რატომ აირჩია ოპოზიციამ თავშეყრის ადგილად მიუნხენი?

როგორც ცნობილი გახდა, მიუნხენში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, “დაიცავი საქართველოს” ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი მმართველი ეროსი კიწმარიშვილი კონსულტაციების გამართვის მიზნით ბავარიულ მიუნხენში შეიყარნენ.

ჩვენ დავუკავშირდით მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ პეტრე მამრაძეს და ზემოხსენებული შეხვედრის თაობაზე მეტი ინფორმაციის განდობა ვთხოვეთ.
როგორც აღმოჩნდა, მიუნხენს თავისი სიმბოლური დატვირთვაც ჰქონია.

– ბატონო პეტრე, ადასტურებთ თუ არა, რომ ასეთი კონსულტაციები იმართება და რა არის მათი მიზანი?
– რა თქმა უნდა, ვადასტურებ. ბატონი ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციის სხვა ლიდერებთან მართავს შეხვედრას გერმანიის ქალაქ მიუნხენში და ამ კონსულტაციის მთავარი თემა ახალი და მძლავრი ოპოზიციური ერთობის შექმნაა.

– გამოდის რომ, ფორმულა “ყველა მინუს ნოღაიდელი” აღარ მუშაობს?
– ეს სააკაშვიილისა და მისი სატელიტების შემოგდებული ფორმულაა. როგორც ბატონმა ზურაბმა აღნიშნა, ნოღაიდელის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია. ნოღაიდელის სიტყვა კი – ბეჭედია!

– ბატონო პეტრე, როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილი პარიზში ცხოვრობს, რატომ აირჩიეს შეხვედრის ადგილად მიუნხენი?
– თავდაპირველად შეხვედრის გამართვა მართლაც პარიზში იგეგმებოდა – ასეთი იყო, კერძოდ, ოქრუაშვილის შემოთავაზება და მას გაჩეჩილაძეც უჭერდა მხარს – მოგეხსენებათ, ბატონი ლევანი მეღვინეა, მაგრამ ბატონმა ზურაბმა ჩვეული გამჭრიახობით ივარაუდა, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მაინც ლუდი სჯობს და შეხვედრის ადგილად მიუნხენი აირჩია. ნოღაიდელის სიტყვა კი – ბეჭედია! მას სხვა ოპოზიციონერებიც დაეთანხმნენ.

გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ მიუნხენი ყოველთვის იყო ოპოზიციური ბრძოლის ცენტრი. სწორედ აქ დაარსა ლენინმა გაზეთი “ისკრა” 1900 წელს. ულიანოვ-ლენინი, პლეხანოვი, აკსელროდი და სხვა გამოჩენილი რუსი ოპოზიციონრები მიუნხენში გეგმავდნენ რომანოვების ძირმომპალი და სისხლიანი რეჟიმის დამარცხებას.

ასევე, 1923 წელს ოპოზიციურად განწყობილი გერმანელი პატრიოტები: გენერალი ლუდენდორფი, ერნსტ რიომი, რუდოლფ ჰესი და ადოლფ ჰიტლერი სწორედ მიუნხენის ლუდის რესტორან “Bürgerbräukeller”-ში შეიკრიბნენ და გამართეს პოლიტიკური კონსულტაციები, რაც საბოლოოდ ვაიმარის რესპუბლიკის კორუმპირებული ხელისუფლების დამხობით დასრულდა. ასე რომ, მიუნხენი ოპოზიციისთვის ყოველთვის წარმატებული ქალაქი იყო.

– ქართული ოპოზიციის შეხვედრა სად გაიმართა, ბატონო პეტრე? “Bürgerbräukeller”-ში ხომ არა?
– “Bürgerbräukeller” სამწუხაროდ დაანგრიეს და ამერიკელმა იმპერიალისტებმა მის ადგილას სასტუმრო “Hilton” წამოჭიმეს – სწორედ ასე ანადგურებენ მათი სატელიტები – სააკაშვილი და უგულავა ჩვენს საყვარელ თბილისსაც! ამიტომ ქართული ოპოზიცია “Löwenbräukeller”-ში შეიკრიბა. ეს მიუნხენის ერთ-ერთი საუკეთესო ლუდის რესტორანია და ის ბატონმა ზურაბმა შეარჩია – ნოღაიდელის სიტყვა კი ბეჭედია!

– ეგებ, მენიუც გაგვიმხილოთ, ბატონო პეტრე?
– რაღაცა სუში და ბლომანჟე, სააკაშვილს რომ უყვარს, რა თქმა უნდა, სუფრაზე არ ყოფილა… იყო შემწვარი ღორის კანჭი, სოსისი კარტოფილითა და კომბოსტოთი, ვაშლის პეროგი და კრემი ხილის პიურეთი დესერტად… რა თქმა უნდა, შესანიშნავი ლუდი “Löwenbräu”…  გეტყვით იმასაც, რომ ოქრუაშვილის შეთავაზება იყო ე.წ. “ნემეცკი სჩოტით” გადახდა, რაზეც ბატონმა ზურაბმა კატეგორიული უარი განაცხადა და გერმანიაშიც კი (როგორც ჩვენ, ქართველებს გვეკადრება) ჩვეული ნოღაიდელისეული ხელგაშლილობით ყველას მაგივრად თავად გადაიხადა… აგერ, ანგარიშის ასლიც მაქვს. ამ დილით მივიღე სკაიპით.

– გმადლობთ ინტერვიუსთვის, ბატონო პეტრე.
– მადლობა თქვენ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Beer Hall Putsch

Advertisements