ობამა და ბუზი

ტელეკომპანია “რაშმორის მთის” დამფუძნებელმა და ყოველდღიური თოქ-შოუ “სპექტრუმის” წამყვანმა, დეივიდ აიქიუმ განაცხადა, რომ ობამას მიერ CNBC პირდაპირი ეთერით ბუზის მოკვლა სინამდვილეში დადგმული იყო.

ეს ტრიუკი პრეზიდენტს ეკონომიკური კრიზისის ფონზე დავარდნილი რეიტინგის აწევისთვის დაჭირდა, – განაცხადა აიქიუმ. ჩვენ დამოუკიდებელ ექსპერტთა ლიგას ვთხოვეთ ნაჩვენები კადრების შესწავლა და მათი დასკვნა ცალსახაა – ობამას ხელის მოძრაობისა და ბუზის ტრაექტორია ერთმანეთს არ ემთხვევა. აშკარაა, რომ პრეზიდენტს მუჭში მკვდარი ბუზი ჰქონდა წინასწარ დამალული, რომელიც შემდეგ ხალიჩაზე გადმოაგდო.

ის რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს პრეზიდენტი მაიმუნობითაა დაკავებული, კიდევ არაფერი, – განაცხადა დეივიდ აიქიუმ, – მთავარი ისაა, რომ მკვდარი ბუზი სახელმწიფო სახსრებით იქნა შეძენილი. ჩვენ ამის დამადასტურებელი ანგარიშ-ფაქტურაც მოვიპოვეთ და მას ჩვენი ტელეკომპანიით თოქ-შოუ “სპექტრუმის” უახლოეს გამოშვებაში წარმოგიდგენთ.

ამავე დროს, დეივიდ აიქიუმ თავი აარიდა შეკითხვას, გახდება თუ არა ეს სკანდალი პრეზიდენტ ობამას იმპიჩმენტის საფუძველი.
ჩვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის არ ვიბრძვით, – თქვა აიქიუმ, – ჩვენ სიმართლე გვალაპარაკებს.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements