საქართველოს მწერალთა და ხელოვანთა კავშირი ერეკლე “ეკო” დეისაძეს შოთა რუსთაველის სახელობის პრემიაზე წარადგენს, – ამის შესახებ კავშირის პრეზიდიუმის წევრმა, დავით ეგნატაშვილმა განაცხადა. ერეკლე დეისაძე პრემიაზე “ადამიანური განცდების ადამიანურად გამოხატვისა და დასამახსოვრებელი სახეების შექმნისთვის” არის წარდგენილი.
ერეკლე დეისაძე ავტორია წიგნისა “საიდუმლო სირობა”, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათა ღელვის საგნად იქცა, თუმცა ბატონმა ეგნატაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწერალი “ჯილდოზე წარდგენილია არა რომელიმე კონკრეტული ნაწარმოების, არამედ მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობის გამო”.
შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის პრემია 1964 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით დაარსდა და წელიწადში ორჯერ ენიჭებოდა ლიტერატურისა და ხელოვნების იმ წარმომადგენლებს, რომელთა ნაწარმოებები მაღალი იდეურობითა და მაღალი მხატვრული ღირებულებით გამოირჩეოდა. პრემიის გაცემა 2005 წელს დროებით შეწყდა, 2008 წელს კი მისი გაცემა კვლავ განახლდა.
ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ არის ნაჩქარევი ახალგაზრდა, დამწყები მწერლის ესოდენ პრესტიჟულ პრემიაზე წარდგენა, დავით ეგნატაშვილმა ასე უპასუხა:
– მწერლების ასაკის მიხედვით დახარისხება, იმთავითვე არასწორია, – 20 წლის ბარათაშვილმა “ფიქრნი მტკვრის პირას” დაწერა, 17 წლის არტურ რემბომ კი – “მთვრალი ხომალდი”. რადიარდ კიპლინგი 42 წლისა იყო, ნობელის პრემია რომ მიანიჭეს. ახალგაზრდა მწერლებს იქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი, ამიტომ, აუცილებელია, ისინი მათ სამშობლოში დროულად დავაფასოთ და მომავალი დიდი გამარჯვებებისთვის წავახალისოთ.
© Tony Clifton Digital Media Ltd.
© Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
***
მწერალთა კავშირი ერეკლე დეისაძის რუსთაველის პრემიაზე წარდგენას კატეგორიულად უარყოფს!