ქართველი ექსპერტი დოლარის კურსის მკვეთრ გამყარებას პროგნოზირებს!

ცნობილი ქართველი ექსპერტი, მიუმხრობელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი ბ-ნი სოსო ცისკარიშვილი მომავალი კვირიდან ლართან მიმართებაში დოლარის კურსის მკვეთრ გაძვირებას პროგნოზირებს, ამის შესახებ მან ექსპერტთა კლუბის სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:

– მსოფლიო ბაზარზე ცელულოზის ფასი იზრდება, რაც მისგან წარმოებულ ქაღალდსაც აძვირებს. ქაღალდის გაძვირება შესაბამისად ზრდის აშშ-ის ვალუტის თვითღირებულებას, რაც აშშ-ის სარეზერვო სისტემას დოლარის ფასის აწევისკენ გარდაუვლად უბიძგებს, – ბრძანა ბატონმა სოსომ, – ეს მეცნიერულის ენით. ხოლო მდაბიურად კი გეტყვით – როდესაც მომავალ კვირას ბანკში მიბრძანდებით დოლარის შესაძენად, მასში მეტი ლარის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე ამას დღეს აკეთებდით.

ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ გამოიწვევს ქაღალდის გაძვირება ლარის გაძვირებასაც, ბატონმა ექსპერტმა “მიამიტური” უწოდა:

– ჯერ ერთი, აშშ-სა და საქართველოში ემიტირებული (ანუ მდაბიურად რომ ვთქვათ – დაბეჭდილი და ბრუნვაში გაშვებული) ფულის მასის შედარება არ შეიძლება. მეორეც, არავისთვის სიახლე არ უნდა იყოს, რომ აშშ დოლარი მაღალი ხარისხის ქაღალდზე იბეჭდება, ქართული ლარი კი დაბალი ხარისხის, მეორედი გადამუშავებით მიღებულ ქაღალდზე. ასეთი ქაღალდის შოვნა მეორად ბაზარზეც შეიძლება და მისი ფასი უმნიშვნელოვნად თუ გაიზარდა, – განმარტა ბატონმა სოსომ.

ექსპერტთა კლუბის შემდეგი შეხვედრა დაეთმობა საკითხს: ნიანგების პოპულაციის შემცირების გავლენა Lacoste-ს პროდუქციის ფასზე.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

%d bloggers like this: