ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ

1988 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა უმნიშვნელოვანესი ვერდიქტი საქმეზე: Hustler Magazine, Inc. vs. Falwell, რომელიც აშშ პრესამ შერაცხა პროცესად “ეშმაკისა ღმერთის წინააღმდეგ”.

1983 წელს ჟურნალმა Hustler გამოაქვეყნა სატირა ცნობილ მღვდელსა და ქადაგზე, ღირს მამა ჯერი ფალველზე – მოგონილი ინტერვიუ, სადაც ფალველი ვითომ ყვებოდა, თუ როგორ გამოთვრა პირველად და ჰქონდა ინცესტი საკუთარ დედასთან. გვერდს მცირე შრიფტით დართული ჰქონდა  წარწერა, რომ მასალა წარმოადგენდა პაროდიას.

ამ პუბლიკაციის მიზანი იყო მორალიზმისა და საზოგადოების ფარისევლობის გაშარჟება იმგვარი უკიდურესი ფორმით, როგორც ეს, ზოგადად, სჩვეოდა Hustler-ის დამფუძნებელსა და გამომცემელს, ლარი ფლინტს.

შეურაცხყოფილმა ჯერი ფალველმა უჩივლა ლარი ფლინტსა და ჟურნალ Hustler-ს. სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში რამდენიმე პროცესი გაიმართა – ახლა ამას არ მოვყვები, ალბათ ნანახი გექნებათ მილოშ ფორმანის 1996 წელს გადაღებული ფილმი The People vs. Larry Flynt (“ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ”) თუკი არ გინახავთ, გირჩევთ, ნახოთ – მაგრამ ბოლოს სარჩელმა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლომდე მიაღწია, რომელმაც 8 ხმით არცერთის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ლარი ფლინტის სასარგებლოდ გამოიტანა.

განჩინებაში ნათქვამია, რომ იდეებისა და მოსაზრებების თავისუფლად გავრცელება  ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა. სიტყვის თავისუფლება არა მხოლოდ კერძო ადამიანის უფლებაა, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელია მთლიანად საზოგადოებისთვის. მოსაზრების თავისუფლად გამოთქმის უფლება არ უნდა შეიზღუდოს აკრძალვებით. 

ეს უფლება აგრეთვე გულისხმობს, რომ დასაშვებია მკაცრი ფორმებით გამოთქმული კრიტიკა იმ საჯარო პირების მიმართ, რომლებიც ჩაბმულნი არიან საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში ან რომელნიც, თავიანთი ავტორიტეტის წყალობით, გავლენას ახდენენ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

სიტყვის თავისუფლება უპირატესია სახელმწიფოს სურვილზე, დაიცვას საჯარო ფიგურები შეურაცხმყოფელი კრიტიკისგან, იმ შემთხვევაში, თუკი ეს კრიტიკა შეგნებულად არ არის მიმართული საზოგადოების დეზინფორმირებისთვის.

Hustler Magazine v. Falwell
U.S. Supreme Court 485 U.S. 46 (1988)

***

ძალიან იოლია დაიცვა ღირსი მამა ჯერი ფალველი. მას დამცველები არასდროს გამოელევა და ეს ძალიან კარგია. ასეც უნდა იყოს.
მაგრამ კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ მან დაიცვას ყველა, მათ შორის ლარი ფლინტიც.
დღე, როდესაც კონსტიტუცია არ დაიცავს ლარი ფლინტის სიტყვის თავისუფლებას,  ღირსი მამა ჯერი ფალველის დამარცხების დღეც იქნება, ვინაიდან მოვა დრო და მის სიტყვის თავისუფლებასაც აღარ დაიცავენ.
სწორედ ამაზეა ეს ფილმი.
და საბჭოთა ჩეხოსლოვაკიაში დაბადებულმა და გაზრდილმა მილოშ ფორმანმა ბევრზე კარგად იცოდა, თუ რა ფილმს იღებდა.

ვფიქრობ, პარლამენტის სესიის გახსნის წინ, ჰიმნი რომ დამთავრდება, დეპუტატებს მილოშ ფორმანის “ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ” უნდა უჩვენონ ხომე.
წელიწადში ორჯერ მაინც.
ეგებაი და გვეშველოს რამე, ჰა?

Creative Commons License © Lord Vader*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

Advertisements

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. May still drive people mad sometimes. :)

One thought on “ხალხი თეა თუთბერიძის წინააღმდეგ”

დისკუსია დახურულია.