აღიარებათა აღლუმი

Koko როგორც ცნობილია, რუსეთისა და ნიკარაგუის შემდეგ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა ახლა უკვე ვენესუელამაც ცნო, მაგრამ, ედუარდ კოკოითის თქმით – ეს მხოლოდ დასაწყისია.

2009 წლის 15 სექტემბერს, სააგენტო იტარ-ტასისთვის მიცემულ ინტერვიუში ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სულ მალე კიდევ ერთი ქვეყანა – დისნეილენდი აღიარებს.
„მე ხელთა მაქვს ოფიციალური წერილი, – განაცხადა კოკოითიმ, რომელსაც ხელს აწერენ დისნელენდის პრეზიდენტი მისი აღმატებულება მიკი მაუსი და პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი გუფი.

მასში დიდი პატივისცემას გვიდასტურებენ და მოხარულნი არიან გვაცნობონ, რომ დისნეილენდის პარლამენტმა დააკმაყოფილა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თხოვნა აღიარების შესახებ და შესაბამის გადაწყვეტილებას პრეზიდენტმა მაუსმა უკვე ხელიც მოაწერა… უახლოეს დღეებში ჩვენ ოფიციალური ვიზიტით გვეწვევა დისნეილენდის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ დონალდ დაკის მეთაურობით…“

თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო დისნეილენდის ვიცე-პრეზიდენტმა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა დირექტორმა ლესლი გუდმანმა.

როგორც მან 2009 წლის 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დისნეილენდი სახელმწიფო არაა და არვის აღიარება არ-აღიარება მათი საქმე არ არის. “მე არ ვიცი, ვინ არის ბატონი კოკოითი, – დასძინა ქალბატონმა გუდმანმა, მაგრამ მზად ვარ გავუგზავნო მას ორი ბილეთი ჩვენი ატრაქციონების მოსანახულებლად“.

ამასთან, ქალბატონმა გუდმანმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, თუ აღიარების რომელ ოფიციალურ წერილზე საუბრობდა თავის ინტერვიუში ედუარდ კოკოითი.

ჩვენი სააგენტოსთვის კი ცნობილი გახდა, რომ მიკი მაუსის მიერ ხელმოწერილი წერილი მართლა არსებობს და ის ცხინვალში პოლიტიკური ნიშნით დევნილმა იმ სახელგანთქმულმა ქართველმა ჟურნალისტმა ჩაიტანა, რომლის სახელსაც არ ახსენებენ და რომელმაც სამხრეთ ოსეთისგან თავშესაფარი მოითხოვა.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements