოგვმართა და ბოდიში მოგვიხადა.

– მართალს ამბობთ? ენდი გარსიამ ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა?!
– მართლაც ასეა. აი რას გვწერს ის, პატარა ამონარიდი:
“პატივცემულო ბატონო რამაზ…”  აი, ხომ ხედავთ, პატივცემულოთი მომმართავს. ზრდილობიანი ყმაწვილია, ზოგიერთ ვიგინდარას კი არ გავს… ჰო… მაშასადამე, ვკითხულობ თავიდან:

“ბატონო რამაზ, მე გულთან ახლოს მიმაქვს თქვენი წუხილი და კარგად მესმის თქვენი. მერწმუნეთ, ძალიან მრცხვენია ეგეთი კაცის როლის თამაში რომ მიწევს, მაგრამ მსახიობი, მოგეხსენებათ, დამოკიდებული პროფესიაა. რეჟისორის მონაა. ვის როლსაც მოგიჩენენ, ის უნდა განასახიერო… ისე, ამ დასაწვავ კრიზის რა ვუთხარი, თორემ მე მაგის მკადრებელი არ ვიყავი… ბოლო-ბოლო ამერიკელი ხალხის გამოჩენილი შვილი, ვინსენტ მანჩინი მყავს განსახიერებული… ახლა, სახლში რომ დავბრუნდები მარხვაზე უნდა დავჯდე და ჩემი სულის გადარჩენისთვის ვილოცო… გთხოვთ, თქვენც მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში…”

ასე რომ, ჩვენმა მართალმა სიტყვამ მაინც გაჭრა. სხვა თუ არაფერი, ერთი კუბელი ქრისტიანით მეტი ივლის ამერიკის ცოდვილ მიწაზე.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

მოიხდის თუ არა ენდი გარსია ბოდიშს?

Advertisements

One thought on “ენდი გარსიამ ბოდიში მოიხადა!!!”

დისკუსია დახურულია.