ჩაჯმული ლიბერალიზმი?

ტელეკომპანია “კავკასიის” გუშინდელი თოქ-შოუ “ბარიერი” მმკ-ის წევრების მხრიდან მათ ოპონენტებზე, მათ შორის ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებზე, ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელ ბექა მინდიაშვილზე და ტელეკომპანიის დამფუძნებელ დავით აქუბარდიაზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა, თავად დავით აქუბარდიას თქმით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ “კავკასიის” შენობასთან შეკრებილ მმკ-ის წევრებს არ მოეწონათ, რომ ისინი დებატებში “აგებდნენ” და თავისი სიმართლის ნოვგოროდულად – მუშტი-კრივით დამტკიცებასა და გადაცემის ჩაშლას შეეცადნენ. “კავკასიის” ოპერატორი, თურმე, იმიტომ უცემიათ, რომ ის “მამაოებს უღებდა”… ჯორჯ ფორმენმა კრივს რომ დაანება თავი, ეკლესიის მსახური გახდა. მოგვიანებით, ანაფორა გაიხადა და კვლავ რინგს დაუბრუნდა – მაგრამ ეს ორის საქმე ერთდროულად არ უკეთებია.

აშკარაა, რომ რელიგიური ექსტრემიზმი საქართველოში ახალ სიმაღლეებს იპყრობს, რუსული “პრავოსლავნი” შავრაზმელობის საუკეთესო ტრადიციებში. იმ ქვეყანაში, რომელმაც გამოტოვა (უფრო სწორად კი – გამოატოვებინეს) განვითარების მთელი ეპოქა, რის შედეგადაც დასავლური დემოკრატიული, სეკულარული სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ, ქვეყანაში სადაც მრავალი წლის მანძილზე ეკლესია უკიდურესი აგრესიულობით გამორჩეული რუსული “დერჟავნი პრავოსლავიეს” ნაწილი იყო და ზაგორსკიდან იმართებოდა, მოგვიანებით კი, უკვე ბოლშევიზმის ეპოქაში, იდევნებოდა და ოპიუმად იყო მონათლული, რელიგიური ფუნდამენტალიზმის გაჩენა – ბუნებრივად მოსალოდნელი იყო, ისევე როგორც რელიგიური ფუნდამენტალიზმის რელიგიურ ექსტრემიზმში გადადინება და რუსული “შავი რაზმის” თარგზე მოჭრილი ზონდერ-ბრიგადების შექმნა… და დეისაძის წიგნი აქ ნამდვილად არაფერ შუაშია.

გუშინდელ “ბარიერში” მმკ-ელებს ძალიან ეწყინათ სიტყვა “ინკვიზიციის” გაგონება – ეგ რა უვიცობაა, ინკვიზიცია ხომ კათოლიკეების მოგონილიაო? ჩვენთან რა ხელი აქვსო? –  რა მნიშვნელობა აქვს, რას დავარქმევთ? რუსული “პრავოსლავიე” ერთი დიდი ინკვიზიცია არ არის? ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ამბავი არ ვიცით? თეთრად გადათხაპნილი ქართული ფრესკები არ გვინახავს? ღირსი მამა, საქართველოს ეკზარქოსი პავლე ლებედევი არ გაგვიგონია? დიმიტრი ყიფიანის ბედ-იღბალი სკოლაში მაინც არ გვისწავლია?

დავივიწყოთ “ავადმყოფად” და “უნიჭოდ” შერაცხული ერეკლე დეისაძე. წარმოვიდგინოთ, რომ ნაბოკოვია ქართველი და მისი “ლოლიტის” პრეზენტაცია ეწყობა… ან უილიამ ბეროუზია ქართველი და “შიშველი საუზმის” გამოცემა სურს… ჯეკ კერუაკი, ნიკოს კაზანძაკისი…

წარმოიდგინეთ, ენდრიუ ლოიდ უებერი რომ ქართველი იყოს და ჩვენს სცენაზე “იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავის” დადგმას ლამობდეს… იქნებ დაგვავიწყდა, რომ სანდრო მრევლიშვილი იძულებული გახდა რეპერტუარიდან მოეხსნა სპექტაკლი “იესო”? ეს მაშინ ხდებოდა, როცა მმკ-ელები ჯერ კიდევ “უსახელო უფლისციხელები” იყვნენ. არცთუ დიდი ხანი გავიდა იმ აყალმაყალის შემდეგ, რაც კაზანძაკისის “ქრისტეს უკანასკნელი ვნების” სკორსეზეული ეკრანიზაციის “რუსთავი 2”-ის ეთერით გაშვების მცდელობამ გამოიწვია – მაშინ ფილმი ტელეკომპანიას საერთოდ ამოაღებინეს ბადიდან (სხვათა შორის, რუსული НТВ იგივეს გაკეთებას არ დათანხმდა).

ლაშა ბუღაძის “პირველი რუსის” ამბავი ხომ სულ ახლახანს ხდებოდა.

ქართველი მასპინძლების საყვარელი გასართობი ტურისტების მამადავითზე აყვანა და იქედან გადმოჭვრეტაა: ქართული, ებრაული, მუსლიმური, სომხური სალოცავები გვერდიგვერდ! მაგრამ დღეს რომ მოინდომოს ვინმემ თუნდაც ქრისტიანული, მაგრამ არა-მართლმადიდებლური ტაძრის აგება მართლმადიდებლურის მეზობლად?

როგორც ამას წინათ გიგა ზედანია ამბობდა რადიო “თავისუფლების” ეთერით, ლიბერალიზმის სისუსტე ისაა, რომ ლიბერალი ყველა აზრს პატივს სცემს, ყველაზე რადიკალურსაც კი. შენ ხარ მტერი, მოღალატე, ერის სირცხვილი – ეუბნებიან ლიბერალს, ის კი პასუხობს: მე თქვენს აზრს პატივს ვცემ, თუმცა არ გეთანხმებითო… ლიბერალიზმის ეს პრინციპები ხელს უწყობს რელიგიური თუ ქსენოფობიური თუ ნეოფობიური თუ კიდევ სხვაფობიური ექსტრემიზმის აღზევებას, მაგრამ სადაც არის ლიბერალიზმის სისუსტე, იქაა ლიბერალიზმის ძალაც  – მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია თავისუფალი გარემოსა და კანონსა და არა “პანიატიებზე” დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა და ლიბერალური, კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო კი ვალდებულია, დაიცვას ეს გარემო. მაშინაც კი, როდესაც კანონის მსახურთა პირადი სიმპათიები ღირსი მამა ჯერი ფალველის მხარესაა, კანონმა უნდა დაიცვას ლარი ფლინტი. სწორედ ამიტომ აქვს თემიდას თვალები ახვეული…

http://www.facebook.com/video/video.php?v=122083674483960
http://www.facebook.com/video/video.php?v=122089227816738
http://www.youtube.com/watch?v=74owMo_LBxY

სხვათა შორის, სიტყვა “კანონი” ქართული არაა, იქნებ, ამიტომაცაა, რომ ბევრს კანონებით ცხოვრებას ისევ რუსულად, “პანიატიებითა” და “ნოვგოროდულად” ცხოვრება ურჩევნია?

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

P.S.
შეგნებულად არაფერს ვამბობ საპატრიარქოზე.
რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ მან უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია მისი სახელით მოქმედი ორგანიზაციებისა თუ ანაფორიანი სასულიერო პირების ქმედებაზე, მაგრამ მოქალაქეთა დაცვის ფუნქცია სახელმწიფოში სწორედ კანონს და შესაბამის ინსტიტუციებს აკისრიათ. სიტყვის თავისუფლებისა და საჯარო სივრცის შეუხებლობის გარანტიას ეკლესიას ვერ მოვთხოვ. ამას სწორედ სახელმწიფოსგან ვითხოვ!

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)