7-იანვრის მცველნი – საუნჯე, რომელიც მხოლოდ რუსების ხელშია

როგორ დგება 7 იანვარს 25 დეკემბერი?

ეს დიდი საიდუმლოა. საუნჯეა. დაფარული განძი, რომელსაც მარტო რუსები ფლობენ…

კიდევ სერბები და ქართველები, მაგრამ ჩვენ ორთ რუსებმა გაგვანდეს.

ჰოდა, ვდგავართ მედგრად 7-იანვრის გუშაგნი.

კაი ბატონო, ვიგუშაგოთ, მაგრამ ამ ოხერ პეტერ ჰენლეს გამოგონებას რა ვუყოთ საათი რომ ჰქვია? რა ვუყოთ, დღე-ღამეს რომ გავზომავთ და სულ იოლად დავრწმუნებით – 7 იანვარს დღე-ღამ სწორობა ბარე ორი კვირის უკან მოტოვებული როა?

იტყვიან ხოლმე – ე.წ. ახალი სტილი კათოლიკურიაო, მაგრამ ის მართლმადიდებლური ეკლესიები, რომელნიც 7-იანვრის მცველთაგან განსხვავებით, შობას ასტრონომიულ 25 დეკემბერს ზეიმობენ – ამას არა გრეგორიანული, არამედ შესწორებული იულიუსის კალენდრის თანახმად აკეთებენ. ფორმალურად მაინც.

ესეც რომ არა, კოპერნიკიც კათოლიკე იყო და რა ვქნათ ახლა, ავდგეთ და მზე ისევ დედამიწის გარშემო დავაბზრიალოთ?
ან იმ საიდუმლოს ვინ ამოხსნის, თუ როგორაა რომის წარმართი იმპერატორის, იულიუს კეისრის კალენდარი “ჭეშმარიტად მართლმადიდებლური”?

ისიც მომისმენია, ქრისტეს შობის თარიღი სიმბოლურადაა შერჩეული და მნიშვნელობა არ აქვს, როდის ვიზეიმებთო.

რა თქმა უნდა, ქრისტეს შობის თარიღი სიმბოლურადაა დადგენილი – სრულიადაც არაა შემთხვევითი, რომ 25 დეკემბერი შეირჩა  და დღესასწაული მზებუდობას დაუკავშირდა. მეტიც, ისტორიული თვალსაზრისით ახლა მაცხოვრის დაბადებიდან 2010 კი არა 2014 წელს უნდა ვზეიმობდეთ – როგორც გამოიკვლიეს, დიონისე მცირეს, რომელმაც პირველ საუკუნეში იესოს დაბადების წელი გამოთვალა, შეცდომა გაეპარა.

ჰოდა, თუ ეს ყველაფერი სიმბოლურია – განა არ სჯობს სიმბოლურად მაცხოვრის შობის დღე ქრისტიანთა ერთობის დღედ იქცეს? თუ მაინცადამაინც რუსებთან ერთობის დღედ უნდა დარჩეს?

როდემდე უნდა ვიდგეთ 7 იანვრის მცველებად და როდემდე უნდა ვუძახოთ ნაძვის ხეს, საჩუქრებს, მილოცვებსა და კეთილ სურვილებს საახალწლო და არა საშობაო.

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

The Calendar Controversy

P.S.

ბოლო-ბოლო, ეს სანტა კლაუსი 25 დეკემბერს მთელ საქრისტიანოს რომ ჩამოუვლის და ჩვენთან რომ 2 კვირის მერე მოვა მეორე წრეზე – იმიტომა აქვს ხურჯინი სექენდ-ჰენდული ძონძებით გამოტენილი.

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)