რით დაიმსახურა ბენდუქიძემ ლომაიას კრიტიკა?

პარაფსიქოლოგიის მამამ ეკონომიკური რეფორმების მამა ამხილა
მთელი წელია ჩვენი ხელისუფლება უკაცრავად ვართ და “გვაბოლებს” საქართველოს არნახული ეკონომიკური წარმატებებით, რაშიც, ცოდვა გამხელილი ჯობსა და, კორუმპირებული საერთაშორისო ექსპერტები და ინსტიტუციებიც ეხმარებიან – ჯერ იყო და “მსოფლიო ბანკმა” თავის რეიტინგში ოპელიდან მერსედესზე გადაგვსვა, მერე იყო და “უოლ სთრით ჯორნალმა” ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, ლამისაა და, ჰონგ-კონგს ამოგვიყენა გვერდში, ბოლოს, ჩაროზად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია გვეწვია და საქართველომ ეკონომიკური კრიზისი იოლად გადაიტანაო – გვახარა და მომავალ წელს ეკონომიკური ზრდითაც კი დაგვემუქრა…

მაგრამ, როგორც წინაპრებს უთქვამთ – შუბი ხალათში არ დაიმალება.

“დუინგ ბიზნესის” რეიტინგში მოწინავე საქართველოში – ირაკლი ლომაიას ბიზნესი გაკოტრდა. დიახ – პარაფსიქოლოგიის მამა და ექსტრასენსი იძულებული გახდა ბიო-ენერგეტიკული კვლევის ცენტრი და კლინიკა დაეხურა და, ისე რომ ბოლო რამდენიმე თვის იჯარაც არ გადაუხდია, ქვეყანა დატოვა.

მაინც რა გახდა ამის მიზეზი? ამაზე პასუხს თავად ირაკლი ლომაია გვაძლევს – მან გამოსამშვიდობებელი წერილი დატოვა, საიდანაც ირკვევა, რომ წარმატებული ბიზნესის დახურვა ლიბერასტ-ეკონომისტების ნაქებმა ე.წ. ბენდუქიძის რეფორმამ – ანტი-მონოპოლიური სამსახურის გაუქმებამ გამოიწვია.

ჩვენმა ჟურნალისტებმა, პარაფსიქოლოგიის მამასთან დაკავშირება მოახერხეს. ახლა ამ საუბარს შემოგთავაზებთ:

– ბატონო ირაკლი, გამოსამშვიდობებელ წერილში თქვენ, პარაფსიქოლოგიის მამა, ქართულ ეკონომიკური რეფორმების მამას – კახა ბენდუქიძეს ამხელთ და წერთ, რომ ბიზნესი ანტი-მონოპოლიური სამსახურის გაუქმებამ შეიწირა…
– ნამდვილად ასეა. ბევრი პატიოსანი ქართველი ბიზნესმენის მსგავსად, მეც ბენდუქიძის ეკონომიკამ შემიწირა. ქართულ პარაფსიქოლოგიას მონოპოლიები გუდავენ! ბაზარი ორი ადამიანის ხელშია – ერთია მარნეულელი მოგვი მახმუდა, მეორე კი – მკითხავი, ვინმე ჟოზეფინა, რომელიც ქუთაისის ებრალეთა სასაფლაოზე იღებს კლიენტურას. მე არაერთგზის, როგორც პირადად, ისე საჯაროდაც მივმართე საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, რომ აუცილებელია ამ ბაზრის დარეგულირება. საჭიროა, დაიშალოს მონოპოლიები და ყველა პარაფსიქოლოგს, მკითხავს, მჩხიბავსა და ექსტრასენსს მიეცეს საშუალება პატიოსნად მუშაობისა, მაგრამ სამწუხაროდ, საკითხი ადგილიდან ვერა და ვერ დაიძრა.

– ანუ, თქვენ მიგაჩნიათ, რომ პარაფსიქოლოგიის ბაზარი დამატებით რეგულაციას მოითხოვს?
– რა თქმა უნდა! მე მსოფლიოს ოთხგზის პარაფსიქოლოგი ვარ, წელიწადში რამდენჯერმე გერმანიის, ავსტრიის, იტალიის, საბერძნეთის კვლევით პარაფსიქოლოგიურ ცენტრებში ვმუშაობ და დერეგულირებული და ლიბერალური პარაფსიქოლოგიური ბაზარი არსად მინახავს. უნდა არსებობდეს ანტი-მონოპოლიური სამსახური, უნდა არსებობდეს მარეგულირებელი კომისია, უნდა ხდებოდეს ლიცენზირება და გაიცეს ხარისხის სერტიფიკატები… ესე როგორ შეიძლება? საქართველოში რომ დავბრუნდი ბიზნესის დასაწყებად, მეგონა, ევროკავშირში მოვდიოდი და ახლა სპილოს ძვრის ნაპირზე აღმოვჩნდი.

– პრეზიდენტთან შეხვედრა ხომ არ გიცდიათ? იქნებ, მისთვის აგეხსნათ ყველაფერი?
– პრეზიდენტს შევხვდი და მან, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბენდუქიძესთან გასაუბრება მირჩია.

– საინტერესოა, რა გიპასუხათ ბენდუქიძემ? რითი მოახერხა თავის მართლება?
– მოდით, რაც ბენდუქიძემ მიპასუხა, მის სინდისზე დარჩეს… ახლა კი გთხოვთ, ტელეფონის ყურმილი შუბლზე მიიდოთ – მე პარაფსიქოლოგიურ სეანსს ჩაგიტარებთ და ტვინის ხვეულებს გაგისწორებთ.

© Tony Clifton Digital Media Ltd.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

არადა, რა კარგად იწყებოდა ყველაფერი:
ირაკლი ლომაია: ”მე ნამდვილი ექსტრასენსი ვარ, ვიღაც ჰარი პოტერი კი არა”


Advertisements