შავი კალგოტკების ქალაქი

დაგვიანებული პასუხი ელისაბეთ ქადეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვერ წაიკითხავს. 🙂

და ბლოგერ როდრიგო სანტოროს ძალიან კარგი პოტის “ნიჭიერი ქართველების კულტურა” პასუხადაც.

ერთხელ ფრანგი სტუმარი გვყავდა. დაათვალიერა ფოთის პორტი, ბათუმი (სატრანსპორტო გადაზიდვებს უკავშირდებოდა მისი ჩამოსვლა), შემდეგ ტრადიციულ-აუცილებელი კულტურულ-გასტრონომიული პროგრამაც ჩავრთეთ – მცხეთა, ჯვარი, მამა დავითი, ქართული, ებრაული, მუსლიმური, სომხური სალოცავები გვერდიგვერდ (მხოლოდ ჩვენთან! ექსკლუზივი!… არადა, სხვაგანაცაა სინამდვილეში, მაგრამ – მაინც), საფერავი, ხაჭაპური, ხინკალი და სოკო კეცზე…

ბოლოს მითხრა: ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ერთი გამაგებინე, ამ სამხრეთის მზიან ქვეყანაში ამდენი შავკოლჰოტიანი ქალი რატომ დადისო? 🙂 (თავადაც მზიანი მარსელიდან იყო).

არ ვიცი, მაინცადამაინც ქალებზე რატომ მკითხა. ალბათ, იმათ მაგივრად დაცხა, თორემ, შეეძლო ეკითხა – ქართველ მამაკაცებს სულ შავი პერანგები რატომ გაცვიათო.

მაშინ კარგად ვერ აგიხსენი, ლისბეთ და ახლა მინდა, ჩემი ბლოგიდან გიპასუხო.

საქართველო ძველი და ტრადიციების ქვეყანაა.

მართალია, ჩვენ რომ ტრადიციები გავქვს, ბევრი მათგანი რუსებმა მოგვახვიეს თავს (აგერ, სულ რაღაც ბოლო 200 წლის განმავლობაში), მაგრამ სხვა რომ არ გვაქვს? ჰოდა, რაც გვაქვს, იმის სადარაჯოზე ვდგავართ.

ჩვენი ტრადიციული ფერები თალხია. ქალაქი – ნაცრისფერი… ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილმა ის სხვადასხვა ფრად გადათხაპნა, მაგრამ ჩვენ ეს არ მოგვწონს და ველით იმ დროს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, რომ ისევ უკან გადმოვთხიპნოთ. ჩვენს დროშაზეც კი შავი ფერი იყო თეთრს ზევით დატანებული გლოვის ნიშნად… ახლა ის დროშაც აღარ გვაქვს, მაგრამ ჩვენს გულებში ისევ ფრიალებს.

ჩვენი ქანდაკებები მკაცრი იერის ცხენოსნები არიან… თუ ადამიანი ცხენზე არ ზის, ხმალი არ უპყრია და კიდევ იმსიმაღლე კვარხლბეკზე არ დგას, რომ ახლოსაც ვერ მიეკარო, ის რა ქალაქში გამოსაჭენებელია?

ჩვენი დღესასწაულები ან პოლიტიკურია ან რელიგიური. თუ დღესასწაულზე ლოცვა-კურთხევა არ მიიღე, ვინმეს საფლავზე არ მიხვედი ფიცის დასადებად, ტრიბუნიდან ომახიანი სიტყვა არ დასჭექე, მტერს არ დაემუქრე და მოყვარეს… მოყვარესაც არ დაემუქრე – ის რა დღესასწაულია?

ჩვენი გრძნობები დაფარულია. ქართველი წყვილები ქუჩაში ჩახუტებულები არ დადიან. ტრანსპორტში არ ზასაობენ. ხანშიშესული ჭაღარა ცოლ-ქმარიც კი კინოთეატრის ბოლო რიგში იღებს ბილეთებს, რომ იქ იჯეროს გული და ხვევნა-კოცნა-მტლაშა-მტლუშის დროს უეცრად სიდედრის და დედამთილის სულები არ წამოადგეთ თავს მოჟამული სახეებით (“ალისას” პოსტების შეგროვებისას გადავეყარე ამ საარაკო ამბავს :)).

აი, ამიტომ აცვიათ ჩვენს ქალებს შავი კოლჰოტები პაპანაქება სიცხეც რომ იყოს…  შავი ჯინსები, შავი ქურთუკები, შავი პერანგები. მერე რა, რომ მზეა და სამხრეთია? ჩვენ სიცხის არ გვეშინია! ჩვენ ქართველები ვართ, ლისბეთ!

სამაგიეროდ, იმის გვეშინია, თუ ვინ რას იტყვის ჩვენზე. მეზობელი. მეგობარი. ყვავი ჩხიკვის მამიდა და მამიდის გარე ბიძაშვილის თანამშრომლის ძაღლი… ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ – დახვრეტაა! თუმცა, ისიც ავადმყოფობაა, მეზობელს, მეგობარს და ყვავი ჩხიკვის მამიდას სხვა საქმე რომ არ აქვს და ცხვირის ჩასაყოფად უკეთესი ადგილი ვერ მოუძებნია.

არ მომწონს შავი პერანგებისა და კოლჰოტების ქალაქი. თუ შავ ფერზე მიდგა საქმე, მინდა, ჩემი ქალაქის ქუჩებში დადიოდეს ბევრი ემო. იმიტომ კი არა, რომ ძალიან მომწონს ემოები (მართალი ვთქვა, კარგად არც ვიცი, რა არის Emo-soul), უბრალოდ მინდა, ბევრ თინეიჯერს სურდეს, იყოს მათი მშობლებისგან განსხვავებული. რადიკალურად განსხვავებული. ბუნტარი. მამბოხე. ახალგაზრდა ადამიანი აღიარებულ ფასეულობებს არ უნდა იღებდეს. ავტორიტეტებს არ უნდა ეპუებოდეს. ის თავად უნდა ქმნიდეს ფასეულობებს. უნდა სურდეს, თავად გახდეს ავტორიტეტი.

ემოების გარდა, მინდა, ჩვენს ქალაქში დადიოდნენ წითელ-ყვითელ-მწვანე-თმება თინეიჯერები. მინდა, იყოს ბევრი ფერი და ყველა ფერმა თავისი ადგილი მონახოს. და ეს მოხდეს დღეს. მიუხედავად იმისა, რა იყო გუშინ. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება ხვალ.

ჩვენ გვაფრთხობს სიტყვა “დღეს”. ჩვენ გვირჩევნია, მოვიგონოთ წარსული და ვიოცნებოთ მომავალზე. ჩვენ სადღაც მე-3 ნახევარსფეროში ვცხოვრობთ. ქართული კედლის მიღმა. რკინის ფარდა ჩამოიშალა, მაგრამ ის ჩვენს ტვინებში დარჩა.

ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე კონფორმისტი ერი ვართ მსოფლიოში… გორბაჩოვმა რომ “პერესტოიკა” და “გლასნოსტი” გამოაცხადა, ქართველმა მწერლებმა გამოაღეს თავიანთი უჯრები და ისინი ცარიელი აღმოჩნდა. და არა მხოლოდ მწერლებმა – ქართულ (არაემიგრანტულ) კულტურას არ აღმოაჩნდა საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალული ერთი ღირებული ნაწარმოებიც კი, რომლის გამომზეურებაც რამედ ღირდა… და მითი ქართველების “ბუნტარობის” შესახებ საპნის ბუშტივით გასკდა. ქართველმა ხელოვანებმა მშვენივრად იყნოსეს დაწესებული ზღვარი და ოსტატურად მოძრაობდნენ “სუსლოვის კორიდორში”. ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ – დახვრეტაა!

კი მაგრამ, კანონის უპატივცემულობას რაღა ვუყოთ? წითელზე გავლას რაღა ვუყოთ? ქუჩის უადგილო ადგილას გადარბენას რაღა ვუყოთ? იქ, სადაც გერმანელი მშვიდად ელის მწვანეს, ქართველი თავქუდმოგლეჯილი მიქრის – განა ეს ჩვენი თავისუფალი სულის დასტური არაა?

არა.

ტრადიციული რუსული წესია – жить не по закону а по понятиям. ჩვენც არ ვეპუებით კანონს, მაგრამ გაგებით ვცხოვრობთ. მწვანეზე გაჩერება გოიმობაა. სიგარეტის კოლოფის ურნაში ჩაგდებაც გოიმობაა. სადაც სიჩქარის შეზღუდვაა, იქ ასოცით თუ არ გაიქროლე – გოიმი ხარ. კოკა-კოლის ქილა ავტომობილის ფანჯრიდან თუ არ მოისროლე, გოიმად ჩაგთვლიან. ასეთია გაგება და ჩვენ სწორედ მას ვემორჩილებით. სახელმწიფო კანონზე დგას და ფარა ყოჩს ემორჩილება. სახელმწიფოს ადამიანები სწორედ იმიტომ ქმნიან, რომ ბელადის გაჩენა არ დაუშვან.

თორემ, სკანდინავიელებზე “ბესპრედელშიკი” ხალხი არ მინახავს. შინაგანი და გარეგანი თავისუფლების ასეთი სივრცე მე სხვაგან არ შემხვედრია, ისევე, როგორც წითელზე გავლილი მანქანა ან ქუჩაში მოსროლილი ნაგავიც არ მინახავს კოპენჰაგენში. ეს, კანონის პატივისცემის გარდა, კულტურის საკითხია და კულტურის გარეშე თავისუფლებაც არ არსებობს.

***

ამ პოსტის წერა კარგა ხნის წინ დავიწყე. ფორუმზე მქონდა, თუმცა ბლოგზე არ გამომიქვეყნებია. რამდენიმე დღის წინ Rodrigo Santoro-ს ძალიან კარგ წერილს გადავეყარე და ჩემი პოსტის გაბლოგების სურვილიც გამჩნდა. ჰოდა, თუ დაგღალეთ, პრეტენზიებით – აქეთ. 🙂

საზოგადოების გაერთიანება კულტურით არ ხდება, ფაქტიურად ასეთი რამ არ არსებობს, არცერთი მსგავსი დღე არ მოიპოვება, როდესაც ყველა ბედნიერი იქნება, ან ყველა ერთმანეთს ფერადი საღებავის ფხვნილს შეაყრის (თუ არ ვცდები ინდოეთშია ასეთი დღესასწაული), ან პამიდვრობანას ვითამაშებთ, ან ფორთოხლებს დავუშენთ, ან ბალიშებით დავერევით ერთმანეთს. გესმით ხომ რაზე მაქვს საუბარი? ყველანი ქუჩაში გამოვალთ და ვისეირნებთ, ვილაყბებთ, დავისვენებთ (და ეს მარტო რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე არ მოხდება)…

ნიჭიერი ქართველების კულტურა, by Rodrigo Santoro

ვეთანხმები. ზემოთაც ვწერდი ჩვენს დღესასწაულებზე. არ გვაქვს ჩვენ დღეები, რომელსაც ჭრელა-ჭრულა კარნავალის ჩატარება და ფორთოხლების სროლა მოუხდება და არა სამხედრო აღლუმები, ომახიანი სიტყვები და მჯიღის გულ-მკერდში ცემა.

ამერიკაში ჯინსის გამოგონების დღეს ზეიმობენ. ჰოთ-დოგის დღეს აღნიშნავენ. თიხის დღესასწაულიც აქვთ. საფრანგეთში წაბლის დღე აღინიშნება. პომიდვრებით და ფორთოხლებით ბრძოლის ბატალიები ესპანეთში იმართება…

სანამ ჩვენ ნაბიჯის გადავდგამთ, ჯერ იმას ვიძიებთ, “ქართლის ცხოვრებაში” თუა რამე ეგეთი აღწერილი და ჩვენ მამა-პაპებს თუ უსვრიათ ვინმესთვის ფორთოხალი… ხომ შეიძლება მოხდეს რაღაც ღრმა დედააზრისა და ლოცვა-კურთხევის გარეშე?

მაგრამ, როგორც ჩანს, არ შეიძლება. ეს პოსტიც და Rodrigo Santoro-ს პოსტიც ამის დასტურია, რომ არ შეიძლება. იმიტომ, რომ ჩვენც ვიღაცას ვეკითხებით.

გურამ რჩეულიშვილი გამოვიდა ერთხელ ლენინის (მაშინ ასე რქვა) მოედანზე და “ბელადის” ძეგლს თოფი ესროლა. არვისთვის უკითხავს, ისე.

ჩვენ ფორთოხალიც ვერ გვისვრია.:)

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ასევე:

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)

5 thoughts on “შავი კალგოტკების ქალაქი”

  1. rogor ar zasaoben transportshi da me amaze guli mereva.
    chemtvis eg ar aris tavisufleba,
    tavisufleba ufro magal materiebzea.
    mxolod imaze mckdeba guli,. rom 25dekembers shobas ar agvnishnavt, miyvars shoba.

    gulit rom gitxra dzalian grdzei iyo es posti da cota cakitxva gamichirda.
    dzalian bevri ramis shecvla minda garemoshi, ogond amas gavaketeb imit, rom chem saqmeshi viqnebi dzalian magari da chem saqmes bevri ramis shecvla sheudzlia.

    p.s.
    ver vitan amerikas

    Like

    1. ცოტას 🙂 სხვა ქალაქებთან შედარებით ძალიან ცოტას და მოკრძალებით 🙂

      ამერიკას რაც შეეხება… იქ არ იქნები ნამყოფი და როგორ ვერ იტან? 🙂 არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ – ეგ იყო ცნობილი ფრაზა 37-ში. ასე დაგმეს ბევრი და მერე ვინ დახვრიტეს და ვინ გადაასახლეს.

      Like

  2. ui xo bodishi gamomrcha,
    qcevis kultura gvaqvs dzalian dabali,
    shuqnishani, dzirs nagvis dayra da a.sh.

    dziritadad ra problemasac saqartveloshi vxedav, aris ertmanetis cxovrebashi chareva, bogma, mudmivi depresia da aseti kidev bevria, rac dziritadad kompleqsit aris gamocveuli.

    ojaxis kultura da urtiertobebis kultura ar aris, vert vityvi, ucxoetshi sadme aristqo, magram me saqartveloshi vcxovrob da eg madardebs

    Like

დისკუსია დახურულია.