ვისაც, ჩემი არ იყოს, საბჭოთა სკოლის დამთავრება მოუწია და „სსრკ ისტორიის“ სწავლის ბედნიერებაც ხვდა წილად, ალბათ ემახსოვრება ეგრეთ წოდებული „ბელოჩეხების“ ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხის ამბავიც. გამოგიტყდებით, მე პირადად თავის დროზე ამ ამბიდან ვერაფერი გავიგე – ვერც ის, რატომ იყვნენ ჩეხები „თეთრები“, ვერც ის, თუ რატომ აჯანყდნენ და რა ეომებოდათ, თუკი ბოლშევიკებმა ისინი გაათავისუფლეს და სამშობლოში დასაბრუნებლად გზა გაუხსნას და წესიერად ვერც ის, თუ როგორ მოხვდნენ ისინი რუსეთში… ისე, რუსების დატყვევებული ბევრი გამიგია და გათავისუფლებული ცოტა, თუმცა ეს იქეთ იყოს…
ჩეხი და სლოვაკი ლეგიონერები (საბჭოთა და რუსულმა „ისტორიოგრაფიამ“ „ბელოჩეხებად“ რომ მონათლა) პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრია-უნგრეთის არმიის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედრო კორპუსს წარმოადგენდნენ – ჩეხეთისა და სლოვაკეთის ტერიტორია იმხანად ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ბევრ ჩეხსა და სლოვაკს იმპერიის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი გაუღვივა, ანტანტა ცდილობდა ამ მისწრაფების გამოყენებას და პირველ მსოფლიო ომში მისი მოწინააღმდეგე ჰაბსბურგთა იმპერიის დასუსტებას. მათი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა და შეიარაღდა ჩეხურ-სლოვაკური ლეგიონები, რომლებიც ანტანტის მხარეს იბრძოდნენ. ამ ლეგიონთა დიდ ნაწილს ავსტრია-უნგრეთის არმიაში გაწვეული და იქედან გამოქცეული ან ტყვედ ჩავარდნილი მეომრები შეადგენდნენ. ბევრი ჩეხი და სლოვაკი რომანოვების რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის ქვეშ იბრძოდა (ჩემი მტრის მტერი – ჩემი მეგობარია – ქართველებს ეს არ გვესწავლება. ჩვენც ისტორიის მანძილზე ხშირად გვიწევდა სპარსთა მხარდამხარ ყიზილბაშებთან ბრძოლა და პირუკუ… სხვათა შორის, ამავე ლოგიკით, პოლონური და უკრაინული ნაწილები პირველ მსოფლიო ომში ავსტრია-უნგრეთისა და გერმანიის გვერდიგვერდ იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ) – სხვადასხვა შეფასებით პირველ მსოფლიო ომში ანტანტის ჩეხურ-სლოვაკური კორპუსი 40-50 ათას მეომარს ითვლიდა.
ჩეხი და სლოვაკი მებრძოლები განსაკუთრებული თავდადებით და შეუპოვრობით გამოირჩეოდნენ – ეს გასაგებიცაა – ისინი მსოფლიო ბატონობისა და გეოპოლიტიკური გადანაწილებისთვის კი არა – საკუთარი სამშობლოს გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, (რომელიც, როგორც დღეს უკვე ცნობილია, გერმანიის მხარდაჭერით განხორციელდა) ლენინმა გერმანელებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და რუსეთმა პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობა შეწყვიტა. ბუნებრივია, ჩეხ და სლოვაკ სამხედროებს ახალი წითელი არმიის შემადგენლობაში აღარაფერი ესაქმებოდათ – მათ ანტანტის მხარეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიასთან ბრძოლის გაგრძელება სურდათ და 1918 წლის იანვარში ბოლშევიკურ ხელისუფლებასა და ანტანტას შორის მიღწეული შეთანხმებით, ჩეხურ-სლოვაკური კორპუსი საფრანგეთის სამხედრო ხელმძღვანელობას დაექვემდებარა. წითელ არმიას მათთვის ვლადივოსტოკამდე გზა უნდა გაეხსნა, საიდანაც კორპუსს საზღვაო გზით დასავლეთის ფრონტზე გადაიყვანდნენ და ის საფრანგეთის არმიას შეუერთდებოდა.
მაგრამ, ამის ნაცვლად, სამხედრო კომისარმა ტროცკიმ საიდუმლო ბრძანება გამოსცა – რომელიც ჩეხი და სლოვაკი მებრძოლების დაპატიმრებას და მათი, როგორც სამხედრო დამნაშავეებისა და მოღალატეების ავსტრია-უნგრეთისთვის გადაცემას ითვალისწინებდა.
დეპეშა, რომელიც „ტრანსსიბის“ (ტრანს-ციმბირული რკინიგზის) ყველა სადგურს დაეგზავნა ითხოვდა: “Каждый чехословак, замеченный на железной дороге с оружием, должен быть расстрелян на месте. Каждый эшелон, в котором окажется хотя бы один вооруженный, должен быть выброшен из вагонов и заключен в лагерь для военнопленных”. ცხადია, ესეც ლენინის ხელისუფლებისა და გერმანიის (ავსტრია-უნგრეთის მოკავშირის) სამხედრო შტაბის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი იყო. ამ ბრძანების შესრულება ტუხაჩევსკის დაევალა.
1918 წლის მაისში ნოვონიკოლაევსკის (ნოვოსიბირსკის) სადგურ ობთან კაპიტან რადოლა გაიდას ნაწილები იყვნენ განლაგებულნი. ისინი სამხედრო ეშელონს ელოდებოდნენ, რათა ვლადივოსტოკში გადასულიყვნენ. 20 მაისს მას ადგილობრივი ანტი-ბოლშევიკური იატაკქვეშეთის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და ლენინ-ტროცკის გადაწყვეტილებების შესახებ შეატყობინეს. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ წითელი არმიისა და „ვჩკ“-ს ნაწილები ნოვონიკოლაევსკისკენ სწორედ იმ ეშელონით მოემართებოდნენ, რომელსაც ვითომ ვლადივოსტოკში უნდა გადაეყვანა კაპიტან გაიდას დივიზია. დრო ცოტა იყო – 26 მაისს ჩეხმა და სლოვაკმა მებრძოლებმა და ადგილობრივმა ანტი-ბოლშევიკურმა ძალებმა – რომელთა შორისაც გვერდიგვერდ იყვნენ როგორც თეთრი ოფიცრები, ასევე ესერები და ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილო მოსახლეობის წარმომადგენლები – ქალაქი დაიკავეს. „ბრძოლა გაიმართა რევოლუციის სასახლესთან და სამხედრო დასახლებაში. ყველაზე დიდხანს ბრძოლა სწორედ აქ გაგრძელდა, – ჩაწერა კაპიტანმა გაიდამ დღიურში, – დასახლებაში მადიართა და გერმანელთა კარლ მარქსის ბატალიონი იდგა. ქალაქი 40 წუთში ავიღეთ. ჩვენ ორი მებრძოლი დაგვეღუპა და სამი დაგვიჭრეს. “ (კარლ მარქსის ბატალიონი პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი და გადატრიალების შემდეგ ბოლშევიკთა მხარეს გადასული გერმანელებისა და უნგრელებისგან შედგებოდა).
არქივში დაცულია ტროცკის საგანგებო დეპეშა, რომელიც მან ყველა „სოვდეპის“ მისამართით დააგზავნა “Немедленно принять срочные меры к задержке, разоружению и расформированию всех частей и эшелонов чехословацкого корпуса, как остатка старой регулярной армии,” საყურადღებოა, რომ ეს ბრძანება 25 მაისით თარიღდება, მაშინ როდესაც „ბელოჩეხების“ ე.წ. ამბოხი 26 მაისს დაიწყო (მოგვიანებით საბჭოთა „ისტორიოგრაფიამ“ „ამბოხის“ თარიღი პოსტ-ფაქტუმ ჩაასწორა და ერთი დღით ადრე გადმოიტანა – „ვინც წარსულს მართავს – ის მართავს მომავალს“, როგორც წერდა ჯორჯ ორუელი „1984“-ში).
ნოვონიკოლაევსკის ამბებს მოჰყვა მასობრივი შეტაკებები წითელარმიელებსა და ჩეხურ-სლოვაკური კორპუსის დანარჩენ ნაწილებს შორის „ტრანსსიბის“ მთელს გაყოლებაზე. განსაკუთრებით მწვავე ბრძოლები პენზასა და ჩელიაბინსკში გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე წითელარმიელთა 5 არმია იბრძოდა (ტუხაჩევსკის პირველი არმიის თაოსნობით) სულ 65 ათასზე მეტი მებრძოლით, ხოლო „ბელოჩეხების“ რაოდენობა 16 ათასს არ აღემატებოდა, ჩეხებსა და სლოვაკებს სულ რამდენიმე თვე დასჭირდათ ვოლგაზე, ციმბირსა და ურალში ბოლშევიკური ხელისუფლების ასალაგმავად. 1918 წლის 24 დეკემბერს პერმის აღება რადოლა გაიდას მიერ ჩატარებული ყველაზე ცნობილი სამხედრო ოპერაციაა, რომლის დროსაც მან 20’000 ტყვე, 5’000 სარკინიგზო ჯავშანმანქანა და 60 ზარბაზანი იგდო ხელთ. მას გენერალ-მაიორის ჩინი და „ციმბირელი ვეფხვის“ მეტსახელი მიენიჭა. ის კოლჩაკის არმიას ჩაუდგა სათავეში.
კორპუსის ძირითადი მიზანი კვლავ რუსეთის დატოვება და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება იყო – რა თქმა უნდა, იმის განჭვრეტა, თუ რა უბედურებას მოუტანდა ჩეხეთსა და სლოვაკეთს ბოლშევიკური რუსეთის აღორძინება, მათ იმხანად არ შეეძლოთ. ამიტომ 1918 წლის მიწურულს ჩეხურ-სლოვაკური კორპუსის დიდმა ნაწილმა რუსეთი დატოვა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 28 ოქტომბერს ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. თუმცა, თავად გაიდა 1919 წლის ბოლომდე ციმბირში რჩებოდა და ბრძოლას აგრძელებდა (საპირისპირო მხარეს, წითელი არმიის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით გერმანელები და უნგრელები იბრძოდნენ, ამდენად, ჩეხურ-ავსტრო-უნგრულმა დაპირისპირებამ, თითქოს, ევროპიდან ციმბირში გადმოინაცვლა). ბოლშევიკების სიძულვილმა მოგვიანებით ის, სამწუხაროდ, ჩეხ ფაშისტებს დაუკავშირა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა.
© Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.
___
P.S.
პოსტი დაიწერა პრაღის ბლოგისთვის.